x
image
ლანა92
"კიბორჩხალების სათლში" იმყოფებით? სასწრაფოდ მოშორდით! - აუცილებლად წასაკითხი

image


"არსებობს ერთი მეტად საინტერესო თეორია, რომელსაც კიბორჩხალების სათლის თეორია" ("crab bucket theory") ეწოდება.

საქმე ისაა, რომ სათლში აღმოჩენილ კიბორჩხალებს ცალ-ცალკე თავისუფლად შეუძლიათ, დააღწიონ თავი ტყვეობას, თუმცა, როგორც კი, რომელიმე მათგანი ამას შეეცდება, დანარჩენები ჩაეჭიდებიან ხოლმე და უკან აბრუნებენ. სწორედ აქედან მოდის ტერმინი "კიბორჩხალის მენტალიტეტი". ესაა აზროვნების პატერნი, რომელიც "თუ მე ვერ მექნება, ვერც შენ გექნება" ლოგიკით მოქმედებს.

კონკურენცია, შური, უთანასწორობის განცდა, შეთქმულება, აგრესია ... - ეს ადამიანური ბუნების ნაწილია.



image


ჯგუფის წევრები ეცდებიან, შეარყიონ თქვენი თავდაჯერებულობა უარყოფითი გამოცდილების გაზიარებით და ამ გზით შეაჩერონ თქვენი პროგრესი, თუკი დამოუკიდებლად ეცდებით "სათლიდან თავის დაღწევას". ეს ინსტინქტია და თავიანთი ქცევის მოტივს ხან აცნობიერებენ, ხან - ვერა. მათ "სიკეთე" სურთ, "აბა, თქვენთვის ცუდი უნდათ?"

რამის გაკეთებას როცა აპირებ და გეუბნებიან, რომ შეეშვა, რადგან მაინც არაფერი გამოვა, კიბორჩხალების სათლში ხართ. მაგალითად, სამსახური გაქვთ და მეორე განათლების მიღება გადაწყვიტეთ, ან საერთოდ სამსახურიდან წასვლა, ახალი ბიზნესის დაწყება, სხვა ქვეყანაში ბედის ცდა, საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლა, ან ხელმეორედ ქორწინება და ახლობლები, ზოგჯერ საკუთარი ოჯახის წევრები და მეგობრებიც კი, იმის ნაცვლად, რომ წაგახალისონ, მიწაზე დაშვებას გთხოვენ.

"დაფრინავ, რა", "მოგცლია", "როდის უნდა გაიზარდო?", "მაგის გჯერა?", "რაში სჭირდებათ შენნაირი?", "რამე უფრო რეალურზე იფიქრე!", "როდის ისწავლი ჭკუას?", "აზრი არ აქვს და ტყუილად კარგავ დროს"... გეცნობათ, არა? ან კიდევ ირონიული ღიმილი, თითქოს დაგცინიან, რომ ჯერ კიდევ რაღაცის გჯერა ამ სამყაროში, ამ ქვეყანაში, ამ მოცემულობაში ... მათ სცადეს და არ გამოუვიდათ, ან არც უცდიათ და ამიტომ არ გამოუვიდათ და რატომ უნდა გამოგივიდეთ თქვენ? ეს არის კიბორჩხალის მენტალობა, რომელიც მთელ ჯგუფს დაღუპვას უქადის.

ვერაფერს იზამ...

ერთადერთი გამოსავალია, იყო ძლიერი, ჩაებღაუჭო საკუთარ რწმენას, როცა სხვები ქვემოდან გებღაუჭებიან და სცადო, სცადო, ყველაფრის მიუხედავად, რადგან სხვების შესაძლებლობების ზღვარი სხვების შესაძლებლობების ზღვარია და შენი შესაძლებლობების ზღვარი - შენი!ს შენი ისტორიაა. როდესაც გეუბნებიან, რომ ვერ შეძლებ, მიტრიალდი და უთხარი: მიყურეთ!"

წყარო: IBEL Academy, ლინკი: https://www.facebook.com/ibel.academy/

ნამდვილად დამაფიქრებელი თეორიაა, რომელიც პრაქტიკაში ხშირად მოქმედებს. დიახ, ყველა ჩვენგანი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე განვიცდით უარყოფით ზემოქმედებას გარშემომყოფებისაგან (მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, კოლეგები და ა.შ.), როცა ისინი ნებისმიერ უწყინარ ნაბიჯზეც კი "გვამუხრუჭებენ", მოგვიწოდებენ თავშეკავებისაკენ.

"არაფერი გამოვა", "ღრუბლებში დაფრინავ და საქმეს მიხედე, საქმეს", "რამე უფრო სასარგებლო, შედეგის მომტანი აკეთე", ალბათ, ბევრჯერ გაგიგიათ თქვენი ნაცნობებისაგან. ყველაზე ხშირად, ალბათ, ამ სიტყვებს უფრო ოჯახის წევრებისაგან გაიგებდით, რადგანაც ისინი თქვენთან ყველაზე ახლოს არიან და არ მოერიდებათ, რომ თქვენზე "იზრუნონ", "სიმართლე" თქვენი მიზნების, სურვილების ილუზიურობის, არარეალურობის შესახებ მოურიდებლად მოგახალონ პირში და ამით იმედგაცრუება "აგარიდონ". თუ თქვენ ზოგჯერ უჯერებთ კიდეც მათ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ "კიბორჩხალების სათლში" იმყოფებით. თუ უმეტეს შემთხვევაში მათი (ოჯახის წევრების, ახლობლების) კარნახით მოქმედებთ (უფრო სწორად, უმოქმედოდ ხართ, არ მოქმედებთ, თავს იკავებთ კონკრეტული ნაბიჯებისაგან მთელი ცხოვრება), მაშინ არასოდესაა გვიანი, რომ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოთ და ერთხელ და სამუდამოდ დატოვოთ "კიბორჩხალების სათლი". რაც ადრე გაიაზრებთ და გააკეთებთ ამას, მით უკეთესი თქვენთვის, ნაკლებს დაკარგავთ ცხოვრებაში.

დიახ, თქვენ თქვენ ხართ, სხვები სხვები არიან, როგორი ახლობელი ადამიანებიც უნდა იყვნენ, რადგან, საბოლოო ჯამში, საკუთარ ცხოვრებაზე ცალსახად, მარტო აგებთ პასუხს და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღების უფლებაც თქვენ გაქვთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. საკუთარი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პასუხისგებლობაა (და არა კოლექტიური, ოჯახური, ან საზოგადოებრივი) და მასზე გადაწყვეტილებების მიღების უფლებაც ცალსახად თქვენ გეკუთვნით. პასუხისმგებლობა და თავისუფლება განუყოფელია ერთმანეთისაგან. გაქვთ თავისუფლება? - აუცილებლად გაკისრიათ პასუხისმგებლობაც; გეკისრებათ პასუხისმგებლობა? - გეკუთვნით, იმსახურებთ თავისუფლებასაც! ერიდეთ დანაკარგებს! თუ უკვე დააღწიეთ თავი "კიბორჩხალების სათლს", ნუ დაბრუნდებით იქ და თუ მაინც მოგიწევთ დაბრუნება, დიდხანს ნუ დაყოვნდებით.

დიახ, ეს თქვენი ცხოვრებაა. "კიბორჩხალების სათლში" თუ მიგიპატიჟებენ და თქვენთვის ხელის ჩავლებას გადაწყვეტენ, გახსოვდეთ და იმეორეთ: "ეს ჩემი ცხოვრებაა!"

"This is my life" ("ეს ჩემი ცხოვრებაა") - მუსიკა განწყობისათვის:

ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=NGVH7QufDKE

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0