საზოგადოება "ეს ამბავი შემემთხვა ბევრი წლის წინ" - თამო კეშელავა 2022, 24 ოქტომბერი, 9:47
"ეს ამბავი მე შემემთხვა ბევრი წლის წინ.
სარეცხი მანქანა გამიფუჭდა და იმ დღესვე ვნახე განცხადება რომ ვიღაც ყიდდა სარეცხ მანქანას სახლიდან. დავრეკე, ჩვენ ახალი ვიყიდეთ და ამას ამიტომ ვყიდითო, ფასი 150 ლარიო. სად არის ტერიტორიულად მანქანა–თქო და დიდ დიღომში, თქვენ სად ცხოვრობთო, ვარანცოვზე–მეთქი. მანქანა გაქვთო? – არა–თქო. უი, აბა, ტაქსი ძვირს გამოგართმევთ წაღებაში და 120 ლარად მოგყიდი, 30 ლარი გზის ფულად გამოიყენეთო. მადლობა ვუთხარი და ვთხოვე, 1 კვირა შემინახეთ, არ გაყიდოთ, უეჭველად წამოვიღებთქო. კარგიო. დავურეკე ერთი კვირის მერე, ჩემი შვილია სახლშიო, მიბრძანდითო. მივბრძანდი. დამახვედრეს გასუფთავებული, შესასვლელში დადგმული. ვაძლევ ფულს, იხევს ეს გოგო უკან, ვერ გამოგართმევთო, ვახ, რას ქვია ვერ გამომართმევ, ვყიდულობ, კი არ მჩუქნიან, შეთანხმებული ვარ. არა, დედამ გამაფრთხილა რომ ფული არ უნდა გამოგართვათო. ამასობაში სარეცხი მანქანა უკვე წაიღეს ქვემოთ, მანქანისკენ. მეთქი, რას ნიშნავს ვერ გამომართმევ, რატოომ? –დედამ თქვა, იმ გოგომ, რომ დამირეკა მთხოვა 1 კვირა შეგვენახა მანქანა, არ გაგვეყიდა. ჩვენ ხომ ვიყიდეთ ახალი, ძვირადღირებული სარეცხი მანქანა, 800 ლარზე მეტი გადავიხადეთ. ის ყიდულობს მეორადს. როგორც ჩანს, ამ წამს ის ფულიც არა აქვს, თორემ, ხომ არ მთხოვდა, 1 კვირა შემინახე მანქანაო? ამიტომ, ის 120 ლარიც არ უნდა გამოვართვათ, ჩვენ არ აგვაშენებს და მას მეტად წაადგება, ასე მგონიაო. წინასწარ არ ვუთხარი, რომ არ ვართმევ ფულს, არ მოერიდოს მოსვლა და რომ მოვა, არ გამოართვაო. მას შემდეგ, ხშირად ვცდილობ, იმ ქალივით ვიფიქრო და მოვიქცე, მას შემდეგ, უკვე ლამის მილიონჯერ მოვყევი ეს ისტორია ხმამაღლა. ასეთი ადამიანები უნდა მართავდნენ სამყაროს."-წერს სოციალურ ქსელში "ალიას"ჟურნალისტი თამო კეშელავა 132 2-ს მოსწონს
|