საქართველო რა უნდა ვქნათ, თუ ბიძინა ივანიშვილი თბილისში რუსულ ჯარს შემოიყვანს? 2023, 13 ივნისი, 20:56 “ქართულ ოცნებას” რომ ხალხის მხარდაჭერის მხრივ საქმე კარგად ვერ აქვს, ამაზე მეტყველებს როგორც სოციოლოგიური კვლევები, ასევე 2021 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც მმართველმა გუნდმა ხმათა 47 %-იც კი ვერ მოაგროვა. დღეს, როცა საზოგადოება ძალიან აღშფოთებულია ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღების მცდელობის, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოყვანის და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტირების გამო, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო დაბალია. ხელისუფლებას მართალია აქვს ხალხის მხარდაჭერის ხელახლა მოპოვების შანსი, თუ ენერგიულ რეფორმებს გაატარებს და ცალსახად პროდასავლურ კურსს აირჩევს, მაგრამ ეს ზღაპრის თემა უფროა, ვიდრე რეალობის. საქართველოს ხელისუფლება ამას არ იზამს, რადგან ის არის რუსეთის მარიონეტი ხელისუფლება. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ერის ნებას. ამიტომ არანაირ რეფორმებს და ევროკავშირის და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას ამ რეჟიმის მხრიდან არ უნდა მოველოდეთ.
ანუ რეალურად დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს სიტუაცია, რომელიც ელექტორალური თვალსაზრისით არის სრულიად უიმედო “ქართული ოცნებისთვის.” მას უკვე აღარ შეუძლია უმრავლესობის გაყვანა 2024 წელს საქართველოს პარლამენტში. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში კი არც ქართული საზოგადოება და აღარც დასავლეთი ამაზე თვალს არ დახუჭავენ; ქუჩაში გამოვა ასიათასობით ადამიანი, რაც ევრომაიდნით დასრულდება. მაშ რისი იმედი აქვს “ქართულ ოცნებას?” რატომ არის ეს ხალხი ასე მშვიდად? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ დამარცხებისთვის სრულიად განწირულები არიან? რა თქმა უნდა, ისინი ამას შესანიშნავად ხვდებიან, თუმცა მაინც არ ღელავენ, რისი ერთადერთი მიზეზიც ჩემი ღრმა რწმენით ის გახლავთ, რომ მათ რუსული ხიშტების იმედი აქვთ. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ არჩევნებში დამარცხების ან ევრომაიდნის შემთხვევაში აქ რუსულ ჯარს შემოიყვანს, როგორც ეს ბენიტო მუსოლინიმ გააკეთა 1943 წელს, როცა იტალიის ჩრდილოეთში სალოს მარიონეტული რესპუბლიკა შექმნა, რომელიც მთლიანად ვერმახტის და Waffen SS-ის ხიშტებს ეყრდნობოდა. დღეს იგივე სიტუაციაა ბელორუსში, სადაც ლუკაშენკას მარიონეტული ხელისუფლება მთლიანად რუსულ ხიშტებს ეყრდნობა. მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარება რომ სრულიად მოსალოდნელი ამბავია, ამაზე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ლევან ვასაძეც უკვე სრულიად ღიად საუბრობს. რა უნდა ვქნათ ჩვენ? უპირველეს ყოვლისა, რუსული ჯარების და სპეცდანიშნულების რაზმების გამოჩენისთვის თითოეული ჩვენთაგანი ფსიქოლოგიურად სრულიად მზად უნდა ვიყოთ. ამის გამო შოკში არ უნდა ჩავცვივდეთ და პანიკას არ უნდა მივეცეთ. 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოსახლეობის 54 %-მა გადავირჩიეთ პროდასავლური ხელისუფლება და ავირჩიეთ ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე საარჩევნო კოალიცია. მსგავს საქციელს რომ უმძიმესი შედეგები ექნებოდა, ამაზე მაშინვე უნდა გვეფიქრა. ახლა ამ შეცდომის გამოსწორების დრო დადგა. ამიტომ რუსეთმა თავისი მარიონეტების დასაცავად თბილისში ჯარები / სპეცდანიშნულების რაზმები თუ შემოიყვანა, ფსიქოლოგიურად არ უნდა გავტყდეთ. ჩვენი რეაქცია ბოლომდე ადეკვატური უნდა იყოს. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არ არის ყოვლისშემძლე სახელმწიფო. მისი რესურსები, განსაკუთრებით კი უკრაინასთან ომის შემდგომ, უაღრესად შეზღუდულია. ჩვენ კი გვაქვს ზღვა და პირდაპირი საზღვარი ნატოს წევრ თურქეთთან, სადაც ამერიკული ბაზებია განთავსებული. და ასევე გვყავს უერთგულესი მეგობარი უკრაინის სახით. საბოლოო ჯამში, საქართველოს თითოეული მოქალაქე ყოველთვის ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მზად მოვლენათა ყველაზე უარესი და კოშმარული სცენარით განვითარებისთვისაც კი. ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც პუტინისგან, ასევე ივანიშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია. 347 1-ს მოსწონს 2-ს არა |
შეუსაბამოა საიტი გამოყენებული იქნას ტვინის გამორეცხვისთვის და მსგავსი დეზინფორმაციების ფრქვევა ხდებოდეს აქედან.
საიტის პრესტიჟი დევს სასწორზე.