x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რას ნიშნავს, იყო ქართველი და მაშასადამე ევროპელი?
1999 წელს, როცა საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, ზურაბ ჟვანიამ, რომელიც მაშინ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: “მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი!”


23 წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან, მაგრამ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დღემდე ვერ აცნობიერებს ამ სიტყვების უზარმაზარ მნიშვნელობას. ზოგიერთი კი საერთოდაც, სტალინის თაყვანისცემაშია გართული და ქართული წარმომავლობის საბჭოთა დიქტატორის სახელის განდიდებაში ხედავს თავისი ცხოვრების აზრს. იოსებ სტალინის ფეიჯს Facebook-ზე 30 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ხოლო მის კედელზე განთავსებული თითოეული პოსტი ასობით და ათასობით გულით და ლაიქით ფასდება.


არადა, იოსებ სტალინიც, ლავრენტი ბერიაც, სერგო ორჯონიკიძეც, ფილიპე მახარაძეც და საერთოდ, ყველა ის ქართველი მოღალატე, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე სსრკ-ს მართავდა, იყო ჩვენი საზოგადოების იმ ფენის წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენ ხატოვნად “პირიქითა ბაბლს” ვუწოდებთ. ნორმალურ პირობებში ასეთ ფენას არანაირი გავლენა არ გააჩნია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე და ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ სამწუხაროდ საქართველო ისეთ მძიმე დღეშია, რომ 1921 წლის შემდეგ დღემდე “პირიქითა ბაბლი” გვმართავს და ამ საშინელებას დასასრული არ უჩანს.


ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ლამაზ-ლამაზი იდეა, რომელიც ერის ინტერესებს არ ემსახურება. ყველაზე მთავარი არის საქართველო და ქართველი ერი. ადამიანი, რომელსაც საქართველო და ქართველი ერი არ უყვარს, სულაც რომ ჭეშმარიტებებს ქადაგებდეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მე არ მომწონს. ჩემთვის გროშის ფასი აქვს მის ნათქვამ თითოეულ სიტყვას. საკუთარი მშობლები, პაპა-ბებია და წინაპრები თუ არ გიყვარს, რომელ მაღალ მატერიებზე მელაპარაკები შენ საერთოდ? ჯვრის მონასტერი რანაირად არ უნდა გიყვარდეს? გელათი, ყინწვისის ფრესკა, სიღნაღი და იკორთა რანაირად არ უნდა გიყვარდეს? ქართული ვაზი, “ვეფხისტყაოსანი, ” ბექა და ბეშქენ ოპიზრების ნამუშევრები, რაბათი და ვარძია, სვანური კოშკები და ხახულის კარედი რანაირად არ უნდა გიყვარდეს? ეს ყველაფერი არ გიყვარს და ახალ ზელანდიაში მცხოვრები მუშის გაჭირვებაზე წუხხარ?



ეს ხომ შეუძლებელია.


მთავარი არის საქართველო, ქართველი ერი და მისი ინტერესები. ევროპაც მთავარია, რადგან ეს არის ჩვენი ცივილიზაცია. კვიპროსული მონასტრები ჯვრის მონასტერს ჰგავს, ხოლო რუმინული ფრესკები - ქართულ ფრესკებს. ჩვენ ერთი სამყარო ვართ. ხოლო იმას რაც შეეხება, რომ მე დაღესტნელებთან უნდა გავერთიანდე, უდმურტებთან, ტაჯიკებთან და ყირგიზებთან უნდა გავერთიანდე, თვალი უნდა დავხუჭო ყველანაირ განსხვავებებზე, რაც ჩვენს შორის არსებობს და ეს ყველაფერი რაღაც გაურკვეველი “ზოგადსაკაცობრიო იდეისთვის” უნდა გავაკეთო, ეს არის ჯოჯოხეთური აზრი. ამ ლამაზი იდეის მიღმა სიკვდილი მეფობს და იმპერიული სულისკვეთება ოსტატურად იმალება.


მას, ვისაც ყველა უყვარს, რეალურად არავინაც არ უყვარს. შეუძლებელია, ყველა გიყვარდეს და ერთგული დარჩე ყველას მიმართ. ოდესმე აუცილებლად მოგიწევს არჩევანის გაკეთება და ნორმალური ადამიანი ამ არჩევანს აკეთებს ყოველთვის საკუთარი წინაპრების, საკუთარი ერის და საკუთარი ახლობლების და არა გადამთიელების სასარგებლოდ, რომლებმაც გუშინ ის დაიპყრეს და მისი სამშობლო იავარჰყვეს. ამიტომ მე არ მწამს, რომ რუსეთის კომუნისტური იმპერია, რომელიც აერთიანებდა ბუდისტებს, ქრისტიანებს, ისლამის მიმდევრებს და ასეულობით სხვადასხვა ერის და წარმომავლობის ხალხს, ეს არის კაცობრიობის მომავალი.


მე არ ვიცი, თუ როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი, მაგრამ ის კი ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია და ჩვენი ერის ხსნის და გადარჩენის გასაღები ევროკავშირში მდებარეობს. ამ გზით უნდა ვიაროთ, რადგან ეს არის ჩვენი ერის სავალი გზა. ეს გზა არ ემუქრება ჩვენს ეროვნულ იდენტობას წაშლით და გადაგვარებით. პირიქით, ეს გზა ჩვენს ეროვნულ იდენტობას აყვავებას და არნახულ გაფურჩქვნას ჰპირდება.


ამრიგად, გამოთქმა “მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი” ნიშნავს, რომ მე ჩემი ერის პატრიოტი ვარ და მინდა შევინარჩუნო ჩემი წინაპრების მიერ დანატოვარი თვითმყოფადობა, რასაც ყველაზე უკეთ ევროპაში მოვახერხებ. გამოთქმა “მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი” ნიშნავს სიკეთეს, წინსვლას, იდენტობის შენარჩუნებას, განვითარებას, სიმდიდრეს და პროგრესს, ხოლო მისი საპირისპირო მსჯელობა და ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმა ნიშნავს კოსმოპოლიტიზმს, სამშობლოს სიძულვილს, საკუთარი ერის გმირების და საკუთარი დიდებული წინაპრების უგულვებელყოფას, სიღატაკეს, უგემოვნობას და სირცხვილს. აი ასე მარტივია ჩემთვის ყველაფერი. მარტივი და კონკრეტული და არა განყენებული, რთული და აბსტრაქტული.


ევრო

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0