x
image
თეონა გორდეზიანი
გიორგი სააკაძისა და პაატას დიალოგი...
მამა..
-ჰო, პაატა.
-როცა საქართველოში ჩახვალ, ცხრაჯერ ეამბორე ჩვენს მშობელ მიწას.
-ჰო, შვილო..
-ცხრა ვაზი ჩააგდე და გაახარე ნოსტეს ვენახში.
-აღესრულება, შვილო.
-ცხრა სანთელი აანთე ჩვენს სალოცავ ერთაწმინდის ეკლესიაში.
-ჰო, პაატა...
-ცხრა ქართულ სოფელში, ცხრა გლეხის ოჯახში, ცხრა ბიჭი აიყვანე, მონათლე და ცხრავეს პაატა დაარქვი!
-ასე იქნება, შვილო პაატა!
-ცხრა რიცხვი მიყვარს, მამაჩემო, რამეთუ ჩვენ ქართველებს დღემდე გვყოლია: ცხრა დიდხელმწიფე, ცხრა დიდი ერისმთავარი, ცხრა დიდსარდალი, ცხრა ბრძენთაბრძენი, ცხრა ძლევა საკვირველი და ცხრა თავდადებული რწმენისა და სამშობლოსათვის.
-ცხრა დიდხელმწიფედ ვის გულისხმობ, შვილო პაატა?
-ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, დავით მესამე კურაპალატი, ბაგრატ მესამე, დავით აღმაშენებელი, გიორგი მესამე, თამარ მეფე, გიორგი ლაშა და გიორგი ბრწყინვალე.
- ცხრა დიდი ერისმთავარი?
-ქუჯი ეგრისელი, სტეფანოზ პირველი, გვარამ მამფალი, იოანე მარუშისძე, კახაბერ კახაბერისძე, ცოტნე დადიანი, შალვა თორელი - ახალციხელი, გრიგოლ სურამელი და ეგარსლან ბაკურციხელი.
-ცხრა ბრძენთაბრძენი?
-პეტრე იბერი, გიორგი მერჩულე, ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, ისევ დავით აღმაშენებელი და შოთა რუსთაველი.
-ცხრა დიდსარდალი?
-ფარსმან ქველი, თორნიკე ერისთავი, გრიგოლ ბაკურიანისძე, ისევ დავით აღმაშენებელი, დემეტრე პირველი, დავით სოსლანი, ლუარსაბ პირველი, სვიმონ პირველი და .................გიორგი სააკაძე.
-გიორგი სააკაძე?
-ჰო, მამაჩემო.
-გმადლობ, შვილო……. ახლა მითხარი ცხრა ძლევა საკვირველი.
-ჰალისი თორნიკე ერისთავისა, ფარცხისი გიორგი მეორისა, ერწუხი და დიდგორი დავით აღმაშენებლისა, შამქორი და ბასიანი დავით სოსლანისა, გარისი ლუარსაბ პირველისა და სვიმონ პირველისა და .............. ტაშისკარი გიორგი სააკაძისა.
-მაშ, ტაშისკარი გიორგი სააკაძისა?
-ჰო, მამა, ტაშისკარი.
-მაგრამ შენ მხოლოდ რვა გამარჯვება მოიხსენიე, ერთი გამოგრჩა, ჩემო პაატა.
-არა, მამა, მეცხრე ძლევა საკვირველი ჯერ არ მომხდარა, მაგრამ, ვიცი, მალე მოხდება.
-ვინ იქნება შემოქმედი მეცხრე ძლევისა?
-ისევ შენ, მამა.
-მე?!
-ჰო, შენ - გიორგი სააკაძე!
-მაგრამ ვინ იცის - ბრძოლა რომ მოხდეს, რით გათავდება?
-მხოლოდ ქართველთა გამარჯვებით და შენი ძლევამოსილებით, მამაჩემო.
-ღმერთმა ინებოს!
-ღმერთმა უკვე ინება!
-ბარემ სამშობლოსთვის ცხრა თავდადებული მამულიშვილიც დაასახელე, შვილო პაატა!
-გუბაზ მეფე, ძმანი დავით და კონსტანტინე, კონსტანტი კახი, გობრონი, მეფე დემეტრე თავდადებული, მღვდელი თევდორე, ქეთევან დედოფალი - დედა საქართველოსი.
-შენ მხოლოდ რვა სთქვი, ვინღა არის მეცხრე ქართველი წამებული და სეწირული საქართველოსთვის?
-მეცხრე მე ვარ, პაატა სააკაძე, შენი შვილი!
-შვილო!..
-დიდი ფასი აქვს ჩემთვის მაგ მძიმე ცრემლებს, მაგრამ იგივე ფასი უნდა ექნეს ყოველი ქართველისთვის.
-ვეცდები, შვილო.
-შენ დიდი იყავ საქართველოში, მამაჩემო, მერე შეიქმენ მჭედელი შენი ქვეყნის ბედ - იღბლის, ახლა ისევ უბრუნდები შენს სამშობლოს წიაღს... და მჯერა ისევ დიდი იქნები, სათაყვანო გმირი ქართველთა.
-შვილო პაატა, რაც უნდა მოხდეს, თუნდ აღმაშენებლის გმირობანი გავაასკეცო, მე, ნათათრალი, შენი გმირობის ფეხთა მტვრადაც არ ვეღირები.
-ისევ ენდე ჩვენი ხალხის დიდსულოვნებას, ოღონდ არგუნე გამარჯვება, შენებური - სააკაძური.
-უკეთუ ღმერთმა ინება, შვილო!
-ჩვენთან არს ღმერთი!
-ამინ!
-ესეც იცოდე, მამაჩემო, - ჩემი ანდერძი მხოლოდ მას შემდეგ აღესრულება, როცა მეცხრე ძლევა საკვირველი განესრულება.
-?!
-ჯერ გაიმარჯვე, საქართველოს სისხლის დამაქცევარს სისხლითვე აზღვევინე და მერე დარგე ცხრა ვაზი ნოსტეს მიწაში, მერე აანთე ცხრა სანთელი ერთაწმინდაში, მერე განათლე ცხრა ქართველი ყრმა ცხრა ქართულ სოფელში.
-მესმის, შვილო, შენი სიტყვა, ღვთაებისგან ჩაგონებული... სანამ ქართველ ხალხს მე, გიორგი სააკაძე გამარჯვებას არ დავუბრუნებ, მანამ ქართულ მიწაზე არც ჩემი ხელით დარგული ვაზი გაიხარებს, არც ჩემი ხელით დანთებული სანთელი აინთება, არც ჩემი ხელით განათლული ქართველი ყრმა გაინათლება.
-მაპატიე, მამა!
-შენ მაპატიე, ჩემო შვილო…..შვილო…
ცრემლით აღვსილი დუმილის შემდგომ:
-გახსოვს, მამა, რა წამოსცდა ერთხელ შაჰ - აბასს დარბაზობაზე?
-რა, შვილო?
-ქართველები მხოლოდ ცალ - ცალკე, ერთეულებად არიან დიდი გმირები და ვაჟკაცები, თორემ ერთიმეორის თანადგომა ისე უჭირთ, როგორც დიდ ხეებს ტყე - მაღნარშიო.
-მართალი კი თქვა… მაგრამ ეგ “სიმართლე” გაუცუდდება შაჰ აბასსაც და ყველას, ყველას - საქართველოს ყოველ მოსისხლეს, ახლაც და მომავალშიც!
-გმადლობ, ჩემო მამა!
მცირე გარინდების შემდგომ:
-არავის ისე არ ემარჯვება ქართველი კაცის დამარცხება, როგორც ქართველ კაცსო, ამასაც ამბობს შაჰ აბასი, ამას იმოწმებენ ჩვენი მტრებიც და ჩვენი მოყვრებიც. ეს ბოროტი ნაძახურიც უნდა გააქარწყლო, მამაჩემო.
-აღესრულება, შვილო ჩემო!
-გმადლობ, მამა!
პაატამ ხმალი შემოხსნა მამას, ორივე ხელით მზისკენ აღმართა და შესძახა:
-მაღალო ღმერთო, შენ აკურთხე ხმალი ესე ქართული, ხმალი ქართველი სარდლისა და მხედრისა, აკურთხე და უწინამძღვრე, რამეთუ მას შენი მოთაყვანე ქართველი კაცის სისხლი არასოდეს დაუქცევია!
ცხრაჯერ აკოცა ხმალს მხურვალედ ჭაბუკმა და ისევ შეარტყა წელზე გაქვავებულ და გაშეთებულ პატრონს...
სადღაც ჩიტი წიოდა გახელებით. წყალი სწყუროდა ისე სასტიკად, როგორც პაატა სააკაძეს სწყუროდა ქართულ მიწაზე დაწაფება... ქართული მიწით სავსე პარკუჭანა ჩამოხსნა კისრიდან მამას პაატამ, თვითონ ჩამოიკიდა მკერდზე, “თავისი მიწის“ გვერდით, და უთხრა:
-სიხარბე მაპატიე, მამა... შენ მაინც აღარ დაგჭირდება... ხოლო ეს ერთი მუჭა ქართული მიწა...
აღარ (თუ ვეღარ) დაასრულა, მამას მოეხვია და ცხრაგზის აკოცა.
იგრძნო გიორგიმ: ნაღვერდალივით ცხელი ჰქონდა ტუჩები შვილს.
იგრძნო პაატამ: ყინვასავით ცივი ჰქონდა ლოყები მამას…
image
0
194
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0