საზოგადოება "ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ამათზე მეტი ჩვენ ვიბღავლეთ ლამის" - აკა სინჯიკაშვილის ემოციური მონათხრობი 2022, 21 ნოემბერი, 16:29 ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წლების წინ მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს და აღნიშნავს, რომ თუ გულით ინატრებთ, სურვილი აუცილებლად აგიხდებათ, ოღონდ გულით ინატრეთ ყველაფერი. „რამდენიმე წლის წინ მოხდა ეს ამბავი და ახლაც მათბობს... მთაში ვართ, ერთ სოფელში. რამდენიმე კაცი ცხოვრობს სულ იქ. ძალიან მოხუც და ავადმყოფ ბებოს სახლს ვუკეთებთ. დაღამდა, მაგრად ცივა. ჯექსონა და სიზმარა კედლის პროფილებს აყენებენ, სიკო და ვანჩიკა ბეტონს ურევენ, ლომაკო შეშას ალაგებს, მე სუპი გავუკეთე ბებოს და ვაჭმევ. ტირის ბებო მაგრად, ძმა მენატრებაო ამბობს, ამბავი არ ვიციო, ოთხმოცი წლისაა, ჩემზე ცუდად იყო, იქნებ ცოცხალი აღარ არის და მე საჭმელი როგორ ვჭამოო. ვაწყნარებ, ვეუბნები, ცოცხალია და კარგად არის, მალე მოვა-თქო მაგრამ ტირის და ლუკმას არ ჭამს. ვეუბნები ჭამე ბებო და ცოტა დაიძინე, ხო იცი არ მიგატოვებს, არც არსად წავა და არც მოკვდება, იცის რომ ელოდები-თქო. დედას გეფიცებით ისეთი ხმით ინატრა - ღმერთო ჩემი ძმა მომიყვანე ცოცხალიო, ღმერთის ნაცვლად შემრცხვა ცოტა ხანს. კოვზი დავდე და ლამის ვიტიროთ ყველამ. რა გგონიათ? - იმწამსვე კარი ჩხაკუნით გაიღო და წელში მოხრილი ბებოს ძმა შემოვიდა თვალცრემლიანი ხელში ერთი ცალი ბურბუშელა ეჭირა, ჩემს დას უყვარსო. ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ამათზე მეტი ჩვენ ვიბღავლეთ ლამის. ორივე ისხდნენ და ჩემს გაკეთებულ ქათმის ბულიონს ჭამდნენ ღმერთის მოხდენილ სასწაულს აღნიშნავდნენ ახლა არცერთი აღარაა ცოცხალი. ერთად წვანან მათ სახლს შემოკრულ ტყეში. მათზე ფიქრისას, ზოგჯერ ხმამაღლა მოგესმება ბებოს თბილი ხმა - „გენაცვალა ბებიაი“ გულით ინატრეთ და სურვილი აუცილებლად აგიხდებათ, ოღონდ გულით ინატრეთ ყველაფერი“, - წერს სინჯიკაშვილი. 514 2-ს მოსწონს
|