x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სცილასა და ქარიბდას შუა: აირჩევს “ქართული ოცნება” ღიად პრორუსულ კურსს?
უკრაინაში რუსეთის არმიის კატასტროფული მარცხის კვალდაკვალ, რისი კონტურებიც უკვე აშკარად იკვეთება, სულ უფრო მატულობს ვლადიმერ პუტინის სურვილი, რომ სადმე მოიპოვოს თვალსაჩინო გეოპოლიტიკური გამარჯვება. ამიტომ სრულიად ნათლად ჩანს, რომ კრემლი მაქსიმალურად აძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ამ უკანასკნელმა პირდაპირ თქვას უარი ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციაზე და იქცეს ღიად ვასალურ რეჟიმად რუსეთის ჩრდილქვეშ.


მაგრამ ეს რომ იოლი პროცესი არ არის, ამაზე მიუთითებს ის რამდენიმე მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლა, რომელიც უკანასკნელი თვეების მანძილზე საქართველოში გაიმართა. აშკარაა, რომ ქართველი ხალხი არ შეურიგდება რუსეთის იმპერიის განაპირა გუბერნიად ჩვენი ქვეყნის გადაქცევას და აქტიურად იბრძოლებს საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად. მოსალოდნელია, რომ რუსეთის ბატონობის ქვეშ ქვეყნის ღიად გადაყვანის შემთხვევაში მოვლენები უკრაინული ევრომაიდნის სცენარით განვითარდება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად აჭიანურებს ამ პროცესს. მაგრამ მეორეს მხრივ ასევე ნათლად ჩანს, რომ ფარული მოქმედებებით და საბოტაჟით ქვეყნის დასავლური რელსებიდან გადაყვანის პერსპექტივა პუტინისთვის სულ უფრო არამიმზიდველად გამოიყურება. პუტინს უყვარს ბრჭყვიალა გამარჯვებები. მან საქართველო ლანგარზე დადებული და ბოლომდე დაჩოქილი უნდა შეაჩეჩოს საკუთარ მხარდამჭერებს. მისი პროპაგანდისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას არ სჭირდება ისეთი საქართველო, სადაც რუსული კანონები ვერ გადის, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების მიკროავტობუსს ლაყე კვერცხებს უშენენ. ამიტომ ის კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის ქმედებები გახდება კიდევ უფრო ანტიდასავლური, რის გამოც სიტუაცია სულ უფრო ფეთქებადსაშიში და სულ უფრო უკონტროლო შეიქმნება.


ორთქლი ქვაბში


ხელისუფლების ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკით ქართველი ხალხის უკმაყოფილებას ქვაბში დაგროვილი ორთქლის ეფექტი აქვს. როგორც ოდესმე ორთქლი გახეთქს ქვაბს, რომელსაც თავი მჭიდროდ აქვს დახუფული, ასევე ქართველი ხალხის უკმაყოფილებაც ადრე თუ გვიან აუცილებლად იფეთქებს. პუტინის მოუთმენლობა ამ დღესთან სულ უფრო გვაახლოებს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვინ დაიცავს “ქართულ ოცნებას?” დაიცავს თუ არა ქართული პოლიციის და სპეცრაზმის ძირითადი მასა კონსტიტუციის 72-ე მუხლის დამრღვევ ხელისუფლებას?



ეს პერსპექტივა ძალიან საეჭვოა, რადგან საქართველო არ არის მაგ. ბელორუსი, რომელსაც წარსულში თითქმის არ უბრძოლია რუსეთის წინაღმდეგ. პირიქით, საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად ყოველთვის იყო ფლაგმანი რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის. დღეს მიმიკრირებული პრორუსული პროპაგანდა იკვებება ძირითადად ფსევდონაციონალისტური და კვაზიკონსერვატიული ნარატივებით “გეი” და “გარყვნილი” ევროპის და ამერიკის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა მტრის ხატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ჰომოსექსუალების სახით და მისი პოლიტიკით ყველა უკმაყოფილო ადამიანს “ნაციონალის” და “გეი აქტივისტის” იარლიყებს აწებებს. გარკვეულწილად ეს ნარატივი ჯერ კიდევ მუშაობს. მაგრამ ღიად რუსეთთან მიერთების და ევროკავშირსა და ნატოზე უარის თქმის შემთხვევაში ეს უბადრუკი პროპაგანდისტული ხუხულა ჩამოიშლება და “ქართული ოცნება” მიიღებს გაშმაგებული ხალხის უდიდეს და უმძაფრეს პროტესტს. ეს იქნება გამძვინვარებული, სრულიად საშინელი პროტესტი, რომელიც წალეკავს ყველასა და ყველაფერს თავის გზაზე.


ამიტომ “ქართული ოცნებისთვის” ერთადერთი გამოსავალია რუსეთის ხელისუფლებასთან ფლირტის დასრულება და სრულად პროდასავლურ რელსებზე გადასვლა. არსებული სიტუაციიდან ეს ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ეყოფა კი ბიძინა ივანიშვილს ინტელექტი ამის მისახვედრად?


ძალიან ვეჭვობ, ეყოს. ამიტომ ჩანს, ქართველ ერს კიდევ ერთხელ მოუწევს იმის დამტკიცება, რომ თავისუფლებისმოყვარე და დიადი ერია და მონობაში ცხოვრებას არ შეეგუება.


ომი

0
29
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0