x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ისტერია და დამარცხების წინათგრძნობა, რომელიც “ქართულ ოცნებაში” სულ უფრო მატულობს
საქართველოს მოსახლეობის 89 %-ზე მეტი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო ნატოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80 %-ია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3/4-ზე გაცილებით მეტს შეადგენს.


ეს მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერაა. ქართველი ერის მსგავსად პროდასავლურად განწყობილი ერი ჩვენს უახლოეს სამეზობლოში არ არსებობს. ქართველები კარგად აცნობიერებენ იმ უდიდეს სიკეთეებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დასავლურ სტრუქტურებს შეუძლიათ მოიტანონ. ამიტომ ყველა გონიერმა ადამიანმა შესანიშნავად იცის, რომ საქართველოში პრორუსული და ანტიდასავლური პოზიციის დაკავება პოლიტიკური ხარაკირის მსგავსი ქმედებაა.


ოცნება


ამის მიუხედავად, “ქართული ოცნება” მაინც ბედავს, რომ შეფარულად ანტიდასავლური ნარატივები გააჟღეროს ან მათი გაჟღერება დაავალოს საკუთარ პროპაგანდისტებს. შეთქმულების თეორია მითიური “გლობალური ომის პარტიის” შესახებ, იმაზე საუბარი, ვითომ დასავლეთს “ლგბტ დღის წესრიგის” ჩვენთვის თავზე მოხვევა სურს, ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნიშნავს ომს და ევროკავშირი ჩვენ რუსეთთან ღია სამხედრო კონფლიქტში შესვლას გვაიძულებს, ის ნაბიჯებია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ტელევიზიებმა თუ ფეისბუკ-გვერდებმა ბოლო თვეების მანძილზე ძალიან აქტიურად გადადგეს, რათა მოსახლეობის განწყობები შეეცვალათ, რაც სრული კრახით დასრულდა. საქართველოს მოსახლეობა ამ პროპაგანდისტული შტურმის მეშვეობით არათუ ანტიდასავლურად არ განეწყო, არამედ განეწყო კიდევ უფრო პროდასავლურად. NDI-ს და “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების მიხედვით 7 %-ით მოიმატა ევროკავშირის მხარსაჭერამ, ხოლო ნატოს მხარდაჭერა 6 %-ით გაიზარდა. გარდა ამისა, “ქართულ ოცნებას” ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება და ზურგი შეაქციეს საკუთრივ მისმა ერთგულმა მხარდამჭერებმაც, რომლებიც ამ აღვირახსნილ ანტისასავლურ კამპანიამდე ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ ეს პროდასავლური პარტია იყო, ხოლო ბევრი მათგანი, საჯარო მოხელე ნანა მალაშხიას და ლგბტ უფლებადამცველ ემზარ კვარაცხელიას მსგავსად, რომლებიც წარსულში აქტიურად უჭერდნენ მხარს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ ძალას, ახლა უკვე ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციებშიც კი იღებს მონაწილეობას.



ნონა

ნანა მალაშხია


ამ ყოველივედან გამომდინარე “ქართულ ოცნებაში” ისტერია სულ უფრო მატულობს. აქამდე ამ პარტიას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ენდობოდა, რამაც მის ლიდერებს იმის ილუზია გაუჩინა, რომ მათი ამომრჩეველი მათ მიერ ნათქვამ ტყუილსაც კი დაიჯერებდა. მათ ყოვლისშემძლეებად და ღმერთებად წარმოიდგინეს თავი. მათ გაუჩნდათ ყალბი წარმოდგენა, რომ თუ ისინი მოისურვებდნენ, საქართველო უარს იტყოდა თავის ისტორიულ არჩევანზე და რუსეთისკენ შეტრიალდებოდა. როცა დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ მოხდა და მათმა “ვა-ბანკმა” მათთვის სასურველის საპირისპირო შედეგი გამოიღო, სასოწარკვეთილებას მიეცნენ და ახლა უკვე ცდილობენ, სხვადასხვა რუსული ნარატივებისგან შექმნილი გაუგებარი კოქტეილი შესთავაზონ საზოგადოებას, იმ იმედით, რომ ამ კოქტეილის რომელიმე კომპონენტი მაინც იმუშავებს მათ სასარგებლოდ.


მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ აღარ მუშაობს. ქართველი ხალხის მოტყუება არ აღმოჩნდა ასეთი იოლი. ამიტომ რაც დრო გავა, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ისტერია სულ უფრო გამწვავდება და არ არის გამორიცხული, რომ დასკვნით ეტაპზე ამან ძალიან ეგზოტიკური და უცნაური ფორმებიც კი შეიძინოს.

1
102
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
102
  
2023, 16 ივნისი, 23:44
ავ, ავ, ავ ისევ აყეფდა ჩიხუახუა, ქარავანს კი არც ესმის.
0 1 1