საზოგადოება „ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!“-რას სწერს ანდრო სოლოღაშვილის ყოფილი ცოლი 2023, 14 თებერვალი, 14:57 ინტელექტ კლუბ - „რა? სად? როდის?“ მოთამაშის ანდრო სოლოღაშვილის ყოფილი ცოლი ნათია მანია ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილის მხრიდან ანდრო სოლოღაშვილის მისამართით გამოხატული სამართლიანი(ან უსამართლო) აგრესია მის შვილებსაც შეეხო: "შეკითხვა: უნდა ვაცვათ თუ არა ჯვარს ფეისბუქზე დამნაშავე ადამიანები.
უსაბუთოდ.
ან თუნდაც საბუთიანად...
პასუხი: არ ვიცი.
ფეისბუქზევე წაკითხული:
ამის წინ კეკელიძემ დაწერა:
სულ ერთი ფრაზა მიტრიალებს თავშიო, რომელიც ჩემზე ერთმა გოგომ დაწერაო: "ეს კი ყლეა, მაგრამ..." (ციტატა შეიძლება არასრულად მახსოვს).
არ ვიცი, რამდენად იმსახურებდა ამ ეპითეტს კეკელიძე.
იქნებდა იმსახურებდა.
იქნებდა არც.
იქნებდა ნაწილობრივ...
იმედია, ჩემს დაწერილ წინადადებებსაც არ გაიხსენებს მომავალში :)) )
მეტსაც გეტყვით: ბოლომდე არც კი ვიცი, რა დანაშაულზეა საუბარი. მხოლოდ ბუნდოვნად, გადმოცემით და მინიშნებებებით.
ან იქნებ თავად "ყლე" არ იმსახურებს იმას, რომ ეს სახელი ვუწოდოთ უღირსი ქმედების ჩამდენ ადამიანებს :))
ფიქრები სარეკლამო ნათურებივით ინთებიან და ქრებიან თავში და ყველა რომ გადმოვცე, სულ აგბურდავთ და არცაა საჭირო. უბრალოდ მეც, კეკელიძესავით, რამდენიმე კვირაა, ერთი და იგივე ფრაზა მიტრიალებს თავში და მახსენდება ლამის ყოველი გაღვიძებისთანავე და ეს ფრაზა მინდა მოვიშორო თავიდან...
დავიწყოთ იქიდან, რომ სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, უამრავმა ჩემმა ფრენდმა არ იცის (ან დავიწყებული აქვს), რომ მე ანდრო სოლოღაშვილის ყოფილი ცოლი ვარ.
ან კი რატომ უნდა სცოდნოდათ?
10 წელზე მეტია, განქორწინებულები ვართ და ანდრო ჩემს კედელზე არ გამოჩენილა ლამის ამდენივე ხანია:
დავბლოკე, როცა ჩემს ფრენდს რაღაც სისულელის გამო უშვერი სიტყვებით აგინა ჩემსავე კედელზე.
მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით: ნამდვილად ჩემი ყოფილი ქმარია და ჩემი შვილების მამა.
როცა დათო აბზიანიძე წერდა, არავის უთქვამს ჯერო, რომ ანდრო ჩემი შვილების დედააო, გულში ვამბობდი:
დედა ნამდვილად არა, მაგრამ მამა კია, თუმცა ამას ვერ დავწერ .
როგორც ყოველი ფეისბუქური სასამართლო, ეს ყველაფერი სულ სამი-ოთხი დღე გაგრძელდა და ის დღეები ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ჩემს კედელზე მხვდებოდა. ყველაფერს.
ვკითხულობდი, როგორ ეჯიბრებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, უფრო მწარედ და უფრო ლამაზად ეგინებინათ... როგორ იცავდნენ თავს კლუბის წევრები:
ჩვენ არა, კაცო, ჩვენ რა შუაში ვართ?
ეს ანდროა.
კლუბი არ არის ანდრო და არც ანდროა კლუბი
აი, თითქოს რაღაც მაზოხისტური სიამოვნებით ვეწაფებოდი ყველაფერს.
მიდი, კიდევ წაიკითხე, კიდევ წაიკითხე!
ღირსი ხარ!
ღირსი ხარ, რომ ცოლად გაჰყევი, რომ გიყვარდა თავის დროზე,
როცა ერთი მარტოსული უცნაური ბიჭი გეგონა მხოლოდ და მხოლოდ; როცა რომანტიკულ წერილებს გწერდა და სიყვარულს გეფიცებოდა; როცა ვერ ამოიცანი;
ვერ ჩასწვდი, რამდენად ცუდი იყო, რამდენად ცუდად იყო და რა გამოვიდოდა მისგან მომავალში.
მიდი, იკითხე ახლა! იკითხე და დატკბი!
მეც ვკითხულობდი.
ვკითხულობდი ყოველ გინებას და ლანძღვას.
ვკითხულობდი, რომ ყლეა, საზიზღარია, არაადამიანია, მოსაკლავია, რომ ყველას სძულს და არავინ ესალმება.
ვკითხულობდი, რომ ავადმყოფია.
ვკითხულობდი, რომ კლუბიდან გააგდეს :)))
ვკითხულობდი, რომ კაი ხანია, არც ერთ გუნდს არ ნდომებია მასთან თამაში, რომ კლუბში არც არაფერი უქნია ოდესმე და წესიერად არასოდეს უთამაშია, რომ თურმე ბროლის ბუ ანდროს ოთახში მომლანდებია და ისიც, რომ საუკეთესო მოთამაშედ არაერთხელ დაუსახელებიათ.
მერე იუთუბზე წაშალეს მისი თამაშებიდან ნაწყვეტები სათაურით "ანდრო სოლოღაშვილის სასწაული" და სხვანი.
თითქოს ადამიანს, რომელმაც საზიზღრობა თქვა ერთხელ, ან თუნდაც არ ჰქონდეს უფლება, ოდესმე ექნა ამ თამაშში სასწაული .
ოდესმე ბავშვებს რომ მოუნდეთ, ნახონ, როგორ თამაშობდა მამა, რამეს მაინც თუ აკეთებდა საქებარს და სასახელოს, სავარაუდოდ, ვეღარაფერს ნახავენ.
სამაგიეროდ აუცილებლად მიაგნებენ, როგორი სადისტი, არაადამიანი, უგულო და ავადმყოფი იყო მამამათი.
მეგობარმა მირჩია, ნათია, გააუქმე ფეისბუქი, სანამ ეს ყველაფერი ჩაივლის. ბავშვებსაც გააუქმებინე. თქვენც არ მოგდგნენ...
მე გავიფიქრე, რომ მართალია, ანდროზე ათას საზიზღრობას წერენ, უმეტესად მართალს, მაგრამ ბევრ ტყუილსაც, მაგრამ მე და ბავშვებს ჯერ არავინ შეგვხებია. და მეტიც: უმეტესობამ საერთოდ არ იცის, ვინ ვართ ჩვენ.
და ამ დიალოგის მერე ანდროსთვის მიძღვნილი პოსტის ქვეშ მალევე წავიკითხე ასეთი კომენტარი:
"ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!"
და ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, თავში წყევლასავით მიტრიალებს ეს სიტყვები:
"ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!"
თქვენგან რა მინდა? არ ვიცი. უბრალოდ ჩემს ფიქრებს გიზიარებთ.
რადგან დავიღალე ამ ყველაფრის თავში ტრიალით და მინდა ტვინიდან ამოვიგლიჯო ეს ფრაზა __
"ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!"-წერს ნათია მანია.
შეგახსენებთ, იანვრის დასაწყისში ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანდრო სოლოღაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა:
"იმ ქისტაურზე რა გაირკვა ბოლო-ბოლო. შემიძლია მივულოცო, რომ როგორ იცხოვრა კი არ ვიცი და თავს ვინად თვლიდა, ალბათ არც მაგას არ დავეთანხმებოდი, მაგრამ სიკვდილით, კი ბატონო, ყველას რომ დაუმტკიცა და ნამდვილი ქალივით რომ მოკვდა. კაცს, როგორც წესი, ვერ ხელეწიფება ხოლმე პარტნიორის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ თავი გაარასხოდებინოს, ნამდვილად ქალების პრეროგატივაა. პ.ს. იმედია ნამდვილი ამბავია და მაგას მხედრული რა შუაშია და მდედრული პატივით დაკრძალავენ და მე კიდევ ცხოვრებაში პირველად მომეცემა საშუალება ე.წ. “ტრანსგენდერ ქალს” ქალი აწი ბრჭყალების გარეშე ვუწოდო ხოლმე" - წერდა სოლოღაშვილი პოსტში. 436 1-ს მოსწონს
|