საქართველო ექვთიმე თაყაიშვილის დღიური 2021, 25 მარტი, 13:14 იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა, მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილს გადახდა თავს და რაც საქართველოდან გატანილმა განძმა განიცადა, ძნელი არ არის წარმოიდგინო, როგორი იქნებოდა ექვთიმე თაყაიშვილის დღიური, სავსე იმ განცდებით, რაც თან ახლდა ყოველ ახალ საფრთხეს, რომელიც თვითონ მას და ქართულ განძს შეექმნა. *** 1921 წელია საქართველოს მძიმე დღეები უდგას. მე, ეროვნებით ქართველი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი იძულებული ვარ მთავრობასთან ერთად უცხოეთში გავიხიზნო. ჩვენ გადავწყვიტეთ სახელმწიფო ხაზინასთან ერთად სამუზეუმო ეროვნული განძიც წავიღოთ, რადგან მას ბოლშევიკებისგან საფრთხე შეექმნებათ. ამ, განძის მეთალყყურედ დამნიშნეს მე. ამან მაგრძნობინა დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ეს იყო უდიდესი ნდობა ჩემდამი. თბილისიდან ჯერ ქუთაისში და მერე ბათუმში რის ვაი ვაგლახით ჩამოვიტანეთ განძი, რომელიც შემდეგ კრეისერ „ერნესტ რენანზე“ დავაბინავეთ, კაპიტანსაც მოველაპარაკეთ. *** ნავსადგურში მიმავალი, გზად ვფიქრობდი, საქართველოდან შორს როგორ უნდა ვიცხოვრო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს ჩემი ნინოსი. ნინო ჩემი არა მარტო მეუღლე, არამედ დიდი მეგობარია. მისი გულიც ისევე ძგერს საქართველოს სიყვარულით, როგორც ჩემი და ჩვენთვის საქართველოს მომავალია ამ წუთებში ყველაზე დიდი საფიქრალი. ამ ფიქრებშ გართულმა, ზღვას გავხედე. ღმერთო! ჩვენი გემი! ის უკვე შუა ზღვაში იყო! ნუთუ კაპიტანმა კაცური სიტყვა დაარღვია და დროზე ადრე გავიდა?! მას ხომ მთელი საქართველოს სიმდიდრე მიაქვს?! იმ წუთას თვალებში დამიბნელდა, სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, სადაც იყო გული გამისკდებოდა. სასწრაფოდ კატერით დავედევნეთ, ჯერ კიდევ მქონდა იმედი, იქნებ დავეწიოთ-მეთქი, თუმცა ამაოდ. როგორც მივხვდით გემს კონსტანტინოპოლისკენ ეჭირა კურსი, ახლა მხოლოდ იუგოსლავიის გემისგან გამოწვდილი დახმარების ხელიღა თუ გვიხსნიდა ამ განსაცდელისგან. მართლაც გემზე ავედით, გვერდით ნინო მედგა და მამხნევებდა, ცოტა დავმშვიდდი, იმედის ნაპერწკალმა იელვა ჩემს გულში, რომ განძს დავიბრუნებდით, ეს ხომ უბრალოდ განძი არ არის, ეს ხომ მთელი სქართველოს სიმდიდრე და დიდებაა. უბედურება არასდროს მოდის მარტო, თითქოს ბუნებამაც გაგვწირა, ისეთი ღელვა დაიწყო. ამ ღელვაში განძი ხომ საფრთხეშია და ვაითუ მგზავრობას ვერ გაუძლოს ნინომაც. *** ღელვა დღენახევარს გაგრძელდა. ბოლოს დაცხრა და დამშვიდდა ყოველი. შვებით ამოვისუნთქეთ. კრეისერი „ერნესტ რენანი“ სტამბოლში დაგვხვდა, მაგრამ კავკასიაში საფრანგეთის უზენაესი კომისრის _აბელ შევალიეს_ განკარგულებით ქართული განძი კრეისერიდან ფრანგულ სამხედრო-სატრანსპორტო გემზე „ბიენ ჰოაზე“ გადავიტანეთ. ძალზედ გამახარა იმ ამბავმა, რომ ჩემს მეუღლესთან და იოსებ ელიგულაშვილს განძთან ერთად მგზავრობის ნება დაგვრთეს. ბოლოს და ბოლოს, მატარებლითა და გემებით თვენახევარი ხეტიალის შემდეგ მარსელის ნავსადგურს მივაღწიეთ. განძი გემიდან ბანკში გადავიტანეთ და პარიზისკენ გავეშურეთ. უკვე ძალიან შორს ვართ საქართველოსგან და ძალიან გვენატრება ჩვენი ქვეყანა. *** პარიზის არცერთი ტაძარი და მუზეუმი არ დამიტოვებია უნახავი და შეუსწავლელი. 13 წლის განმავლობაში ბევრი საფრთხე და ცდუნება გვქონდა განძთან დაკავშირებით, ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენამ თხოვნით მოგვმართა, ნება დაგვერთო 6 თვით გამოგვეფინა ამერიკაში ქართული სიძველენი. ძალიან გაუკვირდათ ამერიკელებს, რომ უარი ვუთხარით, გამოფენის უფლება გვთხოვა ლუვრმაც, მაგრამ შეგვეშინდა, რომ საქართველოს საბოლოოდ დაჰკარგოდა თავისი საუნჯე. ყველაზე დიდი ცდუნება იყო ბრიტანეთის მუზეუმიდან გამოგზავნილი, ქართველოლოგის, უილიამ ალენის წინადადება, რომ ახალგორის განძიდან ერთი რომელიმე ნივთი მიგვეყიდა და სანაცვლოდ უსასყიდლოდ დაგვისტამბავდნენ მთელი ჩვენი საუნჯის ფერად კატალოგებს, ბანკში მიბარებული განძის შესანახ თანხასაც გადაიხდიდნენ. ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ ისიც უარით გავისტუმრეთ. *** პარიზიდან მე და ნინო სოფელ ლევილში გადავსახლდით. თანდათან საარსებო თანხებიც გვეწურება. დღეს ჩამოვიდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმის დირექტორი და ძალიან დიდი თანხა შემოგვთავაზა ჩვენს ტიხრულ მინანქრებში. ლამის უკვე სული კბილით გვიჭირავს, მაგრამ ეს ხომ ჩვენი მხრიდან საქართველოს ღალატი იქნება! რამდენიმე ისტორიულ მონეტას რომ შეველიოთ, შიმშილსაც დავიცხრობთ, უზრუნველი ყოფაც გვექნება და ჩემი ნინოც ნამდვილ ქალბატონს დაემსგავსება, ახლა რომ ასე იტანჯება ჩემთან ერთად ლტოლვილობაში. მაგრამ არა, ამ განსაცდელს უნდა გავუძლოთ, ესაა ჩვენი ამქვეყნიური მისია. *** ვწვალობთ. ნინო თავისი მუსიკალური უნარით შოულობს იმდენ თანხას, შიმშილით სული რომ არ გაგვძვრეს. როგორღაც შევიძინეთ ერთი თხა, რომელიც ჩვენი ერთადერთი მარჩენალია. *** 11 წელია ყოველღამ საქართველო მესიზმრება, ჩვენი სახლი, ჩვენი ეზო, უბანი, ჩემი თბილისი, ჩემი ქუთაისი, სადაც გიმნაზია დავამთავრე, მესიზმრებიან ჩემი გიმნაზიელი მეგობრები. *** დღეს ცხოვრებაში ყველაზე უბედური დღე გამითენდა, ნინო აღარ მყავს, ადამიანი, რომელიც არ იმსახურებდა ეცხოვრა სიღატაკეში და უცხოეთის მიწაზე დაესრულებინა თავისი სიცოცხლე. ვრჩები სრულიად მარტო, ჩემს ფიქრებთან და მოგონებებთან ერთად. *** დღეს განძს ახალი საფრთხე სალომე დადიანმა შეუქმნა. ერთობ გამიკვირდა, რომ ასეთი ქალბატონი კერძო საკუთრებაში განძის იმ ნაწილის გადატანაზე იბრძვის, რომელიც მთლიანი ქვეყნის საკუთრებაა. *** დღეს ძალიან ბედნიერი ვარ! სასამართლომ იურიდიულ საბუთად ცნო ოცი წლის დეკრეტი და სალომე დადიანს უარი ეთქვა. *** ჩემი სიხარული ისევ ნაადრევი გამოდგა, სალომე დადიანის საჩივარმა ფრანგებს გაახსენა მარსელში მიბარებული განძი, რომლის შენახვის თანხა გადაუხდელი გვაქვს. სასამართლომ ქართულ განძს ყადაღა დაადო და მარსელიდან პარიზში საფრანგეთის ბანკს ჩაბარდა. *** დღეს უმძიმესი დღე მაქვს. ნინოც აღარ მყავს გვერდით, რომ მანუგეშოს. რამდენს უნდა გაუძლოს ადამიანის გულმა? ქართული განძი ბანკში საქართველოს იმ მთავრობის სახელზე გვქონდა შეტანილი, რომელიც არარსებულად გამოცხადდა. ამიტომ ჩვენი საუნჯე რუსეთის ყოფილი იმპერიის საკუთრებად იქნა მიჩნეული და მისი გამგებლობა ფრაგ მოხელეს -ჟადონს დაეკისრა, რომელსაც უკვე აბარია რუსეთის ე. წ. „უპატრონო ქონება“ *** დავდივარ კარდაკარ თხოვნებითა და განცხადებებით, რამდენიმე წერილი გავგზავნე საქართველოში შუამდგომლობისთვის, მაგრამ განძის გადარჩენას პირი არ უჩანს, რაც ძალიან მაღონებს და მაღელვებს. *** 1935 წელის აპრილის თბილი დილაა, მაგრამ მთლიანად გაყინული ვარ, რადგან ჩემი მთავარი საზრუნავის - საქართველოს განძის ბედი ისევ გაურკვეველია. საქართველოს ყოფილმა მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ მე მექნება უფლება მივიღო ზომები, რომელსაც საჭიროდ დავინახავ ამ ქონების დასაცავად, ხოლო ჩემ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე თვითონ ვიქნები სრული პასუხისმგებელი ქონების მეპატრონეთა და საქართველოს წინაშე. *** საფრანგეთის რესპუბლიკა დღეს იძულებული გახდა ომი გამოეცხადებინა გერმანიისთვის, იტალიამ კი ომი გამოუცხადა საფრანგეთს. დღე-დღეზე ველით გერმანელთა შემოჭრას. პანიკამ მოიცვა პარიზი. მე კი დავდივარ, ვეძებ და ვპოულობ ქართულ ისტორიულ ნივთებს... საცაა დავეცემი შიმშილისგან, თვალებში მიბნელდება, მაგრამ მინდა გამდიდრდეს ეროვნული საუნჯე. *** ახალი უბედურება დამატყდა თავს! ჰიტლერელები მოითხოვენ ქართულ განძს გერმანიაში გასატანად. ჟადონს მიადგნენ და დახვრეტით ემუქრებიან. ამ ღირსეულმა კაცმა განძის ადგილსამყოფელის შესახებ სიტყვა არ თქვა. დღეს ჩემთან მოვიდა ჟადონის სახელით ერთი ფრანგი, ქართველების მეგობარი და შემატყობინა საუნჯეზე თავს დატეხილი საშიშროება. ზურაბ ავალიშვილიც არწმუნებს გერმანელებს, რომ ეს ნივთები მხოლოდ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი და სხვისთვის ფასეულობას არ წარმოადგენს. სხვა გზა არ გვაქვს - უნდა გავრისკოთ და ოკუპირებულ პარიზში ბანკიდან ჩუმად უნდა გამოვიტანოთ ქართული საუნჯე და საბარგო ეტლით წავიღოთ ვერსალში. ღმერთმა არ უნდა გაგვწიროს, რომ გზად გერმანელთა პატრულები დაინტერესდნენ ეტლის ტვირთით! განძსაც დავკარგავთ და ჟოდონსაც დახვრეტენ! ამას კი თავს ვერ ვაპატიებ! *** ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა! მადლობა ღმერთს! ყუთები ვერსალის ნაციონალური ბიბლიოთეკის სარდაფში ჩავიტანეთ და ქვაღორღიანი ნაგავი მივაყარეთ. *** 1944 წელია 23 ნოემბერი გიორგობა! დღეს მე ბედნიერების მწვერვალზე ვარ! შარლ დე გოლმა განკარგულება გასცა ქართული განძეულის საქართველოში დაბრუნების შესახებ. ამასთან დაკავშირებით თბილისიდან ჩამოვიდნენ პეტრე შარია და შალვა ამირანაშვილი! *** მთელი ღამე არ მძინებია ფიქრში, როგორ შემხვდება და როგორ შევხვდები 23 წლის შემდეგ ჩემს სამშობლოს, რომელზე ნოსტალგიამაც გამაძლიერა შიმშილისას, წყურვილისას, განძთან დაკავშირებული საფრთხეებისას. ვდგავარ აეროპორტში და ვხედავ როგორ იტვირთება 2 თვითმფრინავი მრავალჭირნახული ქართული საუნჯით სამშობლოში დასაბრუნებლად. განძს მცველებად მოჰყვებიან ყოფილი ტყვეები - თეიმურაზ შავდია და ნიკოლოზ მელაძე. ძალიან ვღელავ. მიჭირს ნინოს საფლავის მიტოვება, ყველა ისე მიყურებს, რომ ჰგონიათ სამშობლოში ასეთ ღრმა მოხუცებულობაში აღარ დავბრუნდები. კი, ნამდვილად ვდგავარ დილემის წინაშე. ნინოს საფლავი თუ სამშობლო. სარკეში ჩავიხედე. რამდენი დრო გასულა! როგორ დამღარვია ნაოჭებით სახე! ყველა ის ფათერაკი, რაც განძთან ერთად გავიარე, როგორ აღბეჭდლა ჩემს ყოველ ნაკვთზე! გლახაკივით გამოვიყურები. ერთი პერანგიც კი აღარ შემრჩა გაუცრეცელი. წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველი. მაგრამ მე მაინც მეძახის სამშობლო! *** თვითმფრინავში ვზივარ. გზად ქაიროში შემიკერეს ტანსაცმელი. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის მეცვა ახალი სამოსი. კი, ნამდვილად მინდოდა გლახაკივით არ დავბრუნებოდი ჩემს სამშობლოს. რამდენიმე წუთში თვითმფრინავი ქართულ მიწაზე დაეშვება და არ ვიცი, ამ გრძნობას როგორ გაუძლებს მრავალი ტკივილით დასუსტებული, ჩემი მოხუცი გული! *** ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა თითოეული მიჰყვება იმ ზუსტ ისტორიულ თარიღებსა და მოვლენებს, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა განიცადა 1021 წლიდან საქართველოში დაბრუნებამდე. 185 9-ს მოსწონს
|