საქართველო მამუკა მდინარაძე:თუ 1%-იან სიყალბეს და გადახრას, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, გამოძიების შედეგად ვინმე იპოვის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს 2021, 5 თებერვალი, 14:52
„გუშინ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“. ძალაში რჩება პირობა, რომ თუ 1%-იან სიყალბეს და გადახრას, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, გამოძიების შედეგად ვინმე იპოვის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ერთადერთი არგუმენტი, რაც ამის საპირისპიროდ ოპოზიციის მხრიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში ფრაგმენტულად გვესმის ხოლმე, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია, რომლის მიხედვითაც უკვე გვიანია; საუბრობენ იმაზე, რომ დოკუმენტები გასწორებულია და ა.შ. შეუძლებელია, ამაზე განმარტება არ მოვითხოვოთ მათგან. ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - თეორიულადაც კი რა უნდა მომხდარიყო, რომ მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს. ოპოზიციის წარმომადგენელი 11 000-ზე მეტი კომისიის წევრის ხელმოწერა შეიძლება იყოს გაყალბებული თუ ეს 11 000-ზე მეტი ადამიანი მუქარით ან მოსყიდვით ვინმემ მიიყვანა და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინა? ან შეიძლება სხვა ვერსია ჰქონდეთ თავიანთი ამ აბსურდული არგუმენტების გასამყარებლად. ბუნებრივია, ამ არგუმენტებსაც მოვისმენთ და პასუხი გაეცემა მას. ჩვენ ყველა ამ კითხვაზე და ამ მთავარ კითხვაზეც ველოდებით მათგან პასუხს, თუმცა აქვე მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას მსგავსი ცრუ ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ხალხზე, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს. 13 შეფასება არ არის
|