x
image
დავითი ჩუთლაშვილი
თანამედროვე გეოპოლიტიკური მოცემულობა: უნიკალური შანსი, რომელსაც საქართველო ვერ იყენებს
უკრაინის ომმა საქართველოსთვის გააჩინა აბსოლუტურად უნიკალური შანსები და ფანტასტიკური მოცემულობა, რომელიც აქამდე ჩვენს ბედკრულ ქვეყანას არასოდეს არც კი დასიზმრებია! ამ ომის შედეგად მთელმა მსოფლიომ ნათლად დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე, დაინახა ზუსტად იმგვარად, როგორიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არის სინამდვილეში და როგორადაც ჩვენ მას ვხედავდით ათწლეულების და საუკუნეების მანძილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის კარი, რომელსაც რუსული დიპლომატია, რუსული საინფორმაციო ომის ტექნოლოგიები და ევროკავშირსა და აშშ-ში არსებული რუსული აგენტურა გვიბლოკავდა და მყარად გვიკეტავდა, დღეს არის სრულიად იოლად მისაგნები და გახსნილი. ჩვენ მხოლოდ ის გვჭირდება, რომ ხელი გავიწვდინოთ, რათა ის სიკეთეები, რაზეც საუკუნეების მანძილზე ვოცნებობდით — მივიღოთ. მაგრამ ჩვენი უბედურება — ან თუნდაც უიღბლობა, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე გადამწყვეტ, ყველაზე არსებით მომენტში გვყავს პრორუსული, ლაჩარი და სრულიად უგუნური ხელისუფლება.


დღეს, როცა დგას მომენტი, რომელზეც ოცნებობდა ჩვენი ერის ამდენი თაობა ამდენი საუკუნის მანძილზე, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქარს ატანს ჩვენი წინაპრების ნაომარს, ნაოცნებარს, ნაშრომს და ნაჯაფარს.


ჩვენი მოღალატე ხელისუფლება დღეს ჩვენ გვესაუბრება, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს შანსი და ივაჭროს რუსეთთან, რათა ამ ვაჭრობით ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე გაიზარდოს. ამ ბნელ, მაგრამ გაიძვერა ვაჟბატონებს საკუთარი “ბრძნული” პოლიტიკის დასტურად ის მოჰყავთ, რომ შარშან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 10, 1 %-ით გაიზარდა.


კი ბატონო, გაიზარდა! მაგრამ განა დასავლეთთან ურთიერთობაში დღეს კიდევ უფრო მეტად არ გაჩნდა უნიკალური შანსები? ჩვენი მაზანდა რუსეთში თუ გაიზარდა, განა დასავლეთში აღარ გაიზარდა? რომელი დასავლური სახელმწიფო გვეტყვის ჩვენ დღეს უარს ინვესტიციებზე, უპროცენტო კრედიტებზე, ტრანშებზე, გრანტებსა თუ სხვა ფინანსურ დახმარებებზე? 2007 წელს ხომ სწორედ დასავლეთის დახმარებით გვქონდა თორმეტპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, თანაც ისე, რომ დასავლეთს არ ჩამოუსახლებია ათიათასობით ოკუპანტი-დივერსანტი ჩვენი მიწების დასაპყრობად?! და დღეს, როცა გაათმაგებულია ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ, განა დასავლეთს გაუჭირდება, მოგვაწოდოს თუნდაც იმის მეათედი დახმარება მაინც, რასაც უკრაინას აწვდის? ვინ გვეტყვის ამაზე უარს? ვინ ეტყოდა საქართველოს უარს, რომ დიდძალი დასავლური ფინანსური დახმარებით დაეკომპენსირებინა ის ნეგატიური ეფექტი, რასაც ჩვენი მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევდა? დასავლეთი ხომ ამ ნეგატიურ ეფექტს რამდენიმეგზის გადაჭარბებითაც კი აგვინაზღაურებდა?!



მაგრამ ეს ჩვენს ხელისუფლებას არ სურს. ჩვენი ხელისუფლება უარს ამბობს ევროპულ და ამერიკულ ოქროს ფეხსაცმელზე და რუსულ ჯღანებს იხუტებს გულში. ჩვენი ხელისუფლება ათას ოქროზე ამბობს უარს ოცდაათი რუსული ვერცხლის სანაცვლოდ.


არ მესმის, ქართველად დაბადებული და გაზრდილი ადამიანი ისეთი ბნელი, მხდალი, სულელი და მოღალატე რანაირად უნდა იყო, როგორიც არის ჩვენი მთავრობა და ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა დღეს!


ამის მოთმენა და ამის პატიება სრულიად შეუძლებელია.


არავინ ამას არ გაპატიებთ! რასაც თქვენ დღეს საქართველოს უკეთებთ და ქართველ ხალხს უკეთებთ თქვენი სიმხდალით, ღალატით, სიბნელით და გაუნათლებლობით, არცერთი ქართველი არ გაპატიებთ. რუსეთისკენ შებრუნებას, რუსეთთან ვაჭრობის 1, 5-ჯერ გაზრდას, ოკუპანტების მონად ყოფნას და მერე ამ იდიოტიზმის “გონივრულ პოლიტიკად” მონათვლას არ გაპატიებთ არავინ საქართველოში არცერთ შემთხვევაში.


ომი

0
173
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0