x
image
თორ ნიკე
ანოსმია
ანოსმია


ყნოსვა ორგანიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა, რომელიც არა მარტო სუნის აღქმას, არამედ გემოს შეგრძნებასაც განაპირობებს. ყნოსვის ორგანო ცხვირის ზედა სართულზე მდებარეობს და უკავშირდება მგრძნობიარე უჯრედებს, რომლებსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს ტვინის ქერქთან.


არსებობს ყნოსვის დარღვევის შემდეგი ფორმები:

1. სრული ანოსმია - ყნოსვის სრული უქონლობა;


2. ნაწილობრივი ანოსმია - ავადმყოფი მხოლოდ ზოგიერთ სუნს არჩევს;

3. სპეციფიკური ანოსმია - ავადმყოფს არ შეუძლია განსაზღვრული სუნის აღქმა;

4. სრული ჰიპოსმია - ყოველგვარი სუნის აღქმა დაქვეითებულია;

5. ნაწილობრივი ჰიპოსმია - დაქვეითებულია მგრძნობელობა განსაზღვრული სუნების მიმართ;

6. დიზოსმია - სუნის აღქმა გაუკუღმართებულია: როცა ირგვლივ სასიამოვნო სურნელი დგას, ადამიანი უსიამოვნო სუნს შეიგრძნობს ან გრძნობს არარსებულ სურნელს;

7. სრული ჰიპეროსმია - მომატებულია მგრძნობელობა ყოველგვარი სურნელის მიმართ;

8. ნაწილობრივი ჰიპეროსმია - მომატებულია მგრძნობელობა ზოგიერთი სურნელის მიმართ;

9. აგნოზია - ავადმყოფი ვერ გადმოსცემს, როგორ სუნს გრძნობს, მაშინაც კი, როდესაც ყნოსვის ფუნქცია შენარჩუნებული აქვს;


საზოგადოდ, ყნოსვა ქვეითდება, როდესაც:

1. გაძნელებულია ყნოსვადი მოლეკულების მისვლა ყნოსვის ნეიროეპითელიუმთან (სუნის აღმქმელ უჯრედებთან);

2. დაზიანებულია უბანი, სადაც ყნოსვის რეცეპტორებია განლაგებული;

3. ტვინში მდებარე ყნოსვის ცენტრია დაზიანებული;



მიზეზები

ანოსმია ისევე, როგორც ჰიპოსმია თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც.

თანდაყოლილი ანოსმიის მიზეზი ყნოსვის გზების განუვითარებლობა ან უქონლობაა. ის, როგორც წესი, განვითარების სხვა მანკებს ერწყმის. ყველაზე ხშირად თანდაყოლილი ანოსმია სახის (განსაკუთრებით ცხვირის) ძვლების თანდაყოლილი ანომალიის დროს გვხვდება.


შეძენილი ანოსმია ცენტრალური (ნეიროსენსორული) ან პერიფერიული წარმოშობისაა.


ცენტრალური ანოსმია (ზოგჯერ მას ტვინისმიერს ან ტვინშიგას უწოდებენ) ტვინში მდებარე ყნოსვის ცენტრის დაზიანების შედეგია. დაზიანება სიმსივნის, გაფანტული ენცეფალომიელიტის, ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის, ათეროსკლეროზის, ქალა-ფუძის ტრავმის დროს, გადატანილი მენინგიტის შემდეგ და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში ხდება.


პერიფერიული ანოსმია სამი სახისაა: ფუნქციური, რესპირატორული და ესენციური.

1. ფუნქციური ანოსმია, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა და ნევროზის ან ისტერიის დროს (ზოგჯერ - გაურკვეველი მიზეზითაც) იჩენს თავს.

2. რესპირატორული ანოსმია მაშინ ვითარდება, როდესაც ნესტოებიდან შემავალი ჰაერი და მასთან ერთად შემავალი ყნოსვადი ნივთიერებები ვერ აღწევს ცხვირის ღრუს იმ ნაწილს, სადაც ყნოსვის ანალიზატორის პერფერიული სეგმენტი მდებარეობს. მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ბაქტერიული რინიტი, სინუსიტი, ალერგიული რინიტი და სხვა.

ზოგჯერ რესპირატორული ანოსმია ცხვირის ღრუს დაზიანებასთან - ცხვირის ძგიდის გამრუდებასთან, ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში მიმდინარე სიმსივნურ პროცესთან (მათ შორის - პოლიპთან), ადენოიდებთან, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიასთან ასოცირდება. ყნოსვის დაქვეითებას ცხვირის ლორწოვანი გარსის სეკრეციის დარღვევაც იწევს. ამ დროს ყნოსვის აღმქმელი წამწამები სეკრეტით არის დაფარული.

3. ესენციური ანოსმია უშუალოდ ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული ნაწილის დაზიანების შედეგია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ანთება, რომელიც ცხვირის ლორწოვანი გარსიდან იმ უბნამდე ვრცელდება, სადაც ყნოსვის რეცეპტორებია განლაგებული, ცხვირ-ხახის ტრავმა (მაგალითად ქირურგიული ჩარევა), ცხვირ-ხახის თერმული და ქიმიური დამწვრობა, სიმსივნური წარმონაქმნის (მაგალითად პოლიპის) ხანგრძლივი ზეწოლა ამ უბნებზე, ყნოსვის რეცეპტორებიდან ტოქსიკური დაზიანება, რომელსაც მოწამვლა ან ინფექციური დაავადება იწვევს.



დიაგნოსტიკა

დაავადების მიზეზის შესახებ ძირითად ინფორმაციას ავადმყოფი იძლევა, მაგრამ მისი სუბიექტური ჩივილების დასადასტურებლად, ყნოსვის დაკარგვის მიზეზის დასადგენად და მკურნალობის სწორი წარმართვისთვის ობიექტური გამოკვლევაა აუცილებელი. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ყნოსვის დარღვევის ხარისხი. ამისთვის ტარდება სინჯი მკვეთრი სუნების გამოყენებით. ავადმყოფმა შეთავაზებული სუნის იდენტიფიკაცია უნდა მოახდინოს და რამდენიმე სავარაუდო პასუხიდან სწორი ამოიცნოს. ყნოსვის დაზიანების მიზეზი ბავშვებსა და მოზარდებში უმთავრესად ქალა-ტვინის ტრავმაა, ხოლო მოზდილებში - ვირუსული ინფექცია. თავსა თუ ცხვირში რაიმე წარმონაქმნისა და ტრავმული დაზიანების აღმოსაჩენად აუცილებელია რენტგენური და კომპიუტერულ ტომოგრაფიული (MRT) კვლევების ჩატარება.



მკურნალობა

ყნოსვის დაქვეითება და დაკარგვა ხშირად შექცევადია. მიზეზის კვალობაზე ანოსმიამ, შესაძლოა თავისთავადაც გაიაროს, მაგრამ უმეტესად ექიმის ჩაურევლად ყნოსვის აღდგენა შეუძლებელია, მით უმეტეს - ნევროლოგიური ხასიათის ანოსმიის დროს. დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას. როდესაც ყნოსვის დაკარგვა დიდხანს (წლების განმავლობაში) გრძელდება, რეცეპტორი შესაძლოა მოკვდეს, მისი აღდგენა კი შეუძლებელია.

რესპირატორული ანოსმიისა და ჰიპოსმიის მკურნალობა მეტწილად ეფექტურია. ძირითადი დაავადებისგან განკურნების შემდეგ ყნოსვის ფუნქცია აღდგება. ალერგიისა და ვირუსის შემთხვევაში მკურნალობა სასუნთქი გზების გახსნისკენ არის მიმართული. ამისთვის ცხვირის სპეციალურ წვეთებსა და სასხურებლებს იყენებენ. მიმართავენ ინჰალაციასაც. ზოგჯერ ავადმყოფს ანტიბიოტიკებს, ანტიჰისტამინურ პრეპარატებს და კორტიკოსტეროიდებს აძლევენ. ცხვირის ძგიდის გამრუდება, პოლიპები და ადენოიდები ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. ნეიროსენსორული (ცენტრალური) ხასიათის ანოსმია ძნელი განსაკურნებელია.



პროფილაქტიკა

გაციების შემდეგ ყნოსვის შეგრძნება შესაძლოა ერთი-ორი დღით დაიკარგოს. ასეთი ანოსმია უმეტესად რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის. გამოჯანსაღებისთვის აუცილებელია სიმშვიდე და სრულფასოვანი ძილი. სახიფათოა გაციების ფეხზე გადატანა - ნებაზე მიშვებულმა გრიპმა შესაძლოა ნეიროსენსორული ხასიათის ანოსმია გამოიწვიოს, რომელიც ხშირად შეუქცევადია.

1. თუ ანოსმიას ან ჰიპოსმიას სურდოს (გაციებას, ალერგიას) უკავშირებთ, სასაგებლოა ზოგადგამაჯანსაღებელი ვარჯიში, ცხელი აბაზანა. ეს ოფლის მოდენაში დაგეხმარებათ, სასუნთქი გზები გაგეხსნებათ და ყნოსვის შეგრძნება გაგიუმჯობესდებათ.

2. აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა გაარკვიოთ, ყნოსვის დაქვეითება ზემო სასუნთქი გზების ინფექციით ხომ არ არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა დაგჭირდებათ.

3. თუ ყნოსვის პრობლემებმა მცენარეთა ყვავილობის პერიოდში იჩინა თავი, აუცილებლად ეჩვენეთ ექიმს. ასეთ დროს, ჩვეულებრივ შედეგიანია ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობა. თუ ყნოსვის დაქვეითება დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ცხვირში შესასხურებელი სტეროიდები ან ისეთი პრეპარატები დაგჭირდეთ, რომლებიც ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას ხსნის.

4. ამოიკვეთეთ პოლიპები. ადრეულ სტადიაზე სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობა შედეგიანია. პოლიპების მკურნალობა ანტიბიოტიკებით, ცხვირის ლორწოვანი ქსოვილის სისხლსავსეობისა და შეშუპების შესამცირებელი ანტიჰისტამინური პრეპარატებითაც შეიძლება. თუ პოლიპი დიდია, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.

5. ყნოსვის ფუნქციას თამბაქოს წევაც არღვევს. თუ სიგარეტზე უარს იტყვით, ყნოსვის ფუნქცია თავისთავად აღდგება.

6. თუ სამუშაოზე ქიმიური ნივთიერებების ან მტვრის შესუნთქვა გიწევთ, აიფარეთ ფილტრიანი ნიღაბი.

7. შესაყნოსი ნარკოტიკები (კოკაინი, ჰეროინი) წლების განმავლობაში არა მხოლოდ ყნოსვის რეცეპტორებს, არამედ ცხვირის მთელ ლორწოვანს ანადგურებს.

8. პრეპარატებმა, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლისას იყენებენ, შესაძლოა ყნოსვის დაქვეითება გამოიწვიოს.

9. სიმსივნეების უმეტესობა, რომელიც ყნოსვის დაქვეითებას იწვევს, კეთილთვისებიანია. მათი ხასიათის კვალობაზე, შეიძლება კომბინირებული მკურნალობის (ქირურგიული ოპერაციის, სხივური ან ქიმიოთერაპიის) ჩატარება. მკურნალობა უმეტესად შედეგიანია.



წყარო: მედიცინის დიდი ცნობარი - სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია. ტომი I; 2016. ავტორები: ნინო ჩარგეიშვილი, თამარ მამაცაშვილი. გვ. 103-105;



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;

15. ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები;

16. ტვინის აბსცესი;

17. ალცჰაიმერის დაავადება;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0