ფსიქოლოგია როცა თავი გამარჯვებული და წარმატებული გგონია, მაგრამ სინამდვილეში მძევალი ხარ 2021, 9 თებერვალი, 0:47 თუ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიცურავ გულწრფელად, პატიოსნად, სამართლიანად, ისე, რომ არავის ატყუებ, აუცილებლად დამარცხდები.. ამ სიტყვაზე ძალიანაც არ უნდა გაგაჟრიალოს, რადგან მამაძაღლურად სუბიექტურია ეს ცნება. ვინც ერთი გადასახედით დამარცხებული ჩანს, მასში უფრო გრძელვადიანი გამარჯვებულის მდგომარეობაა სავარაუდო, რადგან ნებისმიერ წინააღმდეგობას, დარტყმას, ჩაშლას, გაცრუებას ადამიანისთვის გაცილებით მეტი სიკეთე მოაქვს: განიცდის, ნანობს, აანალიზებს, მაგრდება, იბრძმედება, სიმტკიცეს იძენს და, რაც მთავარია, გაცილებით ღრმად შეიცნობს საკუთარ თავს. კი არ მარცხდება და, ღმერთო ჩემო, მდიდრდება! ყველა იმ მდგომარეობის გამოცდილებას იძენს, რაც კი შეიძლება ამქვეყნიერში ადამიანმა განიცადოს. და ამას გარედან ვინმე ბრძენისგან, მასწავლებლისგან, ხელმძღვანელისგან, დედისგან, სწავლულისგან, მწერლისგან კი არა, საკუთარი თავისგან, საკუთარი შიგნეთიდან იგებს! მას, რასაც დამარცხებად მიიჩნევენ, მე გამდიდრებას ვარქმევ, რადგან მაგ მომენტში ყველაზე უკეთ აცნობიერებს თავის ძალას, თავის პოტენციალს, მისთვის ახალი ფასეულობების ნუსხა დგება. როგორი შეგრძნებაა? სიმძიმე, ჩაგლეჯილობა, ტკივილი, მაგრამ სწორედ ამ გრძნობებისას მიედინება გამალებით ცხოვრება პიროვნებაში, დაუზოგავად ურტყამს საკუთარ ტალღებს და სწორედ ამ დარტყმებისგან აცნობიერებს მოკვდავი, რა შეუძლია თვითონ მას და რა შეუძლია ცხოვრებას. თუ დინების მიმართულებით მიცურავ - დიდების, გამარჯვების, ფულის, სიმდიდრის, ავტორიტეტის, საზოგადოებაში მდგომარეობის მოპოვების მიმართულებით და მიზნისთვის ნებისმიერ საშუალებას ამართლებ - შენ ხარ მძევალი... ამ ყველაფრის მძევალი. მძევალი კი, რა გამარჯვების მწვერვალზეც არ უნდა იდგეს, მაინც მძევალია. მდინარის დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან... ორაგულები და კალმახები მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით დაცურავენ 26 2-ს მოსწონს
|