x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რატომ იქნება საქართველოსთვის მეგობრების არყოლა კატასტროფული არჩევანი?
სოციალურ ქსელებში “ქართული ოცნების” ტროლები და ბოტები ძალიან ხშირად იმეორებენ მოარულ ფრაზას იმის თაობაზე, რომ არცერთ ქვეყანას არ ჰყავს მუდმივი მტრები ან მეგობრები და ნებისმიერ ქვეყანას მუდმივი მხოლოდ ინტერესები აქვს.


საუბარი იმის თაობაზე, რომ საქართველოს არ უნდა ჰყავდეს მუდმივი მეგობრები და მხოლოდ “პრაგმატული” ინტერესები უნდა გააჩნდეს ნებისმიერ სახელმწიფოსთან მიმართებით, არის სიბრიყვე, ღალატი და კატასტროფა. თითოეულ ქვეყანას, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანს მეგობრები უმძაფრესად სჭირდება. ადამიანები ვართ სოციალური არსებები. ჩვენ რობოტები ან ცხოველები არ ვართ, რომ მხოლოდ ვაჭრობა, აღებ-მიცემობა, სექსი თუ მწვანილის და ვაშლის გაყიდვა გვაღელვებდეს. ჩვენ გვჭირდება სიყვარული და მეგობრობაც. თუ “ქართული ოცნების” წევრები მართლა ასე ცხოვრობენ, რომ ყველას პრაგმატული თვალით უყურებენ, არც მეგობრები ჰყავთ და არც არავინ უყვართ და მხოლოდ ფული და გამორჩენა აინტერესებთ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ნორმალური და ადეკვატური ადამიანები ასე არ ცხოვრობენ. და ასე არ ცხოვრობენ რასაკვირველია არც ნორმალური და ადეკვატური ქვეყნები. ნორმალურ და ადეკვატურ ადამიანებს და ნორმალურ და ადეკვატურ ქვეყნებს აუცილებლად ჰყავთ მეგობრები. უმეგობროდ დარჩენილი როგორც ადამიანი, ასევე ქვეყანაც ყველაზე საცოდავი და ყველაზე უბედურია.


საქართველო “ვეფხისტყაოსნის” სამშობლოა, სადაც უმაღლეს რანგშია აყვანილი მეგობრობა. მეგობრობის და სიყვარულის იდეაზე თუ უარს ამბობ და მხოლოდ კუჭის და გენიტალიების წამიერი მოთხოვნილებების მიხედვით აპირებ ცხოვრებას, მაშინ შენ არანაირად არ ხარ ქართველი და რეალურად ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის მსგავს ქართველობაწართმეულ და უსამშობლო ადამიანს წარმოადგენ.


ამრიგად, შევთანხმდით, რომ მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჰოდა, ვისთან უნდა ვიმეგობროთ? თუ ამერიკას და ევროპას მეგობრობაზე უარს ვეტყვით, რომელია ის სხვა ძალები, რომლებთანაც ვაპირებთ მეგობრობას? ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპანტი რუსეთი? თუ ინდოეთი, რომელსაც აქვს ჩვენგან სრულიად განსხვავებული რელიგია, კულტურა და ადათ-წესები და რომელსაც იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა გააჩნია? თუ ჩინეთი, რომელსაც კომუნისტური პარტია მართავს?



ან იქნებ ირანი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ჩვენს დასაპყრობად ეჭირა თვალი და რომელსაც ამჟამად ასობით სანქცია აქვს დაწესებული?


ვინ იქნება ჩვენი მეგობარი?


ამის თაობაზე პრორუს პროპაგანდისტებს კვლავაც ერთადერთი მესიჯი აქვთ: პრაგმატიზმი გამორიცხავს მეგობრების ყოლის აუცილებლობას. ჩვენ ვიქნებით სრულიად მარტო, სიტუაციური მოკავშირეების ანაბარა. ანუ თურმე დროებით ვიქნებით მხოლოდ მათთან, ვინც ჩვენ მოგებას მოგვიტანს და ეს ყოფილა ბრძნული თვალსაზრისი.


ეს არათუ ბრძნული, არამედ პირიქით, იმდენად მავნე, ბრიყვული და ტოქსიკური თვალსაზრისია, რომ მას ჩვენი ქვეყნის დაღუპვა თავისუფლად შეუძლია. “სიტუაციური მოკავშირე” არასოდეს სერიოზულად ჩვენ არ შემოგვხედავს. თუ ჩვენ გვექნება ისეთი ქვეყნის იმიჯი, რომელსაც მეგობრები არ ჰყავს და რომელიც ყველასთან მხოლოდ რაღაც გაუგებარ “პრაგმატულ” ურთიერთობებს ამყარებს წუთიერად, ჩვენ ვიქცევით მსოფლიოს ყველაზე გარიყულ ერად. ასეთ პირობებში ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ იმის გარანტიას, რომ დღეს ის რომ ინვესტიციებს ჩადებს, ხვალ მის მტერთან არ გავაბამთ “პრაგმატულ” ურთიერთობას და ჩვენი ყოფილი პარტნიორი მის მიერ ჩადებულ ფულს არ დაკარგავს.


რეალურად ყველაზე სერიოზული პრაგმატიზმი არის სტაბილურობა. სწორედ სტაბილურობასა და საგარეო ორიენტაციის განგრძობითობაზეა დამყარებული ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობა. სრული კატასტროფა იქნება, საქართველოს თითოეული ახალი ხელისუფლება ქვეყნის საგარეო ორიენტაციას საკუთარი ახირებების მიხედვით თუ შეცვლის და ჩვენც ხან პროჩინური ქვეყანა ვიქნებით, ხან პრორუსული და ხანაც პროირანული. ეს გააჩანაგებს და მიწასთან გაასწორებს ჩვენს ეკონომიკას.


რასაკვირველია, ეს შესანიშნავად ესმით პრორუს პროპაგანდისტებსაც. სინამდვილეში ისინი სულაც არ აპირებენ საგარეო ორიენტაციის დღეში ხუთჯერ შეცვლას. “პრაგმატიზმზე” საუბრების მათი მიზანი მხოლოდ დაბნეულობის და გაუგებრობის შემოტანაა ქართული საზოგადოების მერყევ ნაწილში. სხვათა შორის, ისინი ამას გარკვეულწილად წარმატებით ახერხებენ კიდეც.


ომი



0
28
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0