x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ოკუპანტი მიგრანტების შემოდინება: საფრთხე, რაზეც აღარავინ საუბრობს
საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი რუსულ საფრთხეს ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს ადეკვატურად. ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა არის რუსეთი და რაზეა წამსვლელი მისი ფაშისტი დიქტატორი. ამიტომ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს პოტენციური საფრთხის მატარებელ პირებად ჩვენ ჯერაც ვერ აღვიქვამთ. ჩვენთვის ისინი ჯერაც არიან უბრალოდ ტურისტები, რომლებსაც უყვართ ხაჭაპური, ხარჩო, ხინკალი, ქინძმარაული და საცივი და ქართული პალმების და ზეთისხილის ხეების ქვეშ, ზღვის სანაპიროზე, ჩრდილში წამოკოტრიალება.


არადა, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს ქვეტექსტების და შორსმიმავალი და ფარული განზრახვების გარეშე.


როცა რუსეთი რაიმე ნაბიჯს დგამს, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, თუ რა სარგებლის ნახვას აპირებს აქედან ის ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შორსმიმავალი პოლიტიკური და სამხედრო ზრახვები დგას ამ ნაბიჯის უკან.


ამიტომ ჩვენ უდიდესი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში უკვე ოკუპანტი ქვეყნის ათიათასობით მოქალაქე მუდმივი ბინადრობის უფლებით არის აღჭურვილი, ცხოვრობს ჩვენს გვერდით და აქედან არსად წასვლას არ აპირებს.



ვინ არის ეს ხალხი? რა უნდათ მათ აქ?


ჩემი აზრით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დასახმარებლად ვლადიმერ პუტინის მხრიდან მოვლენილი ერთგვარი დესანტი, რომელიც სავარაუდოდ ინახავს იარაღს, რათა საქართველოს ხელისუფლებაში პროდასავლური ძალების გამოჩენის შემთხვევაში დაუპირისპირდეს ჩვენს ახლად მოსულ ხელისუფლებას და გაუწიოს მას შეიარაღებული წინააღმდეგობა.


ეს თუ მართლა ასე მოხდა და მოვლენები ძალიან არასასურველი სცენარით განვითარდა, განსხვავებით უკრაინისგან ჩვენ ვეღარ შევძლებთ, აქტიური წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის არმიას აქ შემოჭრის შემთხვევაში, რადგან ჩვენი დედაქალაქი, თბილისი, დაუყოვნებლივ აღმოჩნდება რუსეთის კონტროლქვეშ.


კიევი იმიტომ გადაურჩა ოკუპაციას, რომ იქ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდში კირილ ბუდანოვის სპეცსამსახურებმა შესანიშნავად იმუშავეს და რუსული დივერსიული რაზმები გააუვნებელყვეს, რისი იმედიც ჩვენ ვერანაირად ვერ გვექნება. საქართველოს დღეს ფაქტიურად არ ჰყავს კონტრდაზვერვა. ქართული სპეცსამსახურები სრულიად უუნაროები არიან და რუსეთის დირექტივებს ემორჩილებიან.


ვისაც ჩემი არ სჯერა, მაშინ გაიხსენოს ის ფაქტი, რიმ ქართულ სპეცსამსახურებს არ გამოუვლენიათ და არ დაუპატიმრებიათ რუსეთის არცერთი აგენტი 2012 წლის პირველი ოქტომბრის იმ ავადსახსენებელი დღიდან დღემდე.


ამ პირობებში რასაკვირველია, თბილისში უკვე იარსებებს რუს ჯაშუშ-დივერსანტთა გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც დაუყოვნებლივ შეეცდება საქართველოს ახალი, პროდასავლური ხელისუფლების დამხობას, როგორც კი რუსული “ქართული ოცნება” შეიცვლება.


ამ ყოველივეს მე იმის გამო არ ვწერ, რომ შევშინდეთ. უბრალოდ ყველას ძალიან გთხოვთ — და განსაკუთრებით ეს გეხებათ თბილისელებს და ბათუმელებს — როცა ბინების რუსეთის მოქალაქეებზე გაქირავებას თუ გაყიდვას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდეთ, რას აკეთებთ.


მე არ ვამბობ, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე ტერორისტი, დივერსანტი და საიდუმლო გასამხედროებული დაჯგუფების წევრია, რომელიც შესაფერის მომენტს ელის, რათა მოქმედებაში მოვიდეს და ქართველებს სისხლიანი ანგარიშსწორება მოგვიწყოს. ამ სტატიას საერთოდ არც დავწერდი, ჩვენს ხელისუფლებას, სპეცსამსახურებს და პოლიციას 1 %-ით მაინც რომ ვენდობოდე. მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, რომ ჩვენ რეალურად არ გვყავს არც ხელისუფლება, არც სპეცსამსახურები და არც პოლიცია, რომელიც ამ ქვეყნის სამსახურში დგას?! ამიტომ რასაკვირველია, სრული უფლება გვაქვს, რომ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს ხელგაშლილები და პირზე ღიმილგადაფენილები არ შევხვდეთ.


რუსები

0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0