ფსიქოლოგია რატომ ეშინიათ ადამიანებს საჯარო გამოსვლის და როგორ დავძლიოთ ის? - 7 ტოპ-რჩევა 2022, 23 ოქტომბერი, 13:58 საჯარო გამოსვლის შიში - როგორია მსოფლიო სტატისტიკა და რა ფაქტორები განაპირობებს მას?
სტუდენტი ხარ და ნერვიულობ სემინარების მოყოლის, პრეზენტაციის (სლაიდ-შოუს) წარდგენის, ან კონფერენციებზე გამოსვლის წინ? ეს საჯარო გამოსვლის შიშია და შენ მარტო არ ხარ, თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში. კერძოდ, საჯარო გამოსვლების შიში გავრცელებულ ფობიებს შორის მეორე ადგილზე დგას, სიკვდილის შიშის მერე და მას კაცობრიობის 90 %-ზე მეტი განიცდის. აღნიშნული სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ თუ საჯარო გამოსვლის შიში გაქვთ, მაშინ ამ ნიშნით ადამიანების უმეტესობას წარმოადგენთ და არა უმცირესობას, თქვენ ჰგავხართ სხვებს ამ საკითხში. შესაბამისად, არ უნდა შეგრცხვეთ ამ პრობლემის.
საჯარო გამოსვლის შიშის მაპროვოცირებელი ფაქტორები:
1.გაურკვევლობა - ადამიანს აშინებს გაუგებარ და უჩვეულო გარემოში, აქამდე უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციის პერსპექტივა. სიახლე გვაცლის, ან გვიქვეითებს სიტუაციაზე კონტროლის გრძნობას და ამდენად, თავდაჯერებულობასაც.
2. რისკი - თუ საჯარო გამოსვლის გიწევთ მეტად საპასუხისმგებლო მისიის შესრულება (მაგალითად, სადოქტორო დისერტაციის დაცვა, ან სხვა მსგავსი) და სასწორზე მნიშვნელოვანი რამ დევს, მაშინ ნერვიულობაც მეტია. ეს დანაკარგის, წარუმატებლობის შიშია.
3.შესრულების პირობები (გარემოებები) - თუ შესრულების პირობები იცვლება (მაგალითად, თუ სემინარის მოყოლის დროს ფანჯრიდან შემოიჭრა რემონტის ხმა), ეს ნეგატიურად აისახება თქვენს თავდაჯერებულობაზე, ემოციურ მდგომარეობაზე. ნუ მიაწერთ საჯარო გამოსვლის შიშს შესრულების პირობებს, თუმცა უკანასკნელი ხელს უწყობს, აპროვოცირებს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიშს.
როგორ დავძლიოთ საჯარო გამოსვლის, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში?
სტუდენტები ხშირად ნერვიულობენ სემინარის მოყოლის, ან კონფერენციაზე გამოსვლის წინ და ეს ბევრისათვის ბარიერიც კი ხდება სწავლის პერიოდში.
7 ძირითადი, ტოპ-რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიშთან გამკლავებაში:
1.გამოკვეთე შენი შიშის წყარო!
საიდან მოდის ის? რისი გვეშინია ყველაზე მეტად კონკრეტული საჯარო გამოსვლის ფარგლებში? დამსწრეთა ნეგატიური შეფასების თუ აუდიტორიის მხრიდან საერთოდ დაიგნორების?
2.შეცვალე შენი ფიქრის ფოკუსი, გადაერთე ნეგატიურიდან პოზიტიურზე!
დაფიქრდი, რა დადებით შედეგს მოგიტანს ეს გამოსვლა?
3.გამოკვეთე, თუ რისთვის გჭირდება ეს გამოსვლა!
მაგალითად, რისთვის მჭირდება სემინარის მოყოლა, ან კონფერენციაზე დასწრება, არის თუ არა ეს ჩემთვის აუცილებელი ნაბიჯი?
4.მეტი დრო გამოყავი საჯარო გამოსვლისათვის მოსამზადებლად!
5.ჩაწერე შენი საჯარო გამოსვლის ვიდეო და გააანალიზე მისი სუსტი და ძლიერი მხარეები!
ცალსახად ნეგატიურად ნუ აღიქვამ მას, გამოკვეთე ჯერ დადებითი და მერე - უარყოფითი თუ სუსტი მხარეები, რის შეცვლასა, ან გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაო.
6. გაიარე გენერალური რეპეტიცია იმ ადგილას, სადაც საჯარო გამოსვლა მოგიწევს!
7.მოერიდე პერფექციონისტობას, საკუთარი თავისადმი ზედმეტად მაღალი მოთხოვნების წაყენებას!
აბსოლუტური სრულყოფილებისაკენ ზედმეტად სწრაფვით საკუთარ თავს დატანჯავთ, რაც ეფექტური ვერ იქნება.
წყარო:
55 შეფასება არ არის
|