რელიგია "ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს"-დეკანოზ გიორგი მამალაძეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია 2022, 3 ნოემბერი, 15:30
3-წლიანი განხილვა ევროსასამართლოში დასრულდა - დეკანოზ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და დაადგინა, რომ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტები. ამ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე. "პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება! ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს. მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას! სხვა საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდება მოგვიანებით"-წერს თორნიკე მამალაძე.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. მან ამ წლების განმავლობაში ციხეში არაერთხელ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას, რამაც მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დააზიანა. ოჯახის ინფორმაციით, მამალაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია. 294 2-ს მოსწონს
|