x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მოგვიტანა თუ არა “ქართული ოცნების” პოლიტიკამ მშვიდობა?
საქართველოს უახლეს ისტორიას, უფრო კონკრეტულად კი ბოლო 31 წელიწადს რომ გადავხედოთ, სამწუხაროდ მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ქვეყნის სათავეში რაციონალურად მოაზროვნე, დემოკრატიული და ბოლომდე პროდასავლური ხელისუფლება არც არასოდეს გვყოლია. ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფალი საბოლოო ჯამში მუდმივად მხოლოდ საკუთარ ეგოს ჩასტიროდა და საკუთარი შეუზღუდავი ძალაუფლებიდან არასოდეს მისხალის დათმობასაც არ აპირებდა არც ევროკავშირისთვის, არც ოპოზიციისთვის, არც არასამთავრობო სექტორისთვის და არც პროფკავშირებისთვის.


ამ მხრივ გამონაკლისი არც “ქართული ოცნება” გახლავთ. ამ პოლიტიკური ძალის წევრებმა საკმარისია იგრძნონ, რომ საკუთარი ფორმალური თუ არაფორმალური გავლენებიდან თუნდაც 1 %-ის დათმობა მოუწევთ, რომ ყალყზე დგებიან და ერთიანად დარაზმულები ესხმიან თავს მას, ვინც თუნდაც თეორიულად ემუქრება მათ შეუზღუდავ და ირანის შაჰებისთვის შესაშურ ძალაუფლებას.


როგორც უკვე ვთქვით, “ქართული ოცნება” ამ მხრივ გამონაკლისი არ არის; საუბედუროდ არასოდეს არ გვყოლია ხელისუფალი, რომელიც იტყოდა: “მე ხალხმა ამირჩია, რათა ქვეყნის სასიცოცხლო პრიორიტეტებს, მის დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას და ევროატლანტიკურ მომავალს ვემსახურო. ჩემი ამოცანა ამ მიზნებისკენ სწრაფვა უნდა იყოს და არა ახლობლების დასაქმება სახელმწიფო თანამდებობებზე, კორუფცია და ნეპოტიზმი.”


სწორედ ამიტომ დღეს ქვეყანაში არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო, არ ხორციელდება დემოკრატიული რეფორმები და საქართველო ვერ უახლოვდება ევროკავშირს და ნატოს.



და მაინც როგორ ავიცილოთ ომი თავიდან?


რუსეთთან “არგაღიზიანების” პოლიტიკის წარმოება და დათმობები პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლებაში გაბატონებული კორუფციის, ნეპოტიზმის და კლანურობის შედეგი და ლოგიკური გაგრძელება. ეს “არგაღიზიანების” პოლიტიკა არის ხრწნის სიმპტომი და ეს სიმპტომი ჩვენ ომს ვერ აგვაცილებს თავიდან. ჩვენთვის ომების თავიდან აცილება და მშვიდობის დამყარება მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებს და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას შეუძლია და არა რუსეთთან რაიმეს დათმობას.


საქმე იმაშია, რომ რუსეთს როცა რაღაცას უთმობ, ის ყოველთვის მოითხოვს კიდევ უფრო მეტის დათმობას. ეს ასე იყო ერეკლე მეორის დროს და დღესაც ასეა. რუსეთისთვის გაკეთებული დათმობები კი რაღაც ეტაპზე აუცილებლად წააწყდება სასტიკ წინააღმდეგობას ქართველი ხალხის მხრიდან, რომლის უდიდესი ნაწილი რუსეთს ორგანულად ვერ იტანს.


ბოლო წლებში საქართველომ რამდენჯერმე უკვე გაიარა სამოქალაქო ომის ზღვარზე. ეს მოხდა 2019 წლის ივნისში, როცა რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ვიხილეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. არც 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი იყო ლხენით აღსავსე და არც წლევანდელი მარტის მოვლენები. დანის პირზე ასეთ მუდმივ სიარულს კი რასაკვირველია მშვიდობა არ ჰქვია. როცა ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციაა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება რუსეთთან დათმობების დამღუპველ პოლიტიკას აწარმოებს, ძნელია ამას მშვიდობა უწოდო. პირიქით, ეს ძალიან სახიფათო და ფეთქებადსაშიში სიტუაციაა. ამიტომ იმ უბადრუკ პროპაგანდისტულ ნარატივზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” მშვიდობა მოგვიტანა, ლაპარაკიც კი არ ღირს. პირიქით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის მმართველობის 11 წელიწადი დენთის კასრზე ჯდომას ჰგავს. რეალურად ეს საშინელი დაძაბულობებით და უკიდურესი პოლარიზაციით აღსავსე პერიოდია, რისთვისაც პასუხისმგებლობა სწორედ “ქართულ ოცნებას” ეკისრება და არა ვინმე სხვას.


ომი

0
163
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0