x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ამერიკელი სამხედრო ექსპერტი: “ამ ომში რუსეთი უკრაინას ვერ დაამარცხებს”
რუსეთ-უკრაინის ომი ნელ-ნელა თავის დასკვნით და ლოგიკურ ფაზაში შედის; უკრაინა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ავითარებს კონტრშეტევით ოპერაციებს და გარკვეული წარმატებებიც უკვე აქვს. მაგრამ ბევრ ადამიანს აინტერესებს, რამდენად შედეგიანი იქნება უკრაინელთა კონტრშეტევა და მოახერხებს თუ არა ზელენსკის ხელისუფლება საკუთარი სუვერენული ტერიტორიების სრულად გათავისუფლებას აგრესორთა მარწუხებისგან. შეერთებული შტატების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის აზრით უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაცია რეალისტურია, თუმცა არა უახლოეს მომავალში. მისი თქმით, რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა. ამერიკელი ექსპერტის შეხედულებით, პუტინმა გამარჯვების შანსი ხელიდან გაუშვა. Kyiv Independent-თან ინტერვიუში ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კონტრშეტევა უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდება.


ომი


რუსეთის სტრატეგიული მიზანი, შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩავარდა. კრახი განიცადა ასევე კიევის დაკავების მცდელობამაც. მაგრამ ამ ყოველივეს მიუხედავად ამერიკელი გენერლის აზრით კონტრშეტევა “რთული და სისხლიანი” იქნება და უკრაინა საკუთარი მიწების გათავისუფლებას დროის მოკლე პერიოდში ვერ მოახერხებს.


მიუხედავად აგრესორის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნისთვის მთლიანობაში ოპტიმისტური პროგნოზისა, მილი 2023 წლის ბოლომდე უკრაინის გამარჯვებას და ყველა უკრაინული მიწის გათავისუფლებას არ ვარაუდობს. ამერიკულ Defense One-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს მას შეუძლებლად არა, მაგრამ “უაღრესად რთულად შესასრულებელ ამოცანად” მიაჩნია.



იქვე, ამერიკელმა გენერალმა შეაქო უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რომელიც რუსულ თავდასხმებს ძალიან წარმატებით იგერიებს, რაც უთუოდ დაეხმარება ოკუპირებული სახელმწიფოს არმიას კონტრშეტევითი ამოცანის განხორციელების პროცესში.


მილი


მილის აზრით, კარგი იქნებოდა, თუ ბრძოლის ველზე აშკარა წარმატებებს უკრაინა მოლაპარაკებებისთვის გამოიყენებდა, რათა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაეფორმებინა. თუმცა მან აქვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ “მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, თუ როგორ, როდის ან საერთოდ დაიწყებს თუ არა რუსებთან მოლაპარაკებას.”


უკრაინის ხელისუფლებამ კი უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ვერავითარ აზრს რუსეთთან მოლაპარაკებებში ვერ ხედავდა. მართლაც, რა აზრი აქვს მოლაპარაკებების გამართვას ქვეყანასთან, რომელიც დაუყოვნებლივ არღვევს შეთანხმებულ პირობებს, როგორც ეს მან 2008 წელს, საქართველოში ჩაიდინა, როცა შევთანხმდით, რომ თავის ჯარებს გაიყვანდა ჩვენი მიწებიდან, მაგრამ არ გაიყვანა? ამიტომ უკრაინის პოზიცია, სამხედრო ძალის გამოყენებით და დასავლეთის უშუალო მხარდაჭერით გაყაროს ოკუპანტი ქვეყნის ჯარები საკუთარი სუვერენული ტერიტორიიდან, სრულიად გასაგები და გონივრულია. უკრაინას სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ბრძოლით აღადგინოს იურისდიქცია თავის ოკუპირებულ რეგიონებში.


2
377
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
377
  
2023, 14 ივნისი, 0:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 ივნისი, 18:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2