x
image
დავითი ჩუთლაშვილი
5 ძირითადი საშუალება, რითაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პრორუსულობას ნიღბავს
იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სამსახურში დგას, სულ უფრო ნაკლებ ადამიანს ეპარება ეჭვი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი სულ უფრო სწრაფად კარგავს მხარდაჭერას, რადგან არავის სურს საქმე იქონიოს კოლაბორანტთან, რომელიც საკუთარი ქვეყნის მთავრობას კულისებიდან აკონტროლებს. თუმცა საუბედუროდ ჯერ კიდევ არსებობს მოსახლეობის მცირერიცხოვანი ნაწილი, რომელსაც სჯერა ის პროპაგანდისტული მითები, რაც სამთავრობო არხების, კერძოდ კი “იმედის, ” “პოსტ ტივის” და “რუსთავი 2”-ის ეთერებიდან ყოველდღიურად იფრქვევა. საინტერესოა, მაინც რანაირად ატყუებს ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხს? რა არის ის ძირითადი საშუალებები, რითაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ტყუვდება? ქვემოთ სწორედ ამ 5 ძირითად საშუალებაზე გვექნება საუბარი.


1. გაეროს პროუკრაინული რეზოლუციების მხარდაჭერა


გაერო პერიოდულად იღებს რეზოლუციებს, რასაც უკრაინისთვის მხარდამჭერი ხასიათი აქვს. ასე მოხდა მაგალითად რამდენიმე დღის წინ, როცა სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია რეპარაციების თაობაზე. მიღებული რეზოლუციის თანახმად რუსეთი ვალდებულია უკრაინას რეპარაციები გადაუხადოს და ფულადი ფორმით აუნაზღაუროს ის ზარალი, რაც აგრესიის შედეგად მიაყენა. რეზოლუციას ხმა მისცა 94-მა ქვეყანამ, ხოლო 13 - წინააღმდეგ წავიდა. ხმის მიმცემთა შორის საქართველოც იყო.


გულუბრყვილო ადამიანი ალბათ იფიქრებს, რომ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ამბავია და საქართველოს რომ რუსული აგენტურა მართავდეს, პროუკრაინულ რეზოლუციებს ჩვენი ქვეყნის დელეგაცია მხარს არ დაუჭერდა. მაგრამ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მივხვდებით, თუ სად არის ძაღლის თავი დამარხული: სხვაობა 94-სა და 13-ს შორის იმდენად დიდია, რომ პრორუსული პოზიციის დაფიქსირებას მსგავს შემთხვევებში დიდი მნიშვნელობა არც აქვს. საქართველოს დელეგაციის მხრიდან პრორუსული პოზიციის დაფიქსირებით რუსეთი ბევრად უფრო მეტს წააგებს, ვიდრე მოიგებს. რუსეთმა კარგად იცის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკვეთრი ანტირუსული განწყობები და ამიტომ ბიძინა ივანიშვილს უფლებას აძლევს, რეზოლუციის მხარდაჭერით საქართველოს მოსახლეობაში დაბნეულობა შემოიტანოს და გულუბრყვილო ადამიანები დაარწმუნოს, რომ სამშობლოს მოღალატე არ არის; რუსეთისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, არ გაიშიფროს მისი აგენტურა, ვიდრე რეზოლუცია, რომლის წინააღმდეგ ხმის მისაცემად საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერი ქვეყნები ისედაც არ ჰყავს.



2. ფარისევლური საუბრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ


ბიძინა ივანიშვილის პარტიას გაცხადებული აქვს, რომ მისი მიზანი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა როგორც ეს არაერთგზის დადასტურდა, “ქართულ ოცნებას” საპირისპირო მიზნები ამოძრავებს. ნატოსკენ სვლის მიმართულებით საქართველო თითქმის აღარ აქტიურობს, ხოლო ევროკავშირს რაც შეეხება, რატომღაც სწორედ კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე რამდენიმე დღით ადრე აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს ნიკა გვარამია, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა პირდაპირი საბოტაჟი და მკაფიო მესიჯი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ სჭირდება. ამავე მიზანს ემსახურება ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა მრავალგზისი დეზინფორმაციული შინაარსის განცხადებები, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ჩართვა რუსეთთან ომში, რომ კანდიდატის სტატუსი ბევრს არაფერს ნიშნავს, რომ საქართველო გეოგრაფიულად არ არის ევროპა და რომ ევროკავშირში ინტეგრაციამდე ჯერ კიდევ მრავალი წელი გვაშორებს. რასაკვირველია ეს ყოველივე სიცრუე და სიყალბეა. რასაკვირველია ევროკავშირს არ სურს საქართველოს ჩართვა რუსეთთან ომში. პირიქით, მას მხოლოდ მშვიდობა სურს ჩვენთვის. კანდიდატის სტატუსი არის გაწევრიანების გზაზე აუცილებელი საფეხური, ხოლო კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირისგან დახმარების სახით მილიარდობით ევროს იღებს. არც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა გამხდარა განსჯის საგანი არასოდეს და ევროკავშირსაც არასოდეს უთქვამს, რომ საქართველო არის აზია. არც ის არის მართალი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციამდე მრავალი წელი გვაშორებს. ხელისუფლება თუ რეკომენდაციებს შეასრულებს, კანდიდატობიდან გაწევრიანებამდე გზა ძალიან მოკლე იქნება.


3. “დიდება უკრაინას!”


როგორც საქართველოს სამთავრობო არხების ლოგოებზე, ასევე სახელისუფლებო პროპაგანდისტთა ფეისბუკ-გვერდებზე არაერთგზის შეხვდებით უკრაინულ დროშებს და უკრაინის მიმართ გამოხატულ ღია სოლიდარობას. ესეც ადამიანების შეცდომაში შესაყვანად არის გამიზნული. სინამდვილეში კი რუსეთის და ბელორუსის მთავრობების შემდეგ არ არსებობს საქართველოს მთავრობაზე უფრო ანტიუკრაინული მთავრობა, რაც არაერთხელ დადასტურდა ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების გინებით და პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან უარყოფით კონტექსტში მოხსენიებით.


4. ფარისევლური ეროვნულობა და მოჩვენებითი ეკლესიურობა


საქართველოს ხელისუფლების წარმონადგენლებს არაერთხელ დაინახავთ სანთლებით ხელში ეკლესიების შესასვლელებთან. ისინი ასევე ხშირად საუბრობენ ქართულ ისტორიასა და წარსულზე და ახსენებენ ქართველ მეფეებს. ეს ყოველივე იმის შესანიღბად კეთდება, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანას რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება მართავს.


5. სიკეთის და ქველმოქმედების მითი


“ქართული ოცნების” სახეები ჯიუტად ცდილობენ ბიძინა ივანიშვილისთვის სწორუპოვარი ქველმოქმედის იმიჯის დამკვიდრებას. არადა, რასაკვირველია ვერავინ და ვერც მათ შორის ბიძინა ივანიშვილი ვერ დარჩება ქველმოქმედად, თუ ის პოლიტიკაში იმყოფება. ქველმოქმედება სრულიად აპოლიტიკური საქმეა. შენ თუ ქველმოქმედი ხარ, ბოლომდე აპოლიტიკური უნდა იყო. თუ რომელიმე პარტიის სასარგებლოდ მუშაობ და თან ადამიანებს ეხმარები, ამას საარჩევნო კამპანიის წარმოება ჰქვია და არა ქველმოქმედების გაწევა. ბიძინა ივანიშვილზე ასჯერ მეტი აქვს ჩვენს ქვეყანაში დახარჯული რუსეთის იმპერიას. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ქველმოქმედებას ახორციელებდა საქართველოში ან საბჭოთა კავშირიდან არ უნდა გამოვსულიყავით.


ამრიგად, იმის მიხვედრა, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში, არც ისე რთულია. მოვა დრო და ყველა დაინახავთ, თუ რომელი ქვეყნის მიმართულებით გაიქცევა ის, როცა ძალაუფლებას დაკარგავს. ჰოდა, დღეს თუ ჩემ სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, ჩემი ეს სტატია მაშინ გაიხსენეთ.


ბორია

2
183
1-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
183
  
2022, 2 დეკემბერი, 11:35
რას იტყვით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე? რატომ მისცა კომისიამ შანსი მოლდოვასა და უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს? ეს ეხება ხელისუფლების გზას თუ ეს იმიტომ გააკეთა, რომ იმ მომენტში აუცილებელი იყო?
ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენმა ქვეყანამ უფრო მეტი წვლილი შეიტანა, ვიდრე ამ ქვეყნებმა ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული „პრობლემები“ სასამართლოს სფეროში, საქართველოს ამ სამ ქვეყანას შორის ოდნავ მეტი უპირატესობა აქვს. არ ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღეს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკიდან წასვლის „ნიშანი“ ეჩვენებინა?
და საუბარი "უარყოფით კონტექსტზე". ჩვენი ადმინისტრაციის განცხადებები უკრაინის მთავრობის მიმართ გაკეთდა იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს არაფერი გაუკეთებია რუსეთის დასახმარებლად. როგორ შეუძლიათ უკრაინელმა ჩინოვნიკებმა განცხადება გააკეთონ და არანაირი მტკიცებულება არ მისცენ? თუ არ არსებობს იმის მტკიცებულება, თუ რა სწუხან, მაშინ ეს თავიდანვე ტყუილია.

4 და 5 წინადადებები საუკეთესოა ამ "ცირკის მოქმედებაში". არ შეიძლება „ქართული ოცნების“ შეურაცხყოფა ე.წ. „პრორუსულად“ იმიტომ, რომ ისინი ქართულ ისტორიულ იდენტობებს აკეთებდნენ. ჯორჯ ვაშინგტონმა ერთხელ თქვა: "ერს, რომელმაც არ იცის თავისი ისტორია, არ აქვს მომავალი". რას იტყვით საქართველოს ისტორიის პირად ცოდნაზე?

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თქვენი სტატია უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებას ჰგავს. არავითარი მტკიცებულება, მხოლოდ თქვენი აზრები. ასეთი სტატიის დაწერით ხალხს ვერ მოატყუებ.
2022, 19 ნოემბერი, 20:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2