ჩვენი ბებიების თაობას ჰქონდა გამოთქმები: "სქელი ჯიბე შვილის გამრყვნელი, თხელი - გამზრდელი"; "შვილი მტრულად გაზარდე, მოყვრულად დაგირჩება"; "მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ, მიჩვეულს ნუ გადამაჩვევ". იყო კი ასეთი სტერეოტიპი, რომ ფუფუნება ბავშვს რყვნის. ეჩვევა ფუფუნებას ბავშვი. ის ეჩვევა ყველაფერს ძვირფასს, კარგს, საუკეთესოს და თუ ცხოვრება ისე წავა, რომ ვეღარ შეძლებს ასეთის ყიდვას, ეს იქნება მისთვის დამღუპველი, ჩააგდებს სტრესში, მიაღებინებს ფსიქოტრავმას.
რა საჭიროა ბავშვის ხშირი ჩახუტება და კოცნა? არ სჯობს კრიტიკას მიაჩვიოთ, ვიდრე შექებას?
რა საჭიროა ბავშვს ხიზილალა ჰქონდეს საუზმედ? მიეჩვევა და არ მოუნდება უბრალო ფაფის ჭამა. რა საჭიროა ძვირადღირებული ლამაზი კაბა ეცვას? რა საჭიროა ფრანგული ძვირადღირებული სუნამო მოზარდისთვის? ხვალ რომ აღარ ექნეს, რას იზამს?
უყიდეთ იაფიანი, "სექენდ ჰენდის" კაბები. ტოქსიკური სუნამოები. ზოგადად, ყველაფერი იაფად უნდა იყიდო, რომ მერე არ განიცადო სიკეთის ნაკლებობა.
დიახ. ასე ამბობდნენ უფროსი თაობის ადამიანები და არა მარტო ბავშვებთან მიმართებით! საკუთარ თავებსაც ასე სადისტურად ექცეოდნენ. რა საჭიროა ძვირადღირებული კრემი სახისთვის, კანი ხომ მიეჩვევა მას და როცა ვეღარ შეიძენ, გამოხმება, გამოშრება და ჩამოჭკნება! რატომ უნდა მიაჩვიო სიკეთეებს? სიკეთეები ხომ მუდმივი არ არის და სადმე როდესმე დასრულდება?
უნდა შეეგუო ცუდს, იაფს, უგემურს, არაკომფორტულს. მიეჩვიო ტკივილს. მოემზადო ცუდისთვის.
არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვევა შობს ხასიათს, ხასიათი კი ბედს. რასაც შეეჩვიე, ის აღარ გშორდება.
სიღარიბისა და ტკივილის საშინელი მოლოდინი სიცოცხლის ხალისს გართმევს და ცხოვრებას გიფუჭებს. გაჩვევს შეგუებას გაჭირვებასთან. მოტივაციას გართმევს, იშრომო და იბრძოლო უკეთესი ცხოვრებისთვის! უხარისხო კრემი აშრობს კანს. სიყვარულისა და მოფერების ნაკლებობა აშრობს გულს. ხიზილალაში ბევრი მიკროელემენტი და ვიტამინია, რომელიც გჭირდება და
თუკი შესაძლებელია, მიირთვი ხიზილალა, ჩაიცვი ძვირადღირებული ლამაზი კაბა, ეს ბედის საჩუქარია. და აუცილებელია მადლიერება ამისთვის. ფუფუნება არ რყვნის ბავშვს, თუ მადლიერების გრძნობას გამოუმუშავებ და შრომას მიაჩვევ, ფუფუნების შესანარჩუნებლად გარჯას მიაჩვევ. ერთი მეორეს არ გამორიცხავს! დაე, უყუროს საჩუქრების ლამაზ ყუთებს ღიმილით და კარგი განწყობით.
კარგ განწყობასაც შეჩვევა სჭირდება. განწყობაზე კი ბევრი სიკეთეა დამოკიდებული!