საქართველო რატომ არის ღარიბაშვილის გამონათქვამი ფრანგი ლგბტ პირების თაობაზე მანიპულაციური? 2023, 30 ივნისი, 20:39 იმ ფაქტზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის სამსახურში მყოფი პიროვნება, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. მისი თაოსნობით “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული და ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის შედეგად ჩაფლავებული რუსული კანონი ამის ყველაზე მკაფიო და აშკარა დასტურია, თუმცა ასევე ძალიან საინტერესოა ის შოკისმომგვრელი მანიპულაცია, რასაც როგორც პარტია “ქართული ოცნების” წევრები, ასევე საკუთრივ რუსეთის მარიონეტი პრემიერი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ: კერძოდ, საქმე ეხება გამოკითხვას, რომლის თანახმადაც ფრანგი ახალგაზრდების 22 % აცხადებს, რომ არის ლგბტ პირი.
მსგავსი გამოკითხვის თაობაზე მე ინფორმაციას რუსულ ინტერნეტში, სანქცირებული კომპანია “იანდექსის” ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი. “იანდექსის” ავტორი წერდა, “იპსოსის” კვლევის თანახმად, ფრანგი ახალგაზრდების 22 % თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებსო. ახლა “იპსოსის” აღნიშნული კვლევის მოძიებას შევუდექი და აღმოვაჩინე, რომ ეს კომპანია მართლაც ატარებს მსგავს გამოკითხვებს და შესაბამის სტატიაში საუბარი იყო ევროპის 27 ქვეყანაში, მსოფლიოში და საფრანგეთში ჩატარებულ კვლევაზე, რომლის თანახმადაც ევროპელი Gen Z-ს წარმომადგენელთა 4 % აცხადებს, რომ არის გეი. “იპსოსის” ამ კვლევის თანახმად მართალია, ევროპელი ახალგაზრდების 18 % აცხადებს, რომ განეკუთვნება ლგბტ თემს, მაგრამ აქედან გეი პიროვნებების წილი მხოლოდ ისევ და ისევ 4 %-ს შეადგენს. 9 % ბისექსუალია, 2 % პანსექსუალი, 2 % საერთოდ ასექსუალი, ხოლო 1 % — სხვადასხვა იდენტობების წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ ასექსუალები ის ადამიანები არიან, რომლებსაც არ მოსწონთ სექსი არცერთი სქესის ადამიანებთან. მათ არავისთან არ აქვთ სექსი. როცა პარტნიორები ჰყავთ, ყველაზე მაქსიმუმი, რასაც ისინი მათთან აკეთებენ, კოცნაა. ჰოდა, აი, ამ ორიენტაციის ადამიანებიც ზემოხსენებულ 18 %-ში შედიან. საკუთრივ საფრანგეთს რაც შეეხება, იქაც ისევე, როგორც მეზობელ გერმანიაში ლგბტ თემის წილი ახალი თაობის ადამიანებში მართალია 22 %-ს შეადგენს, მაგრამ აქედან 3 % ასექსუალია, 1 % “სხვა” ორიენტაციის წარმომადგენელი და ლომის წილი აქაც ისევ და ისევ ბისექსუალ ქალებზე მოდის. ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში წინა თაობებთან მიმართებით გაზრდილია ბისექსუალი მოსახლეობის წილი, თანაც ძირითადად ქალებს შორის. გეების წილი როგორც მილენიალების, ასევე Gen X-ის თუ ბეიბი ბუმერების თაობებს შორის უმნიშვნელოდ არის გაზრდილი და ცდომილების ზღვარზეა. მაგრამ აქ აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ არც მხოლოდ ცალკე საფრანგეთი და არც მხოლოდ ცალკე ევროკავშირი არ ხასიათდებიან ზრდის ტენდენციით ლგბტ პირების პროცენტული რაოდენობის თვალსაზრისით. ზრდა არის გლობალური და მოიცავს პლანეტის მთელ ახალ თაობას — Gen Z-ს, რომელიც ყველა წინა თაობასთან მიმართებით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის ბევრად უფრო თავისუფალი. ასე მაგალითად, გლობალურად ლგბტ თემს თავს მილენიალების მხოლოდ 10 % თუ მიაკუთვნებს, ხოლო Gen Z-ს შემთხვევაში ეს რიცხვი 18 %-მდეა გაზრდილი. Gen X-ს რაც შეეხება, პლანეტაზე აღნიშნული თაობის მხოლოდ 6 % აღიარებს თავს ლგბტ თემის წევრად, ხოლო ბეიბი ბუმერებში ეს რიცხვი 4 %-ის ფარგლებშია. ამრიგად, როგორც “იანდექსის” სტატია, ასევე ღარიბაშვილის გამონათქვამი არის მანიპულაციური. ღარიბაშვილი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ლგბტ პირების პროცენტული ზრდა თაობიდან თაობამდე არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეინიშნება, ხოლო ამ გაზრდილ პროცენტში მხოლოდ გეები კი არა, სრულიად სხვადასხვა სექსუალური იდენტობები შედიან. ის იმგვარად აწვდის საქართველოს მოსახლეობას ინფორმაციას, თითქოს საფრანგეთში ახალგაზრდა თაობის 22 % იყოს გეი (რადგან ლგბტ ქართველი ობივატელის შეგნებაში გეის ნიშნავს, რაც თავად ღარიბაშვილმა კარგად უწყის), ხოლო მთელი დანარჩენი მსოფლიო თავადაც კი არ იცვლებოდეს, არამედ შოკირებული შეჰყურებდეს, თუ როგორ ხდება მთელი საფრანგეთი და ევროპა გეი. ამგვარად, ცხადზე უცხადესია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავისი მსგავსი ვირეშმაკული და ვერაგული მანიპულაციებით რუსულ ნარატივს ავრცელებს, რათა ქართველ ხალხს შესძულდეს ევროპა. 76 2-ს მოსწონს 1-ს არა
|