x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ავსტრიელი ექსპერტი: “უკრაინის კონტრშეტევის გაგრძელება მხოლოდ დროის საკითხია”
უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, უკრაინის კონტრშეტევას არსებითი წინსვლა არ მოჰყოლია; უკრაინელებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს რუსეთის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა. რატომ არის რუსული არმია ასეთი ძლიერი თავდაცვაში? არასწორად ხომ არ იქნა პუტინის ჯარის შესაძლებლობები შეფასებული? რა უნდა გააკეთონ უკრაინელებმა წარმატების მისაღწევად?


პოლკოვნიკ მარკუს რაისნერის აზრით, იმას, რაც ამ მომენტში უკრაინა-რუსეთის ომის ხაზზე ხდება, თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ოპერატიული პაუზა. ხდება ძალთა გადაჯგუფება ორივე მხრიდან და ახალი საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადება. ავსტრიელი ექსპერტის აზრით უკრაინის არმიის კონტრშეტევის გაგრძელება მხოლოდ დროის საკითხია.


ომი


უკრაინული არმიისთვის ერთგვარი შოკი იყო ვერტმფრენების ეფექტური გამოყენება რუსული არმიის მხრიდან. რუსებმა კარგად მოახერხეს იოლად გადასატანი თავდაცვითი საარტილერიო საშუალებების კომბინირება ვერტმფრენების ცეცხლთან. ისინი ცეცხლს ვერტმფრენებიდან ეფექტურად უხსნიან შეტევაზე გადასულ უკრაინულ სატანკო შენაერთებს, რასაც უკრაინულმა გენერალიტეტმა რამე აუცილებლად უნდა დაუპირისპიროს.



თუმცა რუსებმა მაინც მძიმე დანაკარგები განიცადეს. ისინი ახლა ცდილობენ ბრძოლებში დამატებითი რეზერვები ჩართონ. თავდაცვით მიზნებს ემსახურებოდა ასევე პუტინის მიერ განხორციელებული ბარბაროსული აქტი — კახოვკის კაშხლის აფეთქებაც. კაშხლის აფეთქების შედეგად მთელი სამხრეთის სივრცე გამოუყენებადი გახდა, რამაც რუსებს შესაძლებლობა მისცა, იქ მყოფი ძალები თავდასაცავად გადაესროლათ.


“ქართული ოცნების” დაქვემდებარებაში მყოფი ტელეკომპანია “ალტ-ინფო” ყოველდღიურად სიხარულით აჩვენებს რუსული არმიის ვერტმფრენები მიერ განადგურებულ დასავლურ ტანკებს. მაგრამ რეალობა შემდეგი გახლავთ: არსებობს გვერდი ინტერნეტში, რომელსაც “ორიქსი” ეწოდება, სადაც სისტემატურად იდება უკრაინაში განადგურებული რუსული ტანკების ფოტოები. ამ გვერდის მონაცემების თანახმად, უკვე განადგურებულია სულ მცირე 2000-მდე რუსული ტანკი. ასეთ კოლოსალურ დანაკარგებთან შედარებით 16 “ბრედლი” და 7 “ლეოპარდი” დიდს არაფერს არ ნიშნავს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას მარკუს რაისნერიც.


ომი

მარკუს რაისნერი


უკრაინელებისთვის რუსულ ვერტმფრენებთან ერთად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ასევე დანაღმული ველების გადასალახავად საჭირო ტექნიკის არქონაც. უკრაინას სჭირდება ისეთი თვითმფრინავები, როგორიცაა მაგალითად ამერიკული A-10, რათა საჭირო მომენტებში რუსული ვერტმფრენების და ადვილად გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის გაუვნებელყოფა მოხდეს.


მაგრამ ყველაზე მწვავედ უკრაინის არმიას დღეს სწრაფი ავიაგამანადგურებლების ნაკლებობა აღენიშნება. სამხედრო საქმის ყველა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ სატანკო შეტევის წინ მოწინააღმდეგის პოზიციები ავიაგამანადგურებლების დახმარებით ინტენსიურად უნდა “დამუშავდეს.” ამ შესაძლებლობას უკრაინული არმია ჯერჯერობით მოკლებული გახლავთ.


მარკუს რაისნერი შიშობს, რომ შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზი 1916 წლის დასავლეთის ფრონტის ხაზს დაემსგავსოს, როცა პოზიციური ომი მრავალი თვის მანძილზე გაგრძელდა და “ანტანტის” სახელმწიფოებმა გარღვევის განხორციელება ვერცერთ მონაკვეთზე ვერ შეძლეს. იგივეზე საუბრობენ სხვა დასავლელი ექსპერტებიც. თუმცა დღეს უკრაინელი მფრინავები უკვე გადიან ინტენსიურ მომზადებას ნატოს წევრ ქვეყნებში. რამდენიმე კვირაში ისინი მზად იქნებიან, რუსულ პოზიციებს ჰაერიდან დარტყმები მიაყენონ და უკრაინულ არმიას გზა გაუთავისუფლონ. აი მაშინ კი პუტინის ჯარს ალბათ მართლა ვეღარაფერი იხსნის დამარცხებისგან.

0
220
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0