x
image
დავითი ჩუთლაშვილი
5 უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ უნდა აეკრძალოთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა!

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსეთთან “ურთიერთობების ნორმალიზებაზე” საუბარი, რამაც სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყვარელში ვიზიტის შემდეგ სამთავრობო პროპაგანდის ძირითადი ხაზის მნიშვნელობა შეიძინა, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ხელისუფლება სულ უფრო ხშირად საუბრობს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების აღდგენაზე და ხან რუსეთის ფედერაციაში ვითომ მცხოვრები ერთ მილიონამდე ქართველის ყალბ სტატისტიკას იშველიებს, ხან ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძლის” არასწორ და პროპაგანდისტულად დამუშავებულ ინტერპრეტაციას და ხანაც ყოფილი ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს. პარალელურად კი რუსი ვიზიტორები გამოცხადებული არიან საქართველოში დოვლათის შემქმნელ პირებად, რომელთა ინტერესების დაცვაზე მთელი ჩვენი სახელმწიფო ზრუნავს.


არადა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინება რომ ჩვენი ერისთვის უდიდესი საფრთხეა, ამას ქართველმა ერმა სოციალურ გამოკითხვებში არაერთხელ გასცა პასუხი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვას და საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას მიესალმება, თუმცა მათი ხმა ამ ხელისუფლებას არ ესმის. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს თავის დამღუპველ პოლიტიკას.


ქვემოთ საუბარი სწორედ იმაზე გვექნება, თუ რატომ არის “ქართული ოცნების” პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეების შემოშვებასთან დაკავშირებით დამღუპველი. წარმოგიდგენთ იმ 5 ძირითად მიზეზს, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოშვებაზე უარი უნდა ეთქვათ:


1. რუსეთი არის არადემოკრატიული და არასტაბილური სახელმწიფო



რუსეთი დიქტატურაა, სადაც კანონმდებლობის დონეზე მოქმედებს აურაცხელი შეზღუდვა. სახელმწიფო აპარატის უზომო კორუმპირებულობის წყალობით ორგანიზებული კრიმინალი, ჩრდილოვანი ბიზნესი და არადემოკრატიული სახელმწიფოს თანმდევი უამრავი უბედურება რუსეთში ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. ბუნებრივია, როცა სადღაც არსებობს ქვეყანა, რომელსაც აქვს შესანიშნავი კლიმატი, ბუნება, სამზარეულო, ისტორიული ძეგლები და ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო დასავლურთან დაახლოებული კანონმდებლობა, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც იმავე რელიგიას მიეკუთვნებიან, რომელსაც შენ და სადაც შეუზღუდავი გაქვს დარჩენის უფლება, აუცილებლად გადახვალ ასეთ ქვეყანაში საცხოვრებლად.


წარმოიდგინეთ, ამერიკა რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა იყოს და ჩვენ ყველანაირი ვიზის გარეშე რომ შეგვეძლოს იქ წასვლაც, ცხოვრებაც, ლეგალური მუშაობაც და უძრავი ქონების შეძენაც. საქართველოში ვინღა დარჩებოდა?


2. რუსეთის მოსახლეობას ტოტალიტარული მენტალიტეტი აქვს


გაბრიელ გარსია მარკესის თქმით ტოტალიტარიზმი რყვნის საზოგადოებას. რუსების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ხელისუფლებას ისე უყურებს, როგორც სტიქიურ უბედურებას, რომლის დამარცხება ადამიანურ ძალებს აღემატება. ეს არის სრულიად განსხვავებული მენტალიტეტის მქონე, უკიდურესად მორჩილი და ფატალისტური ბუნების მქონე ხალხი, რომელიც საკუთარი მსოფლმხედველობით საქართველოს უკან სწევს განვითარების გზაზე.


3. რუსეთის მოქალაქეებს არ სურთ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება


რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ჰგონია, რომ ჩვენ არ ვართ ცივილიზებული ევროპული ერი. ისინი ჩვენ თავს გვამეტებენ. შესაბამისად, მათ არ სურთ არც ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება და არც ჩვენი ენის შესწავლა.


4. რუსული სპეცსამსახურების საფრთხე


რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა სპეცსამსახურებში მომუშავე მოქალაქეების რაოდენობით 100, 000 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. გარდა ამისა, ის არის ასევე მტრული სახელმწიფო. ამიტომ რუსეთის მოქალაქეებს თავისუფალი შემოსვლის შესაძლებლობა თუ ექნებათ, ამით სპეცსამსახურების ბევრი თანამშრომელი ისარგებლებს აქ დივერსიების მოსაწყობად და ჯაშუშური ქსელის ჩამოსაყალიბებლად.


5. რუსეთის მოქალაქეებს ავტონომიის მოთხოვნა და არეულობის მოწყობა შეუძლიათ


რუსები კომპაქტურად სახლდებიან ძირითადად ბათუმში. მათი ჩამოსახლების პროცესი კიდევ თუ გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, მათ აჭარაში გამოსვლები მოაწყონ და ეს რეგიონი ჩვენ დავკარგოთ. იგივე პროცესი არც სხვა რეგიონებშია გამორიცხული. რუსეთს შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად ჯარი გამოგზავნოს. შესაბამისი ჩანაწერი უკვე არსებობს რუსულ კანონმდებლობაში.


ამრიგად, ნებისმიერი გონიერი ადამიანი ხვდება, თუ რამხელა საფრთხეა ჩვენთვის რუსეთი. ამას “ვერ ხვდება” მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება. თუ რატომ, ესეც ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის ცხადზე უცხადესია.


ომი

0
55
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0