ფსიქონევროლოგია ალცჰაიმერის დაავადება 2023, 14 აპრილი, 2:36 ალცჰაიმერის დაავადება (Alzheimer's disease) ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს თავის ტვინის ქერქული ფუნქციების - ინტელექტის, მეხსიერების - პროგრესირებადი დაქვეითება და ქცევის ცვლილება. მოხუცებულთა დემენციის (მეხსიერების დაქვეითების) მიზეზი ხშირად სწორედ ალცჰაიმერის დაავადებაა. 65 წელს გადაცილებულებს შორის 10-15%-ში გვხვდება, ხოლო 80 წლის შემდეგ - 20%-ში. თანამედროვე თეორიათა თანახმად, ალცჰაიმერის დაავადებას სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზი აქვს: ზოგჯერ ის მემკვიდრეობითია, ზოგჯერ კი - სპორადული (სხვადასხვა ფაქტორების გამო იჩენს თავს). ალცჰაიმერის დაავადების დროს ატროფირდება თავის ტვინი (მცირდება მისი მოცულობა და წონა), ქერქის ხვეულები, ფართოვდება ქერქის ღარები და პარკუჭები. ყველაზე მეტად ატროფიას განიცდის თხემის, საფეთქლის და შუბლის წილები. მიკროსკოპული გამოკვლევა ავლენს თავის ტვინის ნეირონების, ჰიპოკამპის, ბაზალური ბირთვების ნეირონთა მასობრივ დეგენერაციას. ალცჰაიმერის დაავადების დროს ნევროლოგიური სიმპტომები მრავალფეროვანია, ვინაიდან თავის ტვინის სხვადასხვა უბანში ნეიროდეგენარაცია დისპროპორციულად ხდება. მიზეზები ალცჰაიმერის დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია. ჩვეულებრივ მის განვითარებას უკავშირებენ: 1. დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაზიანებას; 2. ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერების უკმარისობას; 3. მემკვიდრეობას (გენეტიკურ წინასწარგანწყობას); 4. ტოქსიკური ლითონებით მოწამვლას; 5. თავის ტვინის ტრავმას; 6. ტვინის სიმსივნეს; 7. ჰიპოთირეოზს; სიმპტომები და მიმდინარეობა ავადდებიან საშუალო ასაკის პირები და მოხუცები. დაავადების დასაწყისი შეუმჩნეველია. განსაზღვრულ დრომდე ვერც ავადმყოფი და ვერც ახლობლები ამას ვერ ამჩნევენ. შემდეგ თანდათანობით ვლინდება მნესტიური (მეხსიერების) ფუნქციის მოშლა, ყურადღების, შრომის უნარის დაქვეითება. ინტერესთა წრის შევიწროება, გუნება-განწყობის ცვალებადობა, ეჭვიანობა, განგაშის განცდა. თანდათანობით მეხსიერება ისე სუსტდება, რომ ავადმყოფს ავიწყდება ახლობლების, ნათესავების, საგნების სახელები. მერე და მერე იწყება მეტყველების მოშლა. ავადმყოფს უჭირს საჭირო სიტყვების პოვნა, კითხვა (კარგავს ტექსტის გაგების უნარს), უჭირს წერა. კარგავს გარემოში ორიენტაციის უნარს (ვეღარ აგნებს სახლს, იკარგება), უჭირს მარტივი ყოფითი ამოცანების გადაჭრა როგორიცაა ჩაცმა, საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობა. მოგვიანებით სტადიაში აფექტური მოშლილობანი ხშირდება: ვლინდება გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები, ავადმყოფს იპყრობს განგაშის შეგრძნება, შიში, აღმოცენდება ფსიქომოტორული აგზნება, რომელსაც აპათია (ყველაფრისადმი გულგრილი დამოკიდებულება, უგრძნობელობა, უხალისობა, უინტერესობა) ენაცვლება. შესაძლოა განვითარდეს ჰალუცინაციები, ბოდვა (ეჭვიანობა და სხვა). ავადმყოფთა 40%-ს უვითარდება დეპრესია. დროთა განმავლობაში თავს იჩენს ნერვული სისტემის დაზიანების სხვა ნიშნებიც. ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომებია: ადრეულ სტადიაზე 1. გულმავიწყობა, წარსული მოვლენების გახსენების უუნარობა, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს; 2. ნაცნობი საგნების შეცნობის უუნარობა; 3. ემოციური მოშლილობა, დეპრესია, მოუსვენრობა; 4. დეზორიენტაცია (სწორი წარმოდგენის დაკარგვა დროისა და სივრცის შესახებ); 5. აპათია (გულგრილობა, უინტერესობა) ირგვლივ მყოფი საგნების, ხალხისა და მოვლენებისადმი; მოგვიანებით სტადიაზე 6. ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები; 7. ნაცნობების ცნობის უუნარობა, უახლოესი ნათესავებისაც, ოჯახის წევრებისაც კი; 8. მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, სიარულისას დამახასიათებელი "ფლატუნი"; 9. დამოუკიდებელი აზროვნებისა და მოძრაობის უნარის დაკარგვა; 10. ზოგიერთ შემთხვევაში - ვითარდება კრუნჩხვებიც. გართულება ალცჰაიმერის დაავადების გართულებებია: 1. თანდართული ინფექციები, მათ შორის პნევმონია; 2. კვების უკმარისობა; 3. ტრავმა, უბედური შემთხვევები; დიაგნოსტიკა დიაგნოზს კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ. დასაზუსტებლად ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT), ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) და თავზურგტვინის ლიქვორის ბიოქიმიური კვლევები. მკურნალობა და პროფილაქტიკა ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს აცეტილქორინერგულ სისტემაზე (ამირიდინი, ტაკრინი, ექსელონი და სხვა), ასევე ნოოტროპული საშუალებები და ვაზოდილატატორები, ნეიროტროპული (ცერებროლიზინი) და სხვა პრეპარატები. მკურნალობის შედეგად პროცესი ფერხდება, მაგრამ არ უკუვითარდება. ალცჰაიმერის დაავადების პროფილაკტიკის სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს. პროცესს ტვინის ვერავითარი ვარჯიში ვერ შეაფერხებს. პროფილაქტიკური ღონისძიებები ისეთივეა, როგორიც ათეროსკლეროზის დროს. მეტად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოზის დასმა. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ოჯახის ხანდაზმული წევრები რეგულარულად გადიოდნენ სამედიცინო შემოწმებას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება. წყარო: მედიცინის დიდი ცნობარი - სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია. ტომი I; 2016. ავტორები: ნინო ჩარგეიშვილი, თამარ მამაცაშვილი. გვ. 59-61; ნევროლოგია:1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები; 2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები; 3. ნათხემი; 4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი; 5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი; 6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი; 7. დიენცეფალონი; 8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები; 9. ნევროლოგიური დაავადებები (სია); 10. ხერხემალი და ზურგის ტვინი; 11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია; 12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა; 13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა; 14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა; 15. ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები; 16. ტვინის აბსცესი; კრებულები:1. მეცნიერება - ნაწილი I 2. მეცნიერება - ნაწილი II 3. მეცნიერება - ნაწილი III 4. მეცნიერება - ნაწილი IV 5. სხვადასხვა - ნაწილი I 6. სხვადასხვა - ნაწილი II 7. ქართული მითოლოგია 8. რელიგია 9. საქართველო - ნაწილი I 10. საქართველო - ნაწილი II 11. ქართული სახელმწიფოები 12 პროტოქართველები 13. კავკასიური კულტურები 14. პარანორმალი 15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები 16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები ავტორი: თორნიკე ფხალაძე75 1-ს მოსწონს
|