საქართველო შემთხვევითობა თუ მკაფიო გზავნილი 2018, 31 აგვისტო, 9:03
ქ-ნ მერკელის წლევანდელი კავკასიური ტურნე იყო სწორედ გერმანული სიზუსტით გათვლილი მკაფიო გზავნილი და აქ არანაირ შემთხვევითობას ადგილი არ ჰქონია. რასაკვირველია, არც ის იყო შემთხვევითი, რომ სწორედ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჰქონდა ადგილი ტურნეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში!
„მერკელის კავკასიური ტურნე პუტინისთვის სიგნალია“ - ასეთი სათაურით ეხმაურება გერმანული გამოცემა Die Welt ანგელა მერკელის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს. „მიუხედავად იმისა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გაზსადენის მშენებლობის გამო, გერმანია რუსეთზე ხდება დამოკიდებული, მერკელის ვიზიტმა, შესაძლოა ეს შეცვალოს, მაგრამ ეს (ვიზიტი) არ არის მხოლოდ ენერგეტიკის შესახებ“ - წერს Die Welt. დასავლელი დიპლომატების და პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს გერმანიის მიერ ლობირებული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სარგებლიანობას ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისათვის და თვლის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეუთავსებელია ევროკავშირის ენერგოსტრატეგიის მიზნებთან, რადგან გაზპრომის ეს პროექტი კიდევ უფრო გაზრდის ევროპის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ამ ტურნეს წინ უძღვოდა მსოფლიოში საკმაოდ გახმაურებული ფაქტი, რომელიც დიპლომატიაში სკანდალის ტოლფასია, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიას რფ-იის მძევალი უწოდა, მისი ენერგოდამოკიდებულების გამო. მანამდე კი ამერიკული პრესა წერდა, რომ თეთრი სახლი საჯარიმო სანქციებს უმზადებს 5 ევროპულ კომპანიას, რომლებიც „ჩრდილოეთ ნაკადი–2“–ის მშენებლობაში მონაწილეობენ. საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, ისევე, როგორც მთიანი ყარაბახის ე.წ. ეთნიკური კონფლიქტების ფონზე, ეს ტურნე იყო უმნიშვნელოვანესი მესიჯი, როგორც პუტინის რუსეთისთვის, ასევე მსოფლიოსთვის, რომ ევროპა უპასუხოდ არ დატოვებს რფ-ის ქმედებებს საქართველოში, ისევე, როგორც მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც რფ-იის წყალობით ასიათასობით დევნილი და არაერთი გადაუჭრელი თუ გაყინული კონფლიქტია. მისი ტურნე დაიწყო თბილისში ვიზიტით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის ყველაზე ახლო პარტნიორია. თბილისი 20 წელზე მეტია მიისწრაფის ევროინტეგრაციისკენ და უკვე საკმაო წარმატებებსაც მიაღწია ამ გზაზე, მისი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით, მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებით და ასოცირების შეთანხმებით. ევროპული გამოცემები წერენ, რომ სომხეთში განიხილებოდა ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზები, ისევე როგორც აზერბაიჯანში, სადაც ასევე დღის წესრიგში იდგა უმნიშვნელოვანესი საკითხი, ენერგოუსაფრთხოება. შემთხვევით არფერი ხდება ცხოვრებაში და მითუმეტეს დიპლომატიაში. დიდი პოლიტიკა შემთხვევითობებს ნაკლებად ცნობს, მასში ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გათვლილია! ქ-ნი მერკელის ვიზიტი მკაფიო მესიჯი იყო, როგორც რფ-სთვის, ასევე მსოფლიოსთვის. ეს უდაოდ იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რომელსაც მის სტრატეგიულ კომპასზე დასავლეთის ორიენტირები უკვე აშკარად და მკვეთრად აქვს განსაზღვრული. 650 1-ს მოსწონს
|