x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რატომ არის ევროკავშირსა და რუსეთს შორის ტოლობის დასმა არაადეკვატურობა და ღალატი?
საქართველოში პრორუსული ჯგუფების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ ევროკავშირი სუვერენიტეტს ისევე გვართმევს, როგორც რუსეთი და ჩვენ ევროკავშირისგანაც ისევე უნდა დავიცვათ თავი, როგორც რუსეთისგან ვიცავთ.


მსგავსი ფრაზები თითქოს ჭეშმარიტებას გამოხატავს, მაგრამ ეს ასეა მხოლოდ მაშინ, როცა საკითხის არსს ზედაპირულად აღვიქვამთ და მის სიღრმეში არ ვიყურებით. რეალურად კი ტოლობის დასმა ევროკავშირსა და რუსეთს შორის მავნებლობა, უგუნურება და ღალატის ტოლფასი ქმედებაა. ახლავე აგიხსნით, რატომ:


ევროკავშირი დემოკრატიულია, რუსეთი კი არა


რუსეთის ყველაზე ფანატიკური დამცველებიც კი არ ამბობენ არასოდეს, რომ ის დემოკრატიული ქვეყანაა, რადგან ყველა ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ოთხი ვადით გახდა პრეზიდენტი და 23 წელიწადზე მეტია ქვეყანას ერთპიროვნულად მართავს. თვით ნებისმიერ ოდნავ დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი მსგავსი ფაქტი წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენს საზოგადოებაში სრული კონსენსუსი გვაქვს იმის თაობაზე, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის. ხოლო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რაც შეეხება, იქ მრავალპარტიულობა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მუდმივი მონაცვლეობა და პოლიტიკური პლურალიზმი ჩვეულებრივი მოვლენებია და ჩვენ ამასაც კარგად ვამჩნევთ.



ევროკავშირის მართვაში წევრი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას, რუსეთს კი მხოლოდ თავისი დიქტატორი მართავს


მართლაც, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას გაერთიანების მმართველობით ორგანოებში საკუთარი ადგილი აქვს. იქნება ეს ევროპის პარლამენტი, ევროპული საბჭო, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური, ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროპის აუდიტორთა სასამართლო, ევროკომისია თუ ევროკავშირის საბჭო, თითოეულ წევრს ყველა ამ ინსტიტუტსა და მმართველობით რგოლში საკუთარი ხმა აქვს და ყველა მათგანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ახდენს გავლენას.


უფრო მეტსაც გეტყვით: ევროკავშირში პატარა ქვეყნებს (და საქართველო რომ პატარა ქვეყანაა, ამაზე მგონი არავინ ვკამათობთ) იმაზე გაცილებით უფრო მეტი წონა და გავლენები აქვთ, ვიდრე დიდ ქვეყნებს. დიახ, პატარა ქვეყნებს ევროკავშირის ინსტიტუციებზე აქვთ არაპროპორციულად მაღალი გავლენა!


მაგალითისთვის თუნდაც განვიხილოთ ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა, გერმანია და ბულგარეთი. ბულგარეთი ევროპის პარლამენტში 17 დეპუტატით არის წარმოდგენილი, როცა გერმანიას 96 დეპუტატი ჰყავს. არადა, ბულგარეთის მოსახლეობა 6, 5 მილიონია, ხოლო გერმანიის - 82 მილიონი. ანუ ბულგარეთის 382, 352 მოქალაქეს ევროპის პარლამენტში 1 მანდატი აქვს, როცა ამდენივე მანდატი გერმანიის 864, 583 მოქალაქეს გააჩნია.


კიდევ უფრო მეტ დისპროპორციას წავაწყდებით, თუ ევროპის ძალიან პატარა ქვეყანას, მალტას შევხედავთ, რომელსაც სულ რაღაც 519, 000 მოსახლე ჰყავს. მიუხედავად ასეთი მცირერიცხოვანი მოსახლეობისა მალტა 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი ევროპის პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი 86, 500 მოსახლე 1 მანდატს გამოიმუშავებს. ეს დაახლოებით 10-ჯერ უფრო მეტია გერმანიის მოქალაქეების მიერ გამომუშავებულ ერთ მანდატთან შეფარდებით.


და ეს დისპროპორცია კარგია, რადგან ევროკავშირი ძირითადად პატარა ქვეყნების კავშირია, ხოლო პატარა ქვეყნები დიდ ქვეყნებთან მიმართებით არ უნდა დაიჩაგრონ.


რაც შეეხება ევროკავშირის საბჭოს, აქ თითოეული წევრი, მიუხედავად მისი რიცხოვნობისა და ტერიტორიული სიდიდისა, წარმოდგენილია თითო-თითო მინისტრით დარგების მიხედვით. და ბუნებრივია, როცა 4-მილიონიანი ქვეყანა ხარ და შენც იმდენივე ადგილი გერგება მმართველობით ორგანოში, რამდენიც 82-მილიონიან გერმანიას, 68-მილიონიან საფრანგეთს ან 60-მილიონიან იტალიას, ესეც შენს გაზრდილ გავლენაზე მიუთითებს.


ზუსტად იგივე ხდება ევროკავშირის ყველა სხვა მმართველობით ინსტიტუტშიც; როცა პატარა ქვეყანა ხარ, გაქვს შენს სიდიდესა და მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით რამდენიმეგზის უფრო გაზრდილი გავლენა.


შედარებისათვის რუსეთის დუმაში დეპუტატების 80 %-ზე მეტი ეთნიკურად რუსული წარმომავლობისაა. ფედერაციის სუბიექტებს თითქმის არანაირი გავლენა არ აქვთ რუსეთის მართვის პროცესში. კიდევ უფრო ნაკლებია რუსეთის სატელიტი ქვეყნების გავლენა რუსეთის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე.


ამრიგად, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ევროკავშირი არათუ არ ნიშნავს სუვერენიტეტის შებღალვას და დამოუკიდებლობის ხელყოფას, არამედ პირიქით, ბევრად გაზრდილ გავლენას და გაზრდილ სუვერენიტეტსაც კი ნიშნავს. მართლაც ძალიან არაინფორმირებული ადამიანი ან პირწავარდნილი მოღალატე უნდა იყო, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია რომ არ გსურდეს, რადგან ევროკავშირი ისეთია, თითქოს ზუსტად ჩვენზე, ქართველებზე იყოს მორგებული.


გამოკითხვების თანახმად საქართველოს მოსახლეობის 83 %-ს ევროკავშირი სურს. ეს თითქოს ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ რეალურად ევროკავშირი იმდენად კარგი გაერთიანებაა და იმდენად მოსახერხებელი ქართველებისთვის, რომ მასში ინტეგრაცია წესით გაცილებით უფრო მეტს, ჩვენი მოსახლეობის 99 %-ს მაინც უნდა სურდეს. და საქართველოს მოსახლეობის 17 %-ს ევროკავშირი რომ არ სურს, ეს დიდი ალბათობით მხოლოდ ამ ადამიანების არაინფორმირებულობის და გაუთვითცნობიერებლობის შედეგია.


ომიი

6
38
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
38
  
2023, 2 მაისი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 აპრილი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 აპრილი, 22:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 აპრილი, 22:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 აპრილი, 22:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 აპრილი, 21:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6