საქართველო ბორჯომი და ბორჯომელები, სად გაქრა კუკუშკა და ავტობუსი 2022, 12 ოქტომბერი, 9:37 ბორჯომის ხეობიდან ახლახანს დავბრუნდი შთაბეჭდილებებით აღსავსე! ყოველ ნახვაზე მაოცებს ეს ხეობა მისი სილამაზით და უნიკალურობით. ღმერთო, რა მადლია დაბერტყილი ამ პატარა და კოპწია საქართველოზე, მადლობის მეტი რა გვეთქმის, ყოველდღე მადლობას უნდა ვწირავდეთ, ჩვენ კი, რა უმადურები ვართ! გვაპატიე, რომ ვერ ვუვლით, გონს მოგვიყვანე, იქნებ მივხვდეთ, როგორ უნდა ვიქცეოდეთ, რა არის სწორი და რა არასწორი! დიდუბის ავტოსადგურში მივედი, ბორჯომის ავტობუსს ვეძებდი, რომლითაც საბჭოთა დროს მიმგზავრია, შესანიშნავი იკარუსები მოძრაობდნენ მაშინ, სუფთა და კომფორტული. ახლა, რომ ვიკითხე, ვიღაც პროვინციელმა კაცმა გაკვირვებულებმა მკითხა უხეშად, რომელი საუკუნეა, რა დროს ავრობუსიაო? მივაკვლიე სალაროს და აღმოჩნდა, რომ მართლაც აღარ დადიან ავტობუსები, მიკროავტობუსები მოძრაობენ მხოლოდ. ავიღე ბილეთი და მოვძებნე მიკროავტობუსი, წარწერით "თბილისი - ბორჯომი - ახალციხე". რამოდენიმე მგზავრი იჯდა და მძღოლმა მალე გავდივართო. ეს იყო, როგორც იტყვიან „ადამ და ევას დროიდნელი“, დანჯღრეული, ბინძური მიკროავტობუსი, ე.წ. „მარშრუტკა“, რომელშიც თავმოყვარე ადამიანი არც ჩაჯდებოდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო, ალტერნატივა არ არსებობდა. ეს არის ერთადერთი ტრანსპორტი, რომელიც თბილისს ბორჯომთან აკავშირებს. მანქანით წასვლაზე და ტაქსზე არც კი მიფიქრია, საწვავის ფასებიდან გამომდინარე. სახლ-კარს ხომ არ გავყიდდი ერთი ბორჯომის ვიზიტის გამო. როგორც იქნა ჩავაღწიეთ ბორჯომში, არა და ეჭვი მქონდა, რომ ბოლომდე ვერ ჩაგვიყვანდა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც აღმოვჩნდი. სასტუმროდან ცენტრამდე რამოდენიმე გაჩერება იყო. ტრანსპორტი ძალიან ცუდად მოძრაობდა, ვერ დავაფიქსირე რა პერიოდულობით. არა და ფეხითაც ვერ წახვალ, ვცადე, მაგრამ იმხელა ტრაილერები დადიან გზაზე და ისეთი სიხშირით, რომ იქ ფეხით სიარულის ყველანაირი სურვილი გაგიქრება, მითუმეტეს, თუკი აცნობიერებ, რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას ეს გამონაბოლქვი, რომელსაც თავქუდმოგლეჯილი გამოვექეცი თბილისიდან. ტაქსი გავაჩერე და ტაქსისტი გამომელაპარაკა. როგორც ბორჯომელების უმეეტესობა, ისიც ძალიან უკმაყოფილო იყო „დროებით“. რატომ დადიან ბორჯომის ხეობის გავლით ამხელა ტრაილერები, ეკოლოგიაზე ეს ხომ სასტიკად იმოქმედებს, მეცოდება ეს ხეობათქო, ვუთხარი. „ეეხ, ქალბატონო, ვინაა პატრონიო“, მითხრა. „ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს არსებობდა გეგმაო“. რა გეგმათქო, ვკითხე. „ესტაკადა უნდა აშენებულიყო და ეგ ტრაილერები ქალაქში აღარ ივლიდნენო“. მერე, რატომ არ აშენდა, რა უშლის ხელსთქო, დავინტერესდი. „რა უშლის ხელს და მიშას დროს ეს პროექტი არსებობდა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი და უკვე უნდა დაეწყოთ, მაგრამ ვეღარ მოასწრესო“. ახლა რა ხდებათქო, ვკითხე. „ახლა სადღაა პატრონიო“, გულდაწყვეტით ჩაიდუდღუნა. რკინიგზის სადგური ვიკითხე, მაინტერესებდა ისევ იქ იყო თუ არა და მატარებლით დაბრუნება თუ შეიძლებოდა. აღმოჩნდა, რომ სადგური, უფრო სწორედ სადგურის შენობები, ისევ იქ არის, ორივე, ადრე ორი არსებობდა და კარგად მახსოვს, ორივე ფუნქციონირებდა, სულ რაღაც ხუთიოდ წლის წინ, ახლა აღარც ერთი არ ფუნქციონირებს. პარკთან რომ მოვხვდი, შევიარე ცენტრალური სადგურის შენობაში, იქ ნოტარიუსი და სხვადასხვა ოფისები იყო განლაგებული. ვეძებე და რომ ვერ ვიპოვე, მოვიკითხე. „სადგური აქ არის, მაგრამ აღარ მუშაობსო“, მიპასუხეს. როგორ, მატარებლები აღარ დადიან ბორჯომიდან? გაკვირვებულმა ვკითხე თავაზიან მამაკაცს, მგონი დარაჯი იყო. „არა, თბილისში კი დადიან, მაგრამ ბაქანზე უნდა გახვიდეთო“. "კუკუშკა" მოვიკითხე, მაინტერესებდა საიდან გადის. აღმოჩნდა, რომ კუკუშკა საერთოდ აღარ დადის, უკვე რამოდენიმე წელია. კი მაგრამ, სად გაქრა "კუკუშკა", რატომ? "დაზიანდა გზა და ჩავარდა ქალბატონო, მიხედვა უნდაო", მიპასუხეს. თურმე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს რამოდენიმე წელია. ბორჯომპარკში შევიარე, ბორჯომიდან ისე როგორ წამოხვალ პარკში რომ არ მოხვდე. გული მომიკვდა, მდინარე სავსე იყო ნაგვით, გადაყრილი პლასტმასის ბოთლები, თვალში რომ უხეშად გეცემა. არა და რა სილამაზეა, რა გული უძლებთ, ან იმას, ვინც გადაყარა და ან იმათ, რომ არ ასუფთავებს. ერთი სიტყვით, მოუვლელობის, მიტოვებულობის განცდა დამეუფლა, ბორჯომს აშკარად სჭირდება მეტი ხელის შევლება. ის კი გამეხარდა, რომ საბაგირო მუშაობს. როგორც ბორჯომელებმა მითხრეს, ეგეც მიშას აღდგენილი ყოფილა. რა ვქნა ახლა, მიშისტები როგორ გავამტყუნო? „კაცმა, რომელიც პრეზიდენტად ორჯერ აირჩია ხალხმა და ამდენი სასიკეთო რამ გააკეთა ქვეყანაში, ციხეში როგორ უნდა დაასრულოს მისი სიცოცხლე, ნუთუ ადამიანობა აღარ არისო?“ არაერთმა მითხრა. ვეთანხმები ბორჯომელებს, სირცხვილია, მართლაც დიდი სირცხვილი. ქართველი მუდამ სულგრძელობით და დიდბუნებოვნებით გამოირჩეოდა, ახლა ვინ გვკარნახობს ამ სისასტიკეს და დაუნდობლობას, ნუთუ ეს ჩვენი ხალხის წიაღიდან მოდის? ძნელად დასაჯერებელია, მითუმეტეს თუ ხალხს დაელაპარაკები, მათი აზრით თუ დაინტერესდები, მიხვდები, რომ ეს ასე არ არის. რა ვიცი, ხალხი ბრძენიაო, ქართველ კაცს უთქვამს, იქნებ ზოგჯერ მოვუსმინოთ ამ ხალხს, დაბულინგების ნაცვლად, ჩვენ ხომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ? სადაც შევედი, სპა ცენტრებში, რომლებიც ბორჯომის ფეშენებლურ სასტუმროებშია განლაგებული, თუ რესტორნებში, კაფეებში თუ სხვაგან, ყველგან რუსი ტურისტების სიმრავლეა და პერსონალიც რუსულად გეგებება. პარკთან ადგილობრივებს გამოველაპარაკე, რაღაც ვიკითხე. ჩემსავით გულდაწყვეტილები იყვნენ იმით, რაც ხდება და მეც შევჩივლე, რა ხდება, სადაც შევალ - რუსულად მეგებებიან, რამ გაარუსა ეს ხეობათქო და პასუხით გაოცებული დავრჩი - „მაგაში ვერ გაამტყუნებ, არც ჩვენ გვეგონეთ ქართველი, იმათ მხოლოდ რუსული იციან და უცხოელებს რუსულად ელაპარაკებიანო“, სიცილით მითხრეს. მე რატომ არ უნდა ვგავდე ქართველს, არ მესმის, მაგრამ ის კი შევნიშნე, რომ ასეთ ტურისტულ კურორტზე, სადაც წესით ტურისტების მეტი სიმრავლე უნდა იყოს, ძალიან ჭირს ინგლისურის მცოდნე მომსახურე პერსონალის პოვნა. ინგლისური რომ საერთაშორისო ენაა, დაგვავიწყდა, თუ ესეც არასწორი პოლიტიკის შედეგია? პარკთან, საკმაოდ კარგ რესტორანში, უცხოელი შემოვიდა. ინგლისურად საუბრობდა და მომსახურე პერსონალი სიტყვას ვერ იგებდა. ბოლოს მენიუ მოუტანეს, სადაც კერძების ჩამონათვალს სურათებიც თან ახლავს და ხელის დადებით, ძლივს გააგებინა რა უნდოდა. ბევრი ხალხი არ იყო დარბაზში, უმეტესობა ზემოთ, ღია აივანზე ისხდნენ და ხედებით ტკბებოდნენ. ქარიანი საღამო იყო და პეიზაჟებით ტკბობის სიამოვნებას, პირველ სართულზე, დარბაზში, რომელიც ფაქტიურად ცარიელი იყო, თბილად ჯდომა ვარჩიეთ. დარბაზში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, მომესალმა და გამომელაპარაკა ეს კაცი. აღმოჩნდა, რომ ისრაელიდან გადმოსახლებულა საქართველოში, "ბორჯომი ავირჩიე საცხოვრებლადო", ამაყად მითხრა. გაოცებული იყო, "ასეთ ტურისტულ მხარეში, ინგლისური არავინ იცისო". მეც ეგ არ მიკვირს? ნუთუ საქართველოში, თან ბორჯომში, რომელიც ტრადიციულად, საკმაოდ განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით გამოირჩეოდა, ინგლისურის მცოდნე დაილია, რომ დაასაქმონ, ან დასაქმებულებმა შეისწავლონ ბოლოსდაბოლოს? ან, საქართველოში რკინიგზის ქსელი რატომ არ უნდა აკავშირებდეს ქალაქებს ერთმანეთთან, ავტობუსები რატომ არ უნდა დადიოდნენ, აკი ტურისტული ქვეყანა ვართ, რა ხდება და რატომ? უკანა გზაზეც, ცხადია, მიკროავტობუსით ვიმგზავრე, სხვა არჩევანი არ იყო. ის პირველზე უფრო ძველი, დანგრეული და ბინძური აღმოჩნდა. თითქმის სავსე იყო და სალონში საშინელი დახუთული ჰაერი იდგა. ვიღაც ახალგაზრდა კაცს მივუჯექი გვერდით, რომელსაც კეპი ეხურა, ყურსასმენები ეკეთა და თავი ჩარგული ჰქონდა ტელეფონში. მის წინ მჯდომ პატარა ბიჭუნას ვთხოვე, რომ ცოტა ფანჯარა შეეღო, თუ არ შეწუხდებოდა. ბიჭმა თავაზიანად დამიქნია თავი და შეაღო ფანჯარა. ჩემს გვერდით მჯდომმა, ბრგე ყმაწვილმა, რომელიც მისი სავარძლის და კიდევ ჩემი სავარძლის ნახევარზე გათხლაშულიყო, უეცრად თავი ასწია, ხელი წინა სავარძლის ზურგს გადაატარა და ფანჯარა მკვეთრად მოაჯახუნა. ეს იმდენად თვალში საცემი და უხეში ჟესტი იყო, რომ ურეაქციოდ ვერ დარჩებოდი. პატარა ბიჭმა, წინა სავარძლიდან, გაგკვირვებულმა და ოდნავ შეშინებულმა გამომხედა. ცხადია მეც გამიკვირდა. გაოცებულმა, მაგრამ მშვიდი ტონით ვკითხე - ახალგაზრდა, გცივათ? უეცრად კეპით ნახევრად დაფარულმა და წვერით გაბურძგნულმა სახემ ამომხედა და ახლაღა შევნიშნე, მისი უცხო ფიზიონომია. "Чтооо?" - უხეში ტონით მომიგდო. მე უხეშობაზე დუმილით ვუპასუხე. დუმილზე პასუხად - "Ай донт андерстэнд йор спиич!" ხისტად გამოსცრა კბილებში, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი, ჩვეული უხეშობით და აქცენტით. რასაკვირველია არაფერი მითქვამს, ასეთების დონეზე დაშვება რომ არ შეიძლება, ბავშვობაში მასწავლეს. "ბევრი უზრდელი და ხეპრე შეიძლება შეგხვდეს, ყველას დონეზე თუ დაეშვი, აბა წარმოიდგინე, მაშინ რა განსხვავებაა შენსა და მათ შორისო", ასე მასწავლეს ოჯახში, რის გამოც მადლიერი ვარ. როგორც მოგვიანებით მივხვდი, ყველასთვის ეს არ უსწავლებიათ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, ნერვებმა მიმტყუნა და ჩემთვის ჩავიბუზღუნე ქართულად, ის რასაც აქ არ გავიმეორებ, ეტიკეტის დაცვის მიზნით. ისევ მკვეთრი მოძრაობით, ნერვიულად მოიხსნა ყურსასმენები, და აგრესიულად შემომხედა. მე დემონსტრატიულად ავდექი და სხვა სავარძელზე გადავჯექი. ადრეც უნდა გამეკეთებინა ეს, როდესაც დავჯექი და არ ინება შევიწროვებულიყო და ისევ ერთნახევარი სავარძელი ეკავა, ნახევარ სავარძელზე არ უნდა ჩამოვმჯდარიყავი. ამ „ამბალის“უკან ქართველი ახალგაზრდა იჯდა, ადგილობრივი. აღშფოთებული ჩანდა, "ეს რა დღეში ჩაგვყარეს, ამათ როგორ უშვებენ საზღვარზეო". გული მომიკვდა, დავამშვიდე, არა უშავს, ღმერთს მივადნოთ, ყველას ის გასცემს საკადრის პასუხსთქო. სხვათაშორის, იმავე მიკროავტობუსში იჯდა სასიამოვნო გარეგნობის, ხანდაზმული ქალბატონი, მივხვდი, რომ ადგილობრივი არ იყო, ჩამოსულს ჰგავდა. ძალიან სიმპათიური ქალბატონი იყო და გამომელაპარაკა. აღმოჩნდა რუსი ტურისტი, რომელიც სტუმრად იყო თბილისში მეგობრებთან და ხეობის სანახავად ორი დღით ჩასულა ბორჯომში, "მინდოდა მთები მენახაო". ცოტა უკმაყოფილო ჩანდა ფასებით და სიტუაციით, "როგორი მოუვლელია ხეობა და რა სიძვირეა, გული დამწყდაო. მე აფრიკაში ვცხოვრობო", მითხრა. თურმე „პერესტროიკა“ რომ დაიწყო, მაშინ გადასახლებულან ეგვიპტეში ოჯახით. "მე ჯერ კიდევ გორბაჩოვის დროს ვუთხარი ჩემს ქმარს, რომ რუსეთს მომავალი არ აქვსო", მითხრა. "სწორედ ამიტომ წამოვედით და არანაირი სურვილი არ მაქვს იქ დაბრუნებისო. აი თქვენს გვერდით რომ იჯდა, ის მუტრუკი, მანამდე ჩემს გვერდით იჯდა, საშინლად არ მომეწონა მისი აურა და გადავჯექიო". ინტელიგენტი ქალი ჩანდა, განათლებული, კულტურული. მე ვუთხარი, რუსი არ მეგონეთ, არ გავხართთქო. "ვიცი, ყველას ფრანგი ვგონივარ, რუსის გარდა იმდენი სისხლი მირევია, პოლონური, ებრაული, გერმანული, ასე, რომ მთლად სუფთა რუსი არ ვარო", ამაყად მითხრა, გამეღიმა და გეტყობათთქო, ვუპასუხე. სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა. არანაირი მონღოლოიდური, გამოკვეთილი ყვრიმალები და დამახასიათებელი ცხვირი არ ჰქონდა, რომლითაც რუსებს სხვებისგან გამოარჩევ. გაგიკვირდებათ და მეორე მიკროავტობუსმაც ჩამოაღწია დანიშნულების ადგილამდე, მადლობა უფალს. არა და არ ველოდი, მეგონა სადმე, შუა გზაზე დაგვტოვებდა. მოკლედ, ჩემი აღფრთოვანება ბორჯომის ხეობის სილამაზით, ცოტა არ იყოს გაახუნა ამ შთაბეჭდილებებმა, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება და ღმერთმა არ მოგვიკლას იმედი, რომ ყველაფერი გამოსწორდება, ღვთის მადლით. თუმცა, ღმერთმა თქვა, ცოტა ხელი შენც გაანძრიეო. ყველამ ჩვენ-ჩვენი საკეთებელი უნდა გავაკეთოთ და ქვეყანას ჭრილობები მოვუშუშოთ, ფეხზე დავაყენოთ. ამას მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით და ჩვენი დასავლელი სტრატრეგიული პარტნიორების დახმარებით შევძლებთ. ღმერთმა არ მოგვიშალოს მეგობრები! 290 1-ს მოსწონს
|