საქართველო პოლიტიკური ჯოჯოხეთი, სახელად “ქართული ოცნება” ანუ რატომ ვართ ასეთ ცუდ დღეში 2023, 1 ივნისი, 13:11 საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, ხოლო მსოფლიოს ყველა საპარლამენტო რესპუბლიკა არის გაცილებით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო, ვიდრე საპრეზიდენტო რესპუბლიკების აბსოლუტური უმრავლესობა. მაგრამ საქართველო ამ მხრივაც სრულიად უნიკალური ქვეყანა აღმოჩნდა: აქ საპარლამენტო რესპუბლიკა არის გაცილებით უფრო ერთპიროვნული და გაცილებით უფრო მეტად მოქცეული ერთი არაფორმალური სუბიექტის გავლენის ქვეშ, ვიდრე რომელიმე საპრეზიდენტო რესპუბლიკა არის მოქცეული საკუთარი პრეზიდენტის გავლენის ქვეშ. ეს სრულიად ამოუხსნელ და ჯოჯოხეთურ რეალობას ქმნის, რისი პრეცედენტის პოვნა თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია. ამას შეიძლება შევადაროთ მხოლოდ მუამარ კადაფის ჯამაჰირია ან ძველი რომის იმპერატორების მმართველობა. ისევე, როგორც ლიბიის ჯამაჰირიის დროს, ძველ რომშიც აბსოლუტური იურიდიული ძალაუფლება რეალურ მმართველებს არ გააჩნდათ, თუმცა ისინი მაინც საკუთარი სახელმწიფოების სრული ბატონ-პატრონები გახლდნენ. დღევანდელ დღესაც ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს: იურიდიულად გვყავს პარლამენტი, მაგრამ რეალურად არ გვყავს. არც ჩვენს პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია გარკვეული ფუნქციების შესრულება, არ გააჩნია რაიმე ხელშესახები ძალაუფლება. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, იურიდიული თვალსაზრისით სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონოდა იმხელა ძალაუფლება, რამხელაც მაგალითად მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა 2011 წელს. მოახერხებდა თუ არა ის რაიმეს გაკეთებას და შეძლებდა თუ არა, წინააღმდეგობა გაეწია ბიძინა ივანიშვილისთვის? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვერ შეძლებდა, რადგან მას არ დაემორჩილებოდა არც ქართული პოლიცია, არც სპეცრაზმი, არც არმია და არც საიდუმლო სამსახური. რატომ? იმიტომ, რომ როგორც ქართველი პოლიციელები, ასევე სპეცრაზმელები, ჯარისკაცები და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები შესანიშნავად გრძნობენ, თუ ვინ არის ქვეყანაში რეალური პირველი პირი და მას ემორჩილებიან. ქართველი ძალოვანი უწყებების თანამშრომლები დღეს ემორჩილებიან არა კონსტიტუციას, პარლამენტს, პრეზიდენტს ან რაიმე ინსტიტუტს თუ საკანონმდებლო ნორმას, არამედ ფანტომური ძალაუფლების მქონე უხილავ პირს, რომელიც ყველგან სუფევს და ამავდროულად არსად არ ჩანს. ეს სრულიად ჯოჯოხეთურ რეალობას ქმნის, სადაც სუნთქვა თანდათან სულ უფრო შეუძლებელი ხდება. მე სერიოზულად მეშინია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ივანიშვილი მის უკან მდგომი რუსეთითურთ მაინც შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, თუ მის მიმართ დაუყოვნებლივ არ გატარდა გადამჭრელი ზომები. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რუსმა ოლიგარქმა განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში მოისყიდდა მმართველი ძალის დეპუტატებს და ამ მიზნით თითოეული მათგანისთვის რამდენიმე მილიონი დილარის გადახდაც კი არ გაუჭირდებოდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, მას შეუძლია იგივე გააკეთოს ახალ პარლამენტშიც, თუ არ შეიქმნება ქმედითი და ეფექტური მექანიზმები მსგავსი კოშმარული სცენარით მოვლენების განვითარების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ვერ გვექნება სრულფასოვანი დემოკრატია, სანამ ივანიშვილი არის მილიარდერი და არის პოლიტიკაში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოლიგარქია არადემოკრატიული მმართველობის ყველაზე ჯოჯოხეთური ფორმაა. დროა, ამ ჯოჯოხეთს ბოლო მოეღოს. 225 1-ს მოსწონს 2-ს არა
|