საქართველო საქართველოს ხელისუფლების შემზარავი პრორუსულობა 2023, 2 ივნისი, 3:29 პრორუსული საგარეო კურსი რომ ძალიან არაპრესტიჟულია და მთელ მსოფლიოში რუსეთს ღიად მხოლოდ სულ რამდენიმე უღატაკესი ქვეყანა რომ უჭერს მხარს, ამაზე ნათლად მიუთითებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ წამოჭრილ საკითხთათვის ხმის მიცემის თითოეული პროცესი. თვით მსოფლიოს ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც სრულებით არ ესაზღვრებიან რუსეთს და არც მისი პირდაპირი სამხედრო აგრესიის მსხვერპლებს წარმოადგენენ, მაქსიმალურად ერიდებიან, რომ რაიმე ფორმით რუსეთის მხარდამჭერებად დაფიქსირდნენ.
განსაკუთრებით ეს ხდება უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ პერიოდში. დღეს თვით ძველმა და ნაცადმა მოკავშირებმაც კი (მაგალითად ისეთებმა, როგორიც ყაზახეთია), ღიად შეაქციეს ზურგი რუსეთს. ამ ფონზე კიდევ უფრო შოკისმომგვრელია საქართველოს ხელისუფლების საქციელი. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 90 %-ს ევროკავშირი სურს და სადაც რუსეთმა ჩაიდინა არაერთი უსასტიკესი, სისხლიანი და ვერაგული ეთნოწმენდა. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამ ყოველივედან გამომდინარე ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოფილიყო ძალიან ანტირაშისტული და უაღრესად უარყოფითად განწყობილი რუსეთის მთავრობის პირველი პირების მიმართ. სწორედ მსგავსი რეაქცია იქნებოდა ერთადერთი სწორი, ბუნებრივი და ლოგიკური რეაქცია და არა ურთიერთობათა “დათბობა” და “დალაგება.” ამიტომ სრულიად გამაოგნებელია, რომ ეს ასე არ ხდება. და კიდევ უფრო გამაოგნებელი ის არის, თუ რატომ, რისთვის და რის ფასად ითმენს ქართველი ხალხი საკუთარი ხელისუფლების ასეთ შემზარავ პრორუსულობას. საქართველოს ხელისუფლება არის იმაზე შეუდარებლად უფრო პრორუსული, ვიდრე უნდა იყოს ნებისმიერი ოკუპირებული და რუსეთის მიერ არაერთგზის დამოუკიდებლობაწართმეული ქვეყნის ხელისუფლება. საქართველოში ამაზე უფრო პრორუსული ხელისუფლების წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია! მე ღრმად მწამს, რომ თვით სერგო ორჯონიკიძე, იოსებ სტალინი და ფილიპე მახარაძეც კი ვერ მოახერხებდნენ, ყოფილიყვნენ ბიძინა ივანიშვილსა და მის თანაგუნდელებზე უფრო პრორუსულები. ქართველი ერისთვის მიყენებული უდიდესი შეურაცხყოფა და ჩვენი ეროვნული ღირსების ფეხქვეშ გათელვაა ის ფაქტი, რომ ასეთი პრორუსი ხელისუფლება გვყავს. ამას ძალიან ბევრი ერი ვერ მოითმენდა, თუნდაც რუსეთს მისთვის იმის მეათასედი ცუდიც კი არ გაეკეთებინა, რაც ჩვენ გაგვიკეთა. მაგრამ ყველაზე დამაფიქრებელი მაინც “ქართული ოცნების” წევრების საქციელია. ამ უზარმაზარ პარტიაში არავინ არ აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლების ასეთ შემზარავ პრორუსულობას. ამიტომ ამით ძალიან ნათლად ჩანს, თუ რა ფასეულობების მატარებელი ადამიანებისგან შედგება მმართველი პარტია. ეს არის უბრალოდ ძალიან მდარე ღირებულებების მქონე ხალხი, რომელმაც სრულებით არ იცის, თუ რა დროს რომელ საკითხთან მიმართებით რანაირი რეაქცია უნდა იქონიოს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ხალხი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენს ცხოვრებაზე მათ ქცევებს და გადაწყვეტილებებს პირდაპირი გავლენის ეფექტი გააჩნია. დანარჩენ საზოგადოებას მთლად ისეთიც არაფერი დაგვიშავებია, რომ ამხელა განსაცდელი მოგვივლინა ბედმა. 160 2-ს მოსწონს 2-ს არა |
https://www.youtube.com/watch?v=tfbPfuWArcE