საქართველო ”აბა ომი გინდა?” - სინამდვილეში ვის სურს ომი? 2023, 20 მარტი, 1:57 პრორუსული და ძალადობრივი პარტია “კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელმა ზურაბ მახარაძემ თავის ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში შემდეგი ხასიათის განცხადება გააკეთა:
“მოვა დრო და ქართველები და რუსები ერთმანეთის მხარდამხარ ვიომებთ, ეს კი იმდენად დაგვაახლოებს, რომ მომავალში რაიმე სახის კონფლიქტი ჩვენს შორის წარმოუდგენელი გახდება!” კრემლი რომ საქართველოში მცხოვრებ მამაკაცებს და ქართულ გენოფონდს საკუთარი სამხედრო მანქანისთვის პოტენციურ საზარბაზნე ხორცად აღიქვამს, ეს სიახლე წესით არც ზურაბ მახარაძის ამ ძალიან სკანდალურ განცხადებამდე უნდა ყოფილიყო, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ წარსულში რა რაოდენობით და რა პროპორციით მონაწილეობდნენ ქართველები რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში. თუნდაც მხოლოდ მეორე მსოფლიო ომი რომ გავიხსენოთ, სადაც 750 ათასი ქართველი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან სულ რაღაც ოციოდე წლის თავზე მონაწილეობდა (საიდანაც 300 ათასზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა), ამის საილუსტრაციოდ სრულიად საკმარისი იქნება. მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველებს ხშირად მალევე გვავიწყდება წარსული და შეხსენება გვჭირდება. რუსეთი ყოველთვის იყენებდა და დღემდე იყენებს მსგავს ტაქტიკას დაპყრობილ მიწებზე: ახდენს რომელიმე ქვეყნის ოკუპაციას, მის მოსახლეობას პროპაგანდით ტვინებს ურეცხავს, ხოლო შემდეგ მასიურად მიერეკება მის მიერ წარმოებულ უსასრულო სამხედრო კონფლიქტებში. ამით ის ორ კურდღელს ერთად იჭერს: უპირველეს ყოვლისა, საკუთრივ რუსებს და მის ზედა ფენას, მოსკოვში მცხოვრებ სოციალურად უზრუნველყოფილ მოსახლეობას თავიდან აცილებს ომის სიმძიმეს და მეორეც, დაპყრობილი მიწებიდან გარეკილი და ომებში დახოცილი მამაკაცების უზარმაზარი რაოდენობით ადგილებზე შესაძლო უკმაყოფილებას და პროტესტებს აცლის სოციალურ ბაზას და დემოგრაფიულ სურათსაც მისთვის სასარგებლოდ ცვლის. უკრაინის ომი სრულიად აშკარა მაგალითია საიმისოდ, რომ რუსეთს ეს საუკუნოვანი ტაქტიკა არ შეუცვლია; სტატისტიკა ცხადყოფს, რომ არარუსი, ეთნიკური თვალსაზრისით “უცხო” და საძულველი დაღესტნიდან და ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან გაწვეული მამაკაცების წილი პროცენტულად მრავალგზის აჭარბებს მოსკოვიდან გაწვეული მამაკაცების წილს. ასე და ამრიგად, სრულიად თვალნათელია, რომ რუსეთთან დაახლოებით და რუსეთის სატელიტ ან მასთან უშუალოდ მიერთებულ ქვეყნად ქცევით ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ ომს. უფრო მეტიც, ჩვენ ამით არათუ ომს ავიცილებთ თავიდან, არამედ ადრე თუ გვიან თავადვე გავხდებით ზუსტად იმავე სახელმწიფოს ნაძალადევი და პროპაგანდით შეგნებაგამორეცხილი დამცველები, რომელმაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება წაგვართვა და ამას არ ექნება არანაირი დასასრული, რადგან რუსეთი ომებს გამუდმებით აწარმოებს. მას გამუდმებით აქვს კონფლიქტი რომელიმე სახელმწიფოსთან და გამუდმებით სჭირდება საზარბაზნე ხორცი. ამიტომ დაუახლოვდე რუსეთს და რუსეთის ნაწილად იქცე იმ მიზნით, რომ მშვიდობა გქონდეს და ომი არ მოხდეს, სრულიად უგუნური და უაზრო მისწრაფებაა. რუსეთი ჩვენ არ მოგვიტანს მშვიდობას! რუსეთთან დაახლოება, რუსეთის ნაწილად გახდომა ჩვენ მშვიდობას არ მოგვიტანს! ერთადერთი, რასაც ჩვენთვის მშვიდობის მოტანა შეუძლია, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამის ნათელ მაგალითებს წარმოადგენენ. უკვე მრავალი ათეული წელია, ამ ქვეყნებში ომი არ ყოფილა. ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები ათეულობით წლებია, სრულიად მშვიდობიანად ცხოვრობენ, ქმნიან დოვლათს, აფუძნებენ ოჯახებს და ზრდიან საკუთარ მომავალ თაობებს. ამაში მათ არავინ უშლის ხელს. ყველა იმ ადამიანს, ვისაც გგონიათ, რომ ჩუმად ყოფნით, რუსეთთან და მის აგენტურასთან დათმობებით და რუსეთის მიმართ მონური მორჩილებით ომს აიცილებთ თავიდან და ბუხრის წინ თბილად წამოკოტრიალებულები გალევთ წუთისოფელს, უნდა გესმოდეთ, რომ მწარედ ცდებით. ამიტომ ნუ ადანაშაულებთ პრეზიდენტ ზელენსკის იმაში, რომ მან ვერ შეძლო უკრაინისთვის ომის აცილება თავიდან. ავთვისებიანი სიმსივნის თავიდან აცილება ხშირად შესაძლებელია, თუ ხილს და ბოსტნეულს საკვებ რაციონში უხვად შევიტანთ, ცხოვრების უმოძრაო წესზე უარს ვიტყვით და თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას დავანებებთ თავს, მაგრამ რუსეთი ავთვისებიანი სიმსივნე არ გახლავთ. ამიტომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას სამწუხაროდ ასე იოლად ვერ მოვახდენთ. ამის გათვალისწინებით დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სხვა არანაირი შანსი აღარ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ რუსეთის აგრესიას იარაღით შებრძოლებოდა. უკრაინის რუსეთის ნაწილად ქცევით უკრაინელი მამაკაცები თავიდან ვერ აიცილებდნენ ომში გაწვევის საფრთხეს. მათ აუცილებლად გაიწვევდნენ, ოღონდ გაიწვევდნენ არა სამართლიან ომში სამშობლოს დამცველებად, არამედ რუსეთის მიერ წარმოებულ ახალ-ახალ აგრესიულ ომებში, გაჟლეტდნენ და მათ მიწებს და ცოლებს რუსები დაისაკუთრებდნენ. ის ომი, რომელიც დღეს წარმოებს უკრაინაში, კატასტროფაა, მაგრამ ბევრად უფრო დიდი და დამანგრეველი კატასტროფა იქნებოდა, უკრაინა უომრად რომ დანებებულიყო და რუსული სამფეროვანი დროშა კიევის თავზე რომ აღმართულიყო. ამის შემდეგ მალევე დაიწყებოდა ომი საქართველოსა და პოლონეთთან და უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ამ ომებში რუსეთის მხარეს იბრძოლებდნენ, ბევრად უფრო მასიურად ამოიჟლიტებოდნენ, ისევე, როგორც დღეს უკრაინის ომში იჟლიტებიან ერთ დროს რუსეთთან ომში დამარცხებული ჩეჩნეთის მაცხოვრებლები. ფოტოებზე: რუსეთის არმიის მიერ მიწასთან გასწორებული ქალაქი გროზნო ამრიგად, თუ ვინმე პროსახელისუფლებო და პრორუსული ჯგუფებიდან იქედნურად გკითხავთ, უკრაინის მიმართ სოლიდარობას რომ გამოხატავთ და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია რომ გსურთ, ამით შემთხვევით ომი ხომ არ გინდათო, რაც შეიძლება ხმამაღლა და გარკვევით უპასუხეთ: “მე კი არა, თქვენ თავად გსურთ ომი! ომი რუსეთის მხარდამხარ! რუსეთის მონობაში ომი!” 497 1-ს მოსწონს 3-ს არა
|