x
image
თუთიკო ბერძენა
"რატომ მივედით აქამდე?" - ბიოლოგიური გამრავლების მანქანები თუ ოჯახი
დღეს ქვეყანა მღელვარებით უყურებს პრაიმჰაუსებს და აღტაცებულია ვინმე ქვეშაფსიამ "ნიცშესეული ზეკაცის" თვისებები თუ გამოავლინა, ავადმყოფური ინსტინქტები და რამდენიმე თანატოლი "მიაჩმორა"...
image
კივილი "ახალგაზრდობა ირჩევს პრაიმჰაუსს", ძლიერის აპოლოგიას!


ზოგადად კი რა ხდება გარშემო: მკვლელობა, ინცესტი, მოძალებული ათეიზმი, შვილიშვილის ნამუსამხდელი ბაბუებისა და მავთულით გოგონას მომხრჩობი არაკაცის დამცველი ადვოკატები, საფლავთა ძარცვა, ძალადობა, აღრევა სქესთა, თანატოლების მიერ გულში დანაგაყრილი და ჩაცხრილული ყმაწვილები, უუფლებო პოლიცია, მილიონერი ბერები, გაუპატიურება და ცემა ბავშვის, დიდის, ხანდაზმულის, შერყეული რწმენა ერთი მხრივ და მეორე მხრივ უსასრულო ქეიფი, გადაჭედილი რესტორნები, მამულის, მართლმადიდებლობის სადღეგრძელოები, ქართველი ქალის, დედის აპოლოგია და რა თქმა უნდა, ურყევი რწმენა იმისა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა...


განკითხვა, ურთიერლანძღვა და განგაში, წყევლა-კრულვა ერის, ბერის, რჩევა-დარიგებანი, უადგილო ოხუნჯობა, დიდაქტიკა ფეისბუქში, ტვიტერში, ათასგვარ საიტებზე.


შედეგი ნული.



მარადიული კითხვა: "რატომ მივედით აქამდე?" და პასუხის მარადიული არარსებობა.


ძლევამოსილი წმინდა გიორგის მფარველობის ქვეშ მყოფ ქვეყანაში დღეს შაჰ აბასისა და აღა მაჰმად ხანის დანაშაულთაგან ერთ-ერთი გაცოცხლდა – ყველაზე დაწყევლილი და საკრალურის შემგინებელი, დანაშაული ულაპარაკოდ ჩაქოლვის ღირსი.


ჩვენ - ღთისმოსავი, გულკეთილი და სათნო ქართველები ალბათ ძალიან შევცდით, როცა საყოველთაოდ არ გავაპროტესტეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილით დასჯის მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან. (შარიათს ხომ არ დავუჭერდით მხარს?).


რამ გარყვნა ზოგადად იდეოლოგია?

ჰეგელს მიაჩნდა, რომ ერებს "რწმენა და შეხედულებები" მართავენ. ჩვენს ერს ესენი თვითგანვითარებით, დიდი ქართველების (ერის მამების) მიერ დამოძღვრითა და შეგონებებით, საკუთარი დაკვირვებითა და ანალიზით უვითარდებოდა.


ახლა სხვა ცხოვრებაა - მასმედიამ, ინტერნეტმა და "მესიანური მისიით მოვლენილმა" პოლიტიკოსებმა და ათობით პარტიამ ითავეს ეს ფუნქცია დღეს. ამიტომაცაა, ზოგიერთ ქართველს აღარ გააჩნია საკუთარი, ეროვნული მსოფლმხედველობა და წამდაუწუმ ნიცშესეულ ღირებულებათა გადაფასება-გადმოფასებითაა დაკავებული.


აღარ გვყავს დიდი ადამიანები, ერისკაცები ილიასი და ღვთისკაცები იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ბადალნი, რომელნიც ღმერთთან მოლაპარაკე ბიბლიური მოსეს დარად გადასტყორცნიდნენ ხალხში სწორი ქმედების ვექტორ-ორიენტირებს. რას ვიზამთ, სხვა დროა, სხვაგვარადაა მომართული დღეს აზრი ადამიანისა, სხვა საზომით იზომება დღეს ეროვნულობაც, ქართველობაც, რწმენაც, ადამიანობაც, მიზანი ცხოვრებისა და არსი სიცოცხლისა.


ჭამა–სმა, მოხვეტა და მოხვეჭა დღეს, ამწუთას, აქვე და დაუყოვნებლივ, ქლესაობა, მოენეობა, უშინაარსო ძველბიჭობა, ღალატი მოძმის, ღალატი ჭეშმარიტი ეროვნული ტრადიციების, ქალის გაგდება საშოვარზე, მისი ნახლაფორთალი ფულით სმა და საყვარლის რჩენა, ყურადღების ტოტალური დეფიციტი ქუჩაში მიგდებული დანის მოტრიალე და პლანის მქაჩველი შვილებისადმი და საკუთარი თავის სამყაროს ცენტრში დაყენება – აი. პრიორიტეტები დღევანდელ ქართველთა დიდი უმრავლესობის.


ყველაზე მძიმე ისაა, რომ ახალი თაობა შეეგუა ამ რეალობას და ბევრი უკვე ისე აღარ განიცდის ამა თუ იმ შემზარავ დანაშაულს, როგორც უფროსები და ბიბლიის სიბრძნეს ბჰაგვან შრი რაჯნიშმის – ოშოს "მდოგვის მარცვალს" ამჯობინებს.



ახალგაზრდობის დიდი ნაწილი თანდათან ცივსისხლიანი და სასტიკი ხდება, იზრდება "ყველაფერი ნებადართულიას" აზრით და არავის ეგონოს, რომ ეს საფრთხეს არ უქმნის მის შვილს, შვილიშვილს თუ ნათესავს და სადღაც სხვა პლანეტაზე ხდება..



არაფერი გამოვა, სანამ არ აღორძინდება ზოგადქართული რწმენა იმისა, რომ ყველაფერი იწყება ო ჯ ა ხ ი თ და ო ჯ ა ხ შ ი. იგია სახელწიფოსა და ერის იდენტობის ძირი და ფუნდამენტი. იყო მშობელი (და არა მარტო ბიოლოგიური გამრავლების მანქანა), ამქვეყნად ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა..

3
283
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
283
  
2022, 3 დეკემბერი, 8:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თუთიკო ბერძენა-ის კომენტარზე
2022, 3 დეკემბერი, 1:13
ეგ მარკშეიდერებს მოგენატრებათ, მე- არა. თქვენთვის , როგორც ჰომოსოვიეტიკუსისთვის რეპრესიები, დახვრეტა, და ადამიანების განადგურება აღიქმება როგორც ძალიან ნაცნობი, მშობლიური. ჩვენთვის კი ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასე რომ , დაე, თქვენ გენატრებოდეთ 37 წელიც და სტალინიც. მეტს არ იმსახურებთ, როგორც ჩანს
2022, 28 ნოემბერი, 15:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3