x
image
თორ ნიკე
დემენცია
დემენცია


დემენცია (Dementia) ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მახსოვრობის, აღქმის უნარის, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი ფუნქციების დარღვევით გამოიხატება. ხშირად დაავადება პროგრესირებს, თან სდევს სოციალური დეზადაპტაცია და შესაძლოა დაინვალიდებაც გამოიწვიოს. დემენცია უპირატესად ასაკოვან პირებს შორის არის გავრცელებული.


არსებობს დემენციის რამდენიმე კლასიფიკაცია. უნდა ითქვას, რომ ეს პათოლოგიური მდგომარეობა თავისი არსით წარმოადგენს სხვა დაავადების სიმპტომს. ამის კვალობაზე გამოყოფენ:

1. ნევროლოგიურ და სისხლძარღვოვან დაავადებასთან (მაგალითად ალცჰაიმერის დაავადებასთან ან თავის ტვინის ათეროსკლეროზთან) დაკავშირებულ დემენციას;


2. შინაგანი ორგანოების დაავადების (მაგალითად ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობის) შედეგად აღმოცენებულ დემენციას;

3. ინტოქსიკაციით (მაგალითად, ალკოჰოლით, დარიშხანით, აზოტის ნარევებით მოწამვლით) განპირობებულ დემენციას.


მოხუცებულებში დემენციის მიზეზი ხშირად წამლების ხანგრძლივი გამოყენებაა. ჩვეულებრივ, ასეთი რამ შეიმჩნევა რამდენიმე პრეპარატის ერთდროულად, თანაც არაადეკვატურად დიდი დოზით მოხმარებისას. ასეთი დემენცია შექცევადია - წამლების მოხსნის შემდეგ გაივლის. ინტელექტისა და მახსოვრობის დროებითი შესუსტება ყველაზე ხშირად საძილე საშუალებებით, ანტიდეპრესანტებით, ჰიპოტენზიური (წნვის დამწევი) და ანტიარითმიული პრეპარატებით არის განპირობებული.


სიმპტომები და მიმდინარეობა

მოხუცებულთა ჭკუასუსტობას ნელი და პროგრესირებადი მიმდინარეობა ახასიათებს. პირობითად გამოყოფენ ამ ფსიქიკური დაავადების რამდენიმე სტადიას: საწყისს, საკუთრივ დემენციის სტადიას და ტერმინალურს, რომელსაც ფიზიკურ და ფსიქიკურ მარაზმსაც უწოდებენ.

დემენციის, სხვაგვარად - მოხუცებულობის ფსიქოზის ადრეულ ნიშანს წარმოადგენს პიროვნების დამახასიათებელ თვისებათა გამძაფრება და ზოგადად ხასიათის დამძიმება. მაგალითად, პრინციპულობა, რომელიც უწინ ახასიათებდა პიროვნებას, წვრილმან სიჯიუტესა და თავნებობაში გადადის. ასეთ პაციენტებთან ურთიერთობა ძნელია, ისინი მუდმივად უკირკიტებენ სხვებს, იჩენენ არამოტივირებულ აგრესიას, უხეშობასა და არაკეთილსინდისიერებას. დროთა განმავლობაში ეს ყოველივე იმდენად მძაფრდება, რომ მათი ატანა გარშემომყოფებს უფრო და უფრო უჭირთ. პაციენტების მთელი ძალისხმევა საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისა და ინტერესების გატარებისკენ არის მიმართული. ისინი ეგოისტურები და მომთხოვნები ხდებიან, სულ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვენ, თავიანთი ქცევა იდეალური, ხოლო დამსახურებები - ფასდაუდებელი ეჩვენებათ.


დემენციის სტადიაში წინ წამოიწევს ინტელექტუალურ შესაძლებლობათა საგრძნობი დაქვეითება. უფრო და უფრო ღრმავდება მეხსიერების დარღვევა, რომლის უკიდურეს გამოვლინებას წარმოადგენს ამნეზიური დეზორიენტაცია. ამ დროს პაციენტებს არამცთუ ახლობლების (შვილის, მეუღლის, დედმამიშვილის), არამედ საკუთარი სახელის გახსენებაც არ შეუძლიათ, საკუთარ თავს მამის ან შვილის სახელით მოიხსენიებენ.


მეხსიერების დარღვევებთან ერთად ზოგიერთს იპოქონდრიული ხასიათის ბოდვებიც ახასიათებს. ასეთ დროს მოხუცებულები მეტისმეტად არიან დათრგუნულები, განუწყვეტლივ ტირიან, ჩივიან და მოთქვამენ, რომ მათ ცუდად ექცევიან, არ აჭმევენ საჭმელს, პარავენ ნივთებს და ა.შ.


დემენციით შეპყრობილ პაციენტებს ერღვევათ ძილი, კერძოდ ეცვლებათ ძილ-ღვიძილის ნორმალური რიტმი. ღამით არ სძინავთ, დღისით კი მოდუნებულები არიან და გამუდმებით თვლემენ. ძილიც ზედაპირული და ხანმოკლე აქვთ. არცთუ იშვიათია მხედველობითი ჰალუცინაციები.


ტერმინალურ სტადიაში ფსიქიკის დეგრადაცია ისეთ დონეს აღწევს, რომ პაციენტებს არ ესმით გარესამყაროს ელემენტარული მოვლენები, ვერ ასხვავებენ საკვებად ვარგის პროდუქტს უვარგისისგან. მეტყველება წყდება. პაციენტები საწოლში მოკუნტულები წვანან. ამ სტადიაში ადვილად ვითარდება ნაწოლები, ფილტვების ანთება და სეფსისი, რაც არის კიდეც სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი.


მოხუცებულთა ჭკუასუსტობა ქრონიკული დაავადებაა, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 5-6 წელიწადს შეადგენს. მასიური ათეროსკლეროზის, ხშირი ინსულტისა და ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზის ფონზე დაავადება უფრო ავთვისებიანად მიმდინარეობს და ლეტალური დასასრულიც უფრო ადრე დგება.


დიაგნოსტირება

დემენციის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს: სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს; ნევროლოგიურ გამოკვლევებს; თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT), თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRT) და სეროლოგიურ ტესტებს. შეიძლება საჭირო გახდეს სხვა კვლევების ჩატარებაც.


მკურნალობა

დემენციის მკურნალობა მჭიდროდ უკავშირდება მისი წარმომავლობის დიაგნოსტირებას, შემდეგ კი ძირითადი დაავადების მკურნალობას. გარდა ამისა, ინიშნება შემდეგი პრეპარატები:

1. პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს აცეტილქოლინერგულ სისტემაზე;

2. ნეირომეტაბოლურად მოქმედი პრეპარატები;

3. ანტიქოლინესტერაზული პრეპარატები;

4. რეცეპტორებზე მოქმედი პრეპარატები;

5. ნეიროლეპტიკები;

6. ანტიდეპრესანტები;


პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია:

1. დაბალანსებული კვება;

2. მავნე ჩვევებზე უარის თქმა (სიგარეტი, ალკოჰოლი, რასაკვირველია ნარკოტიკები);

3. მუდმივი ფიზიკური ვარჯიში;

4. სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;

5. არტერიული წნევის კონტროლი;



წყარო: მედიცინის დიდი ცნობარი - სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია. ტომი I; 2016. ავტორები: ნინო ჩარგეიშვილი, თამარ მამაცაშვილი. გვ. 239-240;



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;

15. ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები;

16. ტვინის აბსცესი;

17. ალცჰაიმერის დაავადება;

18. ანოსმია;

19. ასთენია;

20. ატაქსია;

21. ატროფია;

22. აუტიზმი;

23. აფაზია;


კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0