x
image
მანანა თურმანიძე
ცხოვრება მიდის, კადრები კი რჩება!
image


ცხოვრება მიდის, კადრები კი რჩება! ამ ვიდეოკადრებმა მოგონებები აღმიძრა. მადლობა ზვიად გამსახურდიას უკვდავ სულს იმ თავგანწირვისთვის და იმ გმირული მსხვერპლშეწირვისთვის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაიღო! მან შექმნა ეპოქა, თანამედროვე საქართველოს ისტორია, მერაბ კოსტავასთან და სხვა თავდადებულ ქართველებთან ერთად. ზვიადი იყო მამამთავარი XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობისა, რომლის მიზანი იყო საქართველოს გასვლა საბჭოთა კავშირიდან და დამოუკიდებლობის მოპოვება.


ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთო, ეროვნული ენის ფაქტორს, მითუმეტეს სხვა ენობრივი დიალექტების არსებობის ფონზე. ასევე, ეროვნული პრესის, ერთიანი განათლების სისტემის, საკუთარი ისტორიული წარსულის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. XIX ს-ის 60-იანი წლებიდან ამ წამოწყებების უდიდესი ნაწილის ხორცშესხმა მოხერხდა ილია ჭავჭავაძის და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით. ყოველივე ამით, ეროვნულ კულტურულ დაწესებულებებთან ერთად, განხორციელდა ეროვნული ცნობიერების ფორმირება, რაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საქმეში.


საქართველოში სწორედ ზვიადმა ჩაუყარა საფუძველი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომლის მიზანიც იყო კულტურულ-ეროვნული თვითიდენტიფიკაცია, დამოუკიდებლობის მოპოვება და სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ჯერ კიდევ 1954 წელს შეიქმნა ახალგაზრდული იატაკქვეშა ორგანიზაცია „გორგასლიანი“, საიდანაც დაიწყო XX ს-ის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამას მოჰყვა ეროვნული მოძრაობის ხანგრძლივი და რთული გზა, ლიდერების დაპატიმრება, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და ბოლოს - 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები. იმ პერიოდში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობები ასევე არსებობდნენ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, უკრაინაში და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში. ეს იყო ბრძოლა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მისაღწევად, რასაც მოჰყვა იმპერიის დაშლა, რის შედეგადაც შეიქმნა დამოუკიდებელი რესპუბლიკები, მათ შორის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.



აღსანიშნავია, რომ კრემლი ამ მოვლენების ადრე თუ გვიან წარმოშობას არ გამორიცხავდა და საგანგებოდ იყო მომზადებული მათთან გასამკლავებლად. სწორედ ამ მიზნით, საქართველოსთვის მომზადებული იყო ის ორი ნაღმი, რომლებიც დაუყოვნებლივ მოქმედებაში მოიყვანეს ამ პროცესების საპასუხოდ – აფხაზეთი და სამაჩაბლო. სხა ნაღმებიც არსებობდა, სამეგრელო, აჭარა და ა.შ., მაგრამ ისინი ვერ აამოქმედეს, ხალხის კეთილგონიერებამ გაიმარჯვა!


ზვიადი, მერაბი, სხვა თანამედროვე ეროვნული გმირები, ისტორიის საკუთრებაა და მათ დრო საგანგებო ადგილს მიუჩენს. ისიც გასაგებია, რომ ყველა გმირი ვერ იქნება, ზოგი გმირად შერჩება ისტორიას და ზოგიც მოღალატედ. თუმცა, აქ საქმე ბალანსშია, ვინ ჭარბობს ერში, გმირები თუ მოღალატეები? მე პირველის იმედი მაქვს.


ქართველში გმირული სული ურყევია. ამაში დასარწმუნებლად ბევრი ანალიზიც არ არის საჭირო, თუ გავიხსენებთ ქრისტეს რწმენისთვის 100, 000 ქართველის უპრეცედენტო მსხვერპლშეწირვას. ცოტნე დადიანის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მრავალ სხვათა ეს უტეხი სული ცოცხლობს და თაობებს გადაეცემა. ეს სული რომ არა, არ იარსებებდნენ ჟიური შარტავები, გზირიშვილები, ანწუხელიძეები და სხვა თანამედროვე გმირები, თავიანთი საამაყო, წარმოუდგენლად ამაღელვებელი ისტორიებით, ხშირად სულს რომ გაგიყინავს. ამ სულისკვეთებით ზრდიდნენ ქართველი დედები შვილებს. ალბათ, მართლაც ამან გადაგვარჩინა საუკუნეების მანძილზე და შემოგვინახა სახელმწიფოებრიობა, ეროვნული თვითშეგნება.


ილია მოკლეს, ზვიადი მოკლეს, მოკლეს მერაბი და ბევრი სხვაც, მაგრამ მათი საქმე უკვდავია, ის დროშასავით გადადის ხელიდან ხლში, გენიდან გენში და არასოდეს მოკვდება. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება არ გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია. მჯერა, რომ ეს იქნება გამარჯვების და წარმატების ისტორია!


იხილეთ ვიდეო



0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0