x
image
დავითი ჩუთლაშვილი
აღმაშფოთებელი ღალატი, რასაც ხელისუფლება “სტრატეგიულ მოთმინებას” უწოდებს
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეებს სისტემატურად იტაცებენ. ყოველდღიურად მიმდინარეობს ბორდერიზაცია — ეგრეთ წოდებული “საზღვრის” გადმოწევა და მასზე მავთულხლართების გაბმა, რასაც დასასრული არ უჩანს. ამ ყოველივეს ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი ყვარელში ჩამოვიდა და ქორწილის გადახდა დააპირა. ამ ფაქტით აღშფოთებულ ადამიანებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ სტუმართმოყვარეობა დაუწუნა და სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხოლო ქართულმა პოლიციამ ჩვენს ქვეყანაში რუსი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრების გამოჩენით აღშფოთებულ ადამიანებს საჩვენებელი დაპატიმრებების სერია მოუწყო.


გგონიათ, “ჯაყოს ხიზნების” რომელიმე უცნობი თავი აღმოვაჩინე, სადაც თეიმურაზ ხევისთავის კლონირების მეშვეობით გამრავლება და ამ კლონების დროში მოგზაურობაა აღწერილი — 2023 წლის საქართველოში, სადაც უამრავი თეიმურაზ ხევისთავი პოლიციელებად, პოლიტიკოსებად და ჩვეულებრივ მოქალაქეებად არის გარდაქმნილი?


არა, ძვირფასო მეგობრებო! ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა თეიმურაზ ხევისთავის კლონების დროში მოგზაურობის თაობაზე. საუბედუროდ ეს ჩვენი ყოველდღიური რეალობაა — შემზარავი ღალატი, რასაც ხელისუფლება “სტრატეგიულ მოთმინებას” უწოდებს!


ხელისუფლება ღალატობს საქართველოს ყველაზე სასიცოცხლო ინტერსებს, როცა დღეს — იმ სრულიად უნიკალურ პერიოდში, როცა ევროკავშირის კარი ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე ღიაა, რაც არ გვღირსებია არასოდეს ჩვენი ბედკრული ისტორიის მანძილზე, საუბრობს დასავლეთში რეალურად არარსებული და გამოგონილი “გლობალური ომის პარტიის” მხრიდან საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაზე.



ეგ კი არადა, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ისეთი განცხადება გააკეთა, რაშიც სიმართლის მარცვალსაც კი ვერ იპოვით. მან პირდაპირ გააფრთხილა ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი “შანტაჟის” იარაღად არ გამოიყენონ:


“მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, თქვენ საქართველოში, მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. მიუხედავად თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა ჩვენს ქვეყანაში, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს. ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი.”


ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ლგბტ თემის ინსტრუმენტალიზაციას აპირებს, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი წელს კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს.


იტყვიან, ევროკავშირში შესვლის სანაცვლოდ კაცებს კაცებზე დაქორწინებას გვთხოვდნენო.


ვერ იტყვიან? სინდისი შეუშლით ხელს, ნამუსი თუ ინტელექტი?


იმას კი არ იტყვიან, პუტინმა დაგვავალა, ყველაფერი ქენით, რათა საქართველო ევროკავშირისა და ნატოსგან დააშოროთო.


არა: კაცები ვართ და კაცების ცოლად მოყვანა გვაიძულესო.


მამისთვის დედის დარქმევა გვაიძულეს, ხოლო დედისთვის — მამისო.


ამ დროს კი შემოდიან და შემოდიან რუსეთის მოქალაქეები და მასიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში. რუსეთის 140, 000-ზე მეტი მოქალაქე დარჩა უკვე ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩვენი მოსახლეობის ლამის 4 %-ს უდრის.


მათ შორის რამდენია აგენტი, რამდენია რუსეთის არმიის გადაცმული ოფიცერი და სამხედრო მოსამსახურე, ვიცით???


ხვალ საქართველოში რუსეთისთვის არასასურველი ხელისუფლება რომ მოვიდეს, ხოლო ამ ხალხმა უცებ იარაღი რომ აიღოს ხელში და თბილისის სტრატეგიული ობიექტები დაიკავოს, ვინ დაგვიცავს?


რა გარანტია გვაქვს, რომ ისინი ამას არ იზამენ?


და მერე ესეც “სტრატეგიული მოთმინებით” უნდა ავხსნათ?


დიახ, ეს არ არის სტრატეგიული მოთმინება. ეს არის პირდაპირი ღალატი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! რუსეთს არ შესწევს ჩვენი დამარცხების უნარი. ანუ იმის უნარი არ შესწევს, რომ სატანკო შენაერთები და ავიაცია შეტევაზე გადმოიყვანოს და რამდენიმე დღეში — სანამ თურქეთიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან სათანადო იარაღს და აღჭურვილობას მოგვაწვდიან და სანამ ზელენსკი რამდენიმე უკრაინულ ბატალიონს შემოგვაშველებს, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი აიღოს. ამიტომ თუ ჩვენ ავუკრძალავთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლას, ხოლო შემოსულებს დეპორტაციას გავუკეთებთ, რუსეთის რეაქცია ამაზე იქნება მაქსიმუმ რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის გაბრაზებული კომენტარი.


ჩვენ დღეს სრულიად დამოუკიდებელი ანტისაოკუპაციო პოლიტიკა შეგვიძლია გავატაროთ და ამას არ მოჰყვება არანაირი ომი.


ამას არ ვაკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მოღალატე და რუსეთის სამსახურში ორგანულად მყოფი ხელისუფლება გვყავს.


ომი


0
362
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0