საქართველო დავით არახამია: "მოსამართლეების მიმართ სანქციები ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისთვის ბოლო გაფრთხილებაა" 2023, 6 აპრილი, 12:14
ქართული წარმოშობის უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის უმაღლეს რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია მიიჩნევს, რომ მაღალი რანგის ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო სანქციების შემოღება „უკანასკნელი გაფრთხილებაა ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილისთვის შეერთებული შტატებიდან“.
„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველად კორუფციაში შემჩნეულ ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მ სანქცია დაუწესა. ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც ყველა წითელ ხაზს კვეთს და უკანონოდ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს კარგად არ დასრულდება. პირველად ეს ვერ გაიგეს. ჰოდა, იმედი მაქვს, ახლა მაინც მიხვდებიან, ”- წერს ის ტელეგრამის არხზე. არახამია ვარაუდობს, რომ შესაძლოა სანქციები ივანიშვილის ბიზნესგარემოს მიმართაც დაწესდეს. „მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი ბიზნეს გარემოს შესახებ, რომელიც თავისი სტრუქტურებით რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შეიძლება ველოდოთ სიახლეებს ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა მან ტელეგრამზე. შეგახსენებთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. გასული წლის ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მილიარდერის და ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს და პარტნიორებს შეზღუდვები დაუწესა, სანქციები 10 წელზეა გათვლილი, რომელიც ითვალისწინებს კერძოდ, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენებს და გადაზიდვებს, მიწის ნაკვეთების შეძენის აკრძალვას და ა.შ. 88 2-ს მოსწონს
|