ფსიქოლოგია მასობრივი კომუნიკაციის პროცესზე,მედიის დარწმუნების მცდელობაზე მოქმედი 3 ძირითადი ფაქტორი "ლასუელის ფორმულიდან" 2019, 25 იანვარი, 20:30 "ლასუელის ფორმულა" თანამედროვე პოლიტოლოგიისა და პროპაგანდის ცნობილმა მკვლევარმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰაროლდ ლასუელიმ XX საუკუნის 30-იან წლებში შეიმუშავა მასობრივი კომუნიკაციის პროცესის ხუთკომპონენტიანი მოდელი, რომელიც მოგვინებით, 1948 წელს, "ლასუელის ფორმულის" სახელწოდებით გამოქვეყნდა. ესაა კომუნიკაციის პროცესის შემადგენელი ასპექტების შესახებ ხუთკომპონენტიანი, ხუთკითხვიანი სქემა. აღნიშნული სქემის თანახმად, მასობრივი კომუნიკაციის პროცესი მოიცავს 5 ძირითად ფაქტორს.ესენია: 1.კომუნიკატორი (ინფორმაციის გადამცემი); 2.გზავნილი, შეტყობინება ანუ ე.წ. მესიჯი (ინფორმაციის შინაარსი, კონტენტი); 3.არხი (ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალება: ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი, სოციალური ქსელები და ა.შ.); 4.აუდიტორია (რეციპიენტი ანუ ინფორმაციის მიმღები); 5.ეფექტი (მასობრივი კომუნიკაციის პროცესის შედეგი, მისი გავლენა აუდიტორიაზე, რომელიც ან დადებითია, ან უარყოფითი); ჰაროლდ ლასუელი შესაბამისად, ჰაროლდ რასუელის აზრით, მასობრივი კომუნიკაციის პროცესის განხორციელებისას მნიშვნელოვანია 5 რამ: "ვინ ამბობს, რას ამბობს, რა არხით, ვისთვის, და რა ეფექტით? (Who Says, What in Which, Channel to Whom, with What Effects)". თანამედროვე ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგი, ელიოტ არონსონი თავისი წიგნის " სოციალური ცხოველი" მესამე თავში მსჯელობს მასობრივი კომუნიკაციის პროცესის შესახებ და მასზე მოქმედი ფაქტორებიდან ყურადღებას უთმობს "ლასუელის ფორმულის" სამ ძირითად ასპექტს: კომუნიკაციის წყაროს, ბუნებასა და აუდიტორიას. ელიოტ არონსონის მიხედვით, მასობრივი კომუნიკაციის პროცესის აუდიტორიაზე ზემოქმედების ეფექტიანობას, დარწმუნების მცდელობის წარმატებას განსაზღვრავს სამი უმთავრესი ფაქტორი: 1.კომუნიკაციის წყარო (ინფორმაციის გადამცემი პირი); 2.კომუნიკაციის ბუნება (ინფორმაციის მიწოდების ფორმა); 3.რეციპიენტის, ინფორმაციის მიმღების მახასიათებლები (აუდიტორიის რაგვარობა); კომუნიკაციის წყარო 1.კომუნიკაციის წყაროსადმი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა სარწმუნოობა, პრესტიჟულობა, კომუნიკაციის ავტორიტეტულობა, რაზეც თავის დროზე არისტოტელემ პირველმა გაამახვილა ყურადღება. იგი ორატორის პიროვნულ ღირსებებს, დადებით თვისებებს, კეთილშობილურ ბუნებასა და ზნეს მიიჩნევდა დარწმუნების მთავარ იარაღად. არისტოტელეს მოსაზრების მართებულობას ამტკიცებს 1951 წელს, მეცნიერების: კარლ ჰოვლანდისა და უოლტერ ვაისის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კერძოდ, მათ ადამიანებს, ცდისპირებს მოასმენინეს მტკიცება ატომურ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავების გამოგონების შესაძლებლობის შესახებ, რაც იმ დროისათვის აბსოლუტურად არარეალურ წინადადებად ჟღერდა. ცდისპირთა ერთ ნაწილს უთხრეს, რომ ეს მტკიცება ეკუთვნოდა ნაკლებად სარწმუნო წყაროს, ხოლო ადამიანთა მეორე ჯგუფს უთხრეს, რომ ატომურ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავების შექმნის შესაძლებლობებზე მსჯელობა მოდიოდა სარწმუნო პირისაგან. პირველმა ჯგუფმა არ დაიჯერა, რომ მიწოდებული აზრი, შესაძლოა, რეალობად იქცეს, ხოლო ხოლო მეორე ჯგუფმა ეს ინფორმაცია სარწმუნოდ მიიჩნია. მას შემდგომ, რაც პირველი კატეგორიის, ჯგუფის წარმომადგენლებმა გაიგეს, რომ ნაკლებად სარწმუნო წყარო კომუნისტური გაზეთი "პრავდა" იყო, აზრი ერთეულებმა თუ შეიცვალეს, ხოლო ცდისპირთა მეორე კატეგორიამ, სარწმუნო პირად ცნობილი ატომური ფიზიკის სპეციალისტის - რობერტ ოპენჰაიმერის დასახელების გავლენით, უფრო ღრმად ირწმუნა ატომურ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავების შექმნის პერსპექტიულობა და ადვილი მოსალოდნელობა. კომუნიკატორისადმი მეორე მოთხოვნაა სანდოობა. ინფორმაციის გადამცემი პირი მაშინაა სანდო, როცა მსმენელი ხედავს, რომ კომუნიკატორი არაფერს იგებს, სარგებელს არ იღებს ჩვენი დარწმუნებით და მიზანმიმართულად არ ცდილობს კონკრეტული სახის გავლენის მოხდენას. კომუნიკატორის მახასიათებელია, ასევე, მიმზიდველობა (გადასაცემი ინფორმაციის ხასიათთან კომუნიკატორის გარეგნობის ადეკვატურობა). მაგალითად, ამ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად "NIKE"- ს თუ სხვა სპორტული ბრენდის რეკლამირებისათვის სპორტსმენებს მნიშვნელოვან თანხას უხდიან. კომუნიკაციის წყაროს გავლენა დარწმუნების მცდელობის წარმატებაზე, ელიოტ არონსონის მიხედვით, შეიძლება, ასე შეჯამდეს: ="ჩვენს შეხედულებებზე გავლენას ახდენენ ერთდროულად სანდო და მცოდნე ადამიანები. =კომუნიკატორის სანდოობა (და ეფექტურობა) შეიძლება, გაიზარდოს, თუ ის არ ცდილობს ჩვენს მოსაზრებებზე გავლენის მოხდენას. =როდესაც საქმე ეხება ტრივიალურ მოსაზრებებს და ქცევას, თუ მოგვწონს ეს ადამიანი და გვსურს მასთან იდენტიფიცირება, მის მოსაზრებებსა და ქცევას უფრო მეტად შეუძლია ჩვენზე გავლენის მოხდენა. =და კიდევ, როდესაც საქმე ეხება ტრივიალურ მოსაზრებებს და ქცევას, თუ მოგვწონს ეს ადამიანი, მას შეუძლია ჩვენზე გავლენის მოხდენა, თუნდაც აშკარა იყოს, რომ ის ცდილობს გავლენის მოხდენას და სარგებლობას იღებს ამ გავლენისაგან" [არონსონი, 2014, 90]. კომუნიკაციის ბუნება 2.კომუნიკაციის ბუნება გულისხმობს იმას, თუ როგორ გადასცემს კომუნიკატორი ინფორმაციას დარწმუნების ეფექტის მისაღწევად. მისი ერთ-ერთი ასპექტია ლოგიკური გავლენა ემოციურის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ დარწმუნების მცდელობის ეფექტიანობას შეიძლება, ძირითად შემთხვევებში შეიძლება, ზრდიდეს ემოციური მხარე, სხვა შემთხვევებში - ლოგიკურ აზროვნებაზე აქცენტირება. ჯორჯ ჰარტმანის კვლევის შედეგების თანახმად, ემოციური გავლენის ქვეშ მყოფი ელექტორატი უფრო დაუჭერს მხარს მითითებულ კანდიდატს, ვიდრე ლოგიკური გავლენის ქვეშ მყოფი ამომრჩევლები. კომუნიკაციის ბუნების, როგორც დარწმუნების ეფექტურობაზე მოქმედი ფაქტორის, მახასიათებლებია, ასევე: =სტატისტიკური, რიცხვითი მაჩვენებლების დამოწმება პირადი მაგალითის წინააღმდეგ (სტატისტიკური მონაცემებისა და პირადი გამოცდილების გავლენა); =ერთი მხარის არგუმენტები მეორე მხარის არგუმენტების წინააღმდეგ (როცა არა მარტო საკუთარი არგუმენტებია წარმოდგენილი, არამედ, ამავდროულად, ოპონენტთა მსჯელობის მართებულობა, სისწორე დასაბუთებულადაა უარყოფილი); ="პირველობის ეფექტი" და "სიახლოვის ეფექტი" ანუ არგუმენტების თანმიმდევრობა. პირველი გამომსვლელი ვიყოთ თუ ბოლო? პირველი გამოსვლა იწვევს "პირველობის ეფექტს", როცა კომუნიკატორმა უკვე მოახდინა გავლენა აუდიტორიაზე, ოპონენტისაგან განსხვავებით. ბოლოს გამოსვლა უზრუნველყოფს "სიახლოვის ეფექტს", მსმენელებს ბოლო სიტყვები უკეთ ამახსოვრდებათ); =განსხვავების ზომა ანუ მისაღებობის საზღვრები. აუდიტორიის მოსაზრებისაგან რამდენად განსხვავებულად წარმოაჩენს კომუნიკატორი საკუთარ მოსაზრებას. მეცნიერთა ერთი ნაწილის (ჰოვლანდი, ჰარვეი, შერიფი) მტკიცებით, თუ კომუნიკატორის შეხედულებები მსმენელის მოსაზრებებისაგან მკვეთრად განსხვავებულად გამოჩნდება, ინფორმაციის გადამცემი, კომუნიკატორი აღმოჩნდება მისაღებობის საზღვრების მიღმა, მას ნაკლებად გაუწევენ ანგარიშს. აუდიტორია, (მსმენელი, მაყურებელი) 3.აუდიტორიის, მსმენელთა (როგორც დარწმუნების მცდელობის ეფექტიანობაზე მოქმედი ფაქტორის) მახასიათებლებია: ა.თვითშეფასება; ბ.პოლიტიკური ორიენტაცია; გ.მსმენელთა წინარე გამოცდილება; ა.თვითშეფასება. ადამიანები, რომლებიც ხასიათდებიან დაბალი თვითშეფასებით, საკუთარ შესაძლებლობებზე არასწორი წარმოდგენით, უფრო ადვილად ექვემდებარებიან მასობრივი კომუნიკაციის დარწმუნების მცდელობის ზემოქმედებას, ვიდრე თავდაჯერებული ინდივიდები. ბ. პოლიტიკური ორიენტაცია. მედიის დარწმუნების მცდელობაზე უშუალოდ აისახება აუდიტორიის პოლიტიკური მრწამსის რაგვარობა. მაგალითად, რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებენ. შესაბამისად, კონსერვატულად და ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანებთან მასობრივი კომუნიკაციის პროცესი, მედიის დარწმუნების მცდელობა ერთნაირი არგუმენტებით ვერ გაამართლებს, ვერ იქნება წარმატებული. კონსერვატორების დარწმუნების ხარისხს გაზრდის საფრთხეებთან დაკავშირებული არგუმენტები, ხოლო ლიბერალებისას - ფაქტებსა და დეტალებზე ორიენტირებული, ლოგიკური და არა ემოციური, არგუმენტები. გ.მსმენელთა წინარე გამოცდილება. აუდიტორია მედიის დარწმუნების მცდელობას უფრო ადვილად დაექვემდებარება, თუ მას უკვე აქვს შესაბამისი გონებრივი მზაობა კომუნიკაციის დაწყების დროისათვის. მაგალითად, ადამიანები, რომელთაც დაანახეს ჯგუფში მისაღებობა და ამ გზით თვითშეფასება წინასწარ განუმტკიცეს, გაცილებით მარტივად ექცევიან მედიის დარწმუნების უნარის გავლენის ქვეშ. მოსაზრებები დამოკიდებულებების წინააღმდეგ. ადამიანის დარწმუნების სირთულის ხარისხს განსაზღვრავს მოსაზრებები და დამოკიდებულებები. მოსაზრება გულისხმობს რაღაცის ფაქტობრივ სიმართლედ მიჩნევას (მაგ: ბოსტნეულის მირთმევა ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა), ხოლო დამოკიდებულება არის ისეთი მოსაზრება, რომელიც ერთდროულად შეიცავს ემოციურ და შეფასებით კომპონენტებს, მოიაზრებს დაწუნებას ან მოწონებას (მაგ:აზიელებს არ ახასიათებთ გულახდილობა). გამომდინარე იქიდან, რომ დამოკიდებულებები, შეფასებითთან ერთად, გულისხმობს ემოციურ მხარესაც, დარწმუნების მცდელობის ეფექტურობის ზრდის ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე მოსაზრება. ტელევიზორის ყურების გავლენა. მედიის დარწმუნების მცდელობის გამოხატულებაა ტელევიზორის ყურების გავლენა. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების მიერ ტელევიზიით ასახული რეალობის სურათის დარწმუნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ აუდიტორია შეცდომაშიც კი შეჰყავს.1960-70-იან წლებში ამერიკული მედია დანაშაულის 10-ჯერ მეტ მაჩვენებელზე მიუთითებდა, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო;ასევე, თითქმის ყველა პერსონაჟი წარმოჩენილი იყო მენეჯერის სპეციალობით, როცა აშშ-ის მოსახლეობის 67 % რეალურად მხოლოდ უბრალო, რიგითი მუშაკებისაგან შედგებოდა;მამაკაცებს აჩვენებდნენ 3-ჯერ მეტი სიხშირით, ვიდრე ქალებს; ეთნიკური უმცირესობები (მათი პრობლემები) იშვიათად, უმნიშვნელოდ იყვნენ წარმოდგენილი და ა.შ. ყოველივე ამტკიცებს, რომ ტელევიზიას, ისევე, როგორც სხვა ტიპის მედიასაშუალებას აქვს უდიდესი დარწმუნების უნარი, თუმცა ზემოქმედების შედეგი შეიძლება, უარყოფითიც იყოს და დადებითიც.
171 1-ს მოსწონს
|