საქართველო "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონის მიღებით ორი კურდღლის დაჭერას აპირებენ" - მერაბ მეტრეველი 2023, 3 მაისი, 15:29
„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონი თუ მართლა მიიღეს, უკვე ყოველგვარი მცირე ეჭვის გარეშეც შეგვეძლება ვთქვათ, რომ თავის დროზე ნიკა გვარამიას დაკავება და მერე „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: ევროპას არ მოეცა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი.
გვარამიას დაკავებით ეს მხოლოდ ნაწილობრივ გამოუვიდათ: პირველ ჯერზე არ მოგვცეს, მაგრამ მერე ისევ რომ დაიწყო საუბარი, შეიძლება მაინც მოგვცენ დეკემბერში სტატუსიო, საეჭვოდ დაემთხვა „აგენტების კანონის“ შემოგდება, მაგრამ ამან საბოლოოდ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო: ევროპული მომავლის დასაცავად ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ეს ევროკავშირში ისე მოეწონათ, უფრო გაიზარდა სტატუსის მოცემის ალბათობა, დაიწყეს საუბარი, რომ ქართველ ხალხს უნდა მივცეთო. ჰოდა, ახლა მოულოდნელად ეს „ლგბტ პროპაგანდის საწინაააღმდეგო“ კანონი ჩნდება. სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა ის, რაც პოსტის პირველ აბზაცში დავწერე? თან ამ ჩანაფიქრის მთელი მზაკვრობა იმაშია, რომ, როგორც ჩანს ფიქრობენ, მარტის აქციებისგან განსხვავებით ამ თემის გასაპროტესტებლად ქუჩაში ბევრი ხალხი არ გამოვა. ანუ მაშინ ჰქონდათ გათვლა, არასამთავრობოების დასაცავად ვინ გამოვაო, მათ აგენტებად გამოცხადების გამო თავს ვინ შეიწუხებსო, მაგრამ შეცდნენ, კინაღამ რევოლუცია მიიღეს. ჰოდა, ახლა გადაწყვიტეს მათი აზრით, უფრო არაპოპულარულ სეგმენტს დაარტყან. თან როგორც ჩანს, ამ კანონის ინიცირებით ორი კურდღლის დაჭერას აპირებენ: ერთი, რომ მათი აზრით, ლგბტ-ს დასაცავად არავინ გამოვა და ამ კანონით მაინც ჩავშლით კანდიდატის სტატუსის მიღებას, რადგან ევროკავშირი ამას არ გაგვიტარებსო და მეორე: თან უკვე ფაქტად გვექნება, რომ ევროპა გეების გამო არ გვიღებს და კიდევ უფრო მეტად მოვახდენთ დასავლეთის დისკრედიტაციას, ნახეთ, ევროკავშირი სტატუსის სანაცვლოდ რას გვთხოვსო. არადა, მარტში ხალხი ქუჩაში არასამთავრობოების დასაცავად კი არ გამოვიდა, არამედ ევროპული მომავლის. ეს ვერ გაიგეს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ“, - წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. შეგახსენებთ, კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად წარადგინა პოლიტიკურმა პარტიამ „კონსერვატიულმა მოძრობამ”, რომელიც ტელეკომპანია „ალტ-ინფოს” წამყვანებთან ერთად მოამზადა. პროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში და ჩაიწეროს, რომ იკრძალება „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“. კანონპროექტში ვკითხულობთ:
ცვლილების თანახმად, კანონის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე. ორგანიზატორი კი დაჯარიმდება 5000 ლარით, ან 30 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით. როგორია "ქართული ოცნების" პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით? ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, მან აღნიშნა, რომ "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ კანონის მიღება არ განიხილება. "ქართულ ოცნებაში არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება - ასე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე - არ განიხილება და ამას აქვს თავისი არგუმენტები. მათ შორის მთავარია, სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება. მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომელიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს და მესამე, მე პირადად და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ შეიძლება ვიღაც მართალი აღმოჩნდეს ან არა. ანუ პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ, არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა ჯობია დაუპირისპირდეს. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მისაღები და მესამე, შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი და ამიტომ, ჩვენთან არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება", -განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ახლოვდება 17 მაისი, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას. შარშან ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში. ქართულმა ეკლესიამ, ამ დღის გადასაფარად, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ამ მიზეზით თავად იკავებს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ლგბტ აქტივისტებს უკვე წლებია, არ ეძლევათ საშუალება, ეს დღე საჯარო სივრცეებში თაავისუფლად აღნიშნონ. 216 2-ს მოსწონს
|