საზოგადოება ქართველების ნაწილი, თუნდაც უნებურად ნუ ასრულებთ რუსული სპეცსამსახურების გეგმას-დაშალონ საქართველო 2023, 11 ივნისი, 14:43 გუშინ საქართველოს ერთერთ კუთხეში მომიწია საქმეზე ჩასვლამ, ადგილზე ჩემივე კუთხის-აფხაზეთის წარმომადგენელს უნდა შევხვედროდი. ერთერთ რესტორანში მაგიდას მივუჯექით და ბუნებრივია დაბალ ხმაზე, მეგრულად დავიწყეთ საუბარი. ჯერ ოფიციანტის ამრეზილი მზერა დავიჭირე, მერე გვერდით მაგიდასთან მსხდომების. იმდენად მყარი ფსიქიკა მაქვს, ჩემთვის ნერვების მოშლა პრაქტიკულად შეუძლებელია, შეიძლება შინაგანად გავბრაზდე, მაგრამ ამას გარეგნულად ვერავინ შემამჩნევს. გვერდით მაგიდასთან მსხდომებს ვატყობდი ერთი სული ჰქონდათ ეთქვათ: მეგრულად ნუ საუბრობთ, ქართულად ისაუბრეთო, მაგრამ სავარაუდოდ ვერ გაბედეს, რადგან ორივე საკმაოდ სპორტული აღნაგობის ვართ და თან მიუხედავად ჩემი მცდელობისა მაისური ვერ ფარავდა "გლოკის" პისტოლეტს და ამან უფრო "დააშოშმინათ". ამ დროს რესტორანში შემოვიდნენ რუსები, დიახ რუსები, რადგან უკრაინელები რომ ყოფილიყვნენ ეგრევე მივხვდებოდი, უკრაინაში, ხარკოვში დავიბადე და 14 წელი იქ ვიზრდებოდი და უკრაინელი რუსში არ შემეშლება. რუსები ახალგაზრდები იყვნენ და ხმამაღალი სიცილ-ხორხოცით შემოვიდნენ რესტორანში, 2 მაგიდა გააერთიანეს და ოფიციანტს საკმაოდ ძვირადღირებული სუფრაც გააშლევინეს. გვერდით მაგიდასთან მსხდომებს რეაქციაც კი არ ჰქონიათ მათ ხმაურზე, მე ვერ მოვითმინე და შენიშვნა მივეცი ხმაურის გამო, თავიდან ერთი "ფაშვიანი" აყლაყუდა პროტესტის "ხასიათზე" იყო, მაგრამ პისტოლეტის ლულის ნაწილის დანახვამ ეგრევე დააწყნარა და თანამეინახეებს ხმის დაწევა მოსთხოვა. რესტორნიდან გამოსვლისას გვერდითა მაგიდაზე მყოფებს მივმართე: თქვე ვაი-ქართველებო, თქვენივე სამშობლოს ერთერთი კუთხის წარმომადგენლების მათივე კუთხის ენაზე საუბარზე გაბრაზდით და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ ატეხილ ხმაურზე რეაქცია არა გაქვთ, შემირცხვენია თქვენისთანა ქართველები მეთქი! ხმა არ ამოუღიათ ან რა უნდა ეთქვათ? ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო შემუშავებული ეგრეთ წოდებული "სუსლოვის გეგმა", რომლის თანახმადაც საქართველო უნდა დაშლილიყო იმ შემთხვევაში თუ საქართველო სსრკ-ს დატოვებას შეეცდებოდა. ნურავის ნუ ჰგონია რუსულ სპეცსამსახურებში იდიოტები ისხდნენ, დღესაც ძალაშია ის გეგმა და მაინტერესებს, სამეგრელოს და მეგრელების ლანძღვა-გინებით სოციალურ ქსელებში სპეციალურად შექმნილი ჯგუფებით რატომ ცდილობთ გააკეთოთ რუსული საქმე-სამეგრელოს რეგიონი აფხაზეთივით ჩამოშორდეს სამშობლოს-საქართველოს. როცა შენივე ქვეყნის შვილს მისი კუთხის ენაზე საუბარს უკრძალავ, შეურაცხყოფ მის წარსულს, მის ისტორიას, ამით ხელს უწყობ ტვინნაღრძნობი პროვოკატორების გამრავლებას, რომლებიც პირდაპირ რუსეთზე მუშაობენ და ხან სამეგრელოს ავტონომიას, ხან სულაც დამოუკიდებლობას მოითხოვენ. გაიგეთ ჩემო კარგო ქართველებო, სამეგრელო ყოველთვის იდგა საქართველოს ერთიანობის სადარაჯოზე და ლაზურ-მეგრული და სვანური ან აფხაზური ენების დაწყებით კლასებში სწავლება ან რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება ჩვენს მშობლიურ-ქართულ ენას და ჩვენს სამშობლოს-საქართველოს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, პირიქით ეს უფრო შეკრავს საქართველოს ერთიანობას. გაეროს "ენების დაცვის ქარტია" პირდაპირ მოითხოვს აღნიშნული ენების დაცვას, რატომ არ ასრულებს ხელისუფლება ამ მოთხოვნას? მიცვალებულებზე ცუდის თქმას არა ვარ ჩვეული და არც მე ვიტყვი პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეზე აუგს, მაგრამ ეს ადამიანი პირდაპირ აკეთებდა რუსულ საქმეს, როცა მეგრულ-ლაზურ ენას დიალექტს ეძახდა. ბელგიაში 3 ოფიციალური და ხუთამდე რეგიონალური ენაა, აქვს ან ჰქონია ბელგიას ამის გამო ქვეყნის ერთიანობის პრობლემა?-არ ჰქონია და არც ექნება. არც საქართველოშია მოსალოდნელი ლაზურ-მეგრული, სვანური და აფხაზური ენების ამ რეგიონებში დაწყებით კლასებში სწავლებით სეპარატისტული მოძრაობა მოსალოდნელი. რუსი ემისრები დარბოდნენ სამოქალაქო ომის დროს სამეგრელოში, უნდოდათ აფხაზეთისთვის სამეგრელოც მიეყოლებინათ და საქართველოსთვის დიდი ნაწილი ჩამოეშორებინათ, მაგრამ ეს ემისრები შავ ზღვაში უკრაინელების მიერ ჩაძირული ხომალდის მისამართით გააგზავნეს მეგრელებმა. როცა საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები ეთნოსები საკუთარ ენაზე, სადაც უნდათ და როცა უნდათ მაშინ საუბრობენ, თან ქართულ ენას არ სწავლობენ, შენივე თანამოძმეს არ უნდა შეურაცხყოფდე მეგრულ ან სვანურ ენაზე საუბრის გამო. ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, მით უფრო როცა ამ ოთახში შავი კატა საერთოდ არაა. დიდება ღმერთს, ერთობა საქართველოს!!! 177 4-ს მოსწონს |