კონფლიქტები “პატარა” ატომური ომი: რა შედეგები ექნებოდა მას? 2023, 16 აპრილი, 22:58 საყოველთაოდ არის ცნობილი, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მესამე მსოფლიო ომს ორ ან რამდენიმე ბირთვულ სუპერსახელმწიფოს შორის. ეს იქნება კაცობრიობის აღსასრული. მაგრამ როგორი შეიძლება იყოს ატომური ომი გაცილებით უფრო მცირე მასშტაბებით?
ერთი რამ უდავოა: ატომურ ომს, მიუხედავად იმისა, დიდი მასშტაბებისაა ის თუ მცირე, გამარჯვებულები არ ჰყავს. შესაბამისად ატომური ომი სრული უაზრობაა. ამაზე მიგვითითებს 2020 წელს Greenpeace-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევაც. ორგანიზაციამ შეისწავლა, თუ როგორი იქნებოდა 20-კილოტონიანი ატომური ბომბის დაცემა ბერლინის თავზე. შედეგად დადასტურდა, რომ ასეთი მცირე ზომის ატომური მუხტის აფეთქების შემთხვევაშიც კი უახლოესი 260 მეტრის რადიუსში ყველაფერი უბრალოდ აორთქლდებოდა. 1000 ადამიანი მაშინვე დაიღუპებოდა. ოდნავ მოგვიანებით, 590 მეტრის რადიუსში ყველა შენობა მძლავრად დაზიანდებოდა და 4500 ადამიანი მოკვდებოდა. 1, 4 კილომეტრის რადიუსში გაშლილ სივრცეში მყოფი ადამიანები რადიაციის სასიკვდილო დოზებს მიიღებდნენ, ხოლო დარტყმითი ტალღა და მხურვალება 20, 000 ადამიანს დაღუპავდა. 2 კილომეტრის რადიუსში 50, 000 ადამიანი ძლიერ რადიაციულ დამწვრობას მიიღებდა. საბოლოო ჯამში კი 27, 000 დაღუპულს და 70, 000 დაშავებულს სულ რამდენიმე ათეულ წუთში მივიღებდით. მაგრამ ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. პირიქით, ეს ჯოჯოხეთური წრის მხოლოდ დასაწყისია. ოდნავ მოგვიანებით რადიაცია 150 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდებოდა და ათეულ ათასობით ადამიანს მოწამლავდა. 600, 000 ადამიანი, რომელიც 100 კილომეტრის რადიუში ცხოვრობს, მიიღებდა რადიაციის ძალიან საშიშ დოზას, რის გამოც 120, 000 პირი მალევე დაიღუპებოდა, ხოლო დაახლოებით 50, 000 - შედარებით მოგვიანებით, ავთვისებიანი სიმსივნეების შედეგად. აქ აღწერილი გვაქვს მხოლოდ ერთი მცირე ზომის ატომური ბომბის გამოყენება, მაგრამ ომში, თუნდაც ეს მხოლოდ “პატარა” ბირთვული ომი იყოს, ხომ მხოლოდ ერთ ბომბს არ ააფეთქებენ? ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ეს “პატარა” ატომური ომი დაახლოებით 100 იმგვარი ბომბის გამოყენებით ხდება, როგორიც ჰიროსიმაში ააფეთქეს, 12, 5 კილოტონა სიმძლავრით. ამგვარი აფეთქებათა შედეგად ატმოსფეროს ზედა ფენებში მოხვდებოდა 5 მილიონიდან 50 მილიონ ტონამდე ჭვარტლი, რის გამოც მზის ნათება 10 %-ით შემცირდებოდა, რაც 1-2 გრადუსით პლანეტის საშუალო ტემპერატურის შემცირებას გამოიწვევდა, ამას კი შედეგად მოჰყვებოდა დედამიწაზე საკვების შემცირება 5-7 %-ით და 250 მილიონიდან 2, 5 მილიარდამდე ადამიანის შიმშილით სიკვდილი. დასკვნის სახით შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რომ ატომური ომი მხოლოდ დამარცხებულებს სცნობს. სულერთია, დიდი მასშტაბებისაა ის თუ მცირე, შედეგი მაინც ყოველთვის კატასტროფულია. ასეულ მილიონობით და მილიარდობით მსხვერპლი და ავთვისებიანი სიმსივნეების კერად ქცეული მთელი დედამიწა - ეს იქნებოდა ნებისმიერი დიდი თუ მცირე ატომური ომების ერთადერთი შედეგი. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ რადიოაქტიურობა სრულიად ახალი ფენომენია და ჩვენ მის დამანგრეველ ბუნებას ბოლომდე კარგად შესაძლოა არც კი ვიცნობთ, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ აისბერგის წვერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება რეალურად გვემუქრებოდეს. 208 შეფასება არ არის
|