x
image
მანანა თურმანიძე
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ისევე, როგორც მტრობიდან მოკავშირეობამდე
დაკავშირებული სურათი


ჰელსინკში გამართული აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების გუშინდელი შეხვედრის გამო უამრავი შეშფოთება და აღშფოთება გაჟღერდა, როგორც ამერიკის მოქალაქეების, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან. შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის პოზიციის მართებულობა შესაძლებლად დაუშვა, რამაც ვაშინგტონში რიგი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია. ამ განცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპს თანაპარტიელები და მოკავშირეებიც კი დაუპირისპირდნენ. შეფასებები ძალიან მწვავე იყო, მ.შ. ისეთი ხმამაღალიც კი, როგორიც არის: "სამარცხვინო მასკარადი", "სამშობლოს ღალატი" და ა.შ. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა განაცხადა, რომ "რუსეთი აშშ-ის მოკავშირე არ არის". სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი თქვა, რომ "ქვეყნის ისტორიაში აშშ-ის პრეზიდენტის ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენის მომსწრენი გახდნენ". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, რაც არ უნდა გაეკეთებინა პუტინს, არავინ მას ასე მწვავედ არ გააკრიტიკებდა, უბრალოდ ვერც კი გაუბედავდნენ. ძალიან მარტივია ამ ფაქტიდან გამომდინარე გამოიტანო დასკვნები ორი უზარმაზარი სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხზე.


იმ მართლაც შემაშფოთებელი ბრალდებების ფონზე, რომელთა თანახმადაც რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა, საინტერესოა, რატომ და რის ხარჯზე ცდილობს ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. უცნაურია, მაგრამ ის საკმაოდ აღელვებული ჩანდა შეხვედრის შემდეგ. გარდა ამისა, ის არის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ასეთ დიდ ყურადღებას უთმობს ამ ურთიერთობების დარეგულირებას. ნუთუ მართლა თვლის, რომ ყველა მისი წინამორბედი პრეზიდენტი მწარედ ცდებოდა, ან იქნებ რაიმე განსაკუთრებული ხდება დღეს მსოფლიო არენაზე, რაც მან იცის და ჩვენთვის ჯერ უცნობია?


როგორც ვიცით აშშ და რუსეთი კარგა ხანია ერთმანეთს უპირისპირდებიან მსოფლიო ჰეგემონიის პრეტენზიების გამო. დღემდე აშშ ინარჩუნებდა პირველობას, რაც აშკარად საშინლად აღიზიანებდა რუსეთს. ათი წლის წინ, ავადსახსენებელ 2008 წელს დასავლელი ლიდერები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ერთგულად დაუდგნენ საქართველოს გვერდში, თუმცა, სწორედ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განცხადების შემდგომ, რომლის თანახმადაც "თუ არ შეწყვეტდა რუსეთი საქართველოს დაბომბვას, აშშ ჩაერთვებოდა საომარ მოქმედებებში", დასრულდა ხუთდღიანი ომი. ამ ომს უამრავი სიცოცხლე შეეწირა და რუსეთი მას შემდეგ კვლავაც განაგრძობს უკანონო, მცოცავ ოკუპაციას. მისი სამხედრო შენაერთები ქართლის მინდვრებიდან დღემდე იტაცებენ, აწამებენ და ხოცავენ ადამიანებს. ისინი გადმოდიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ტერიტორიიდან, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა და მათ მიერვე არის ხელოვნურად გამოგონილი, ძარცვავენ და აწიოკებენ სოფლებს. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი განპირობებულია სწორედ ამ საჭიროებით, რომ თავი დაიცვას ჩრდილოელი ოკუპანტისგან. საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისკენ სწრაფვა გამოწვეულია აუცილებლობით იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება და დაცული მისი ტერიტორიული მთლიანობა, რათა თავიდან აიცილოს ის აგრესია, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დღევანდელი პოლიტიკა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის უვადოდ გადავადებით, ფაქტიურად პრეზიდენტმა ტრამპმა ხელ-ფეხი გაუხსნა რფ-ს და მის აგრესიულ პოლიტიკას. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა მოხდა, რატომ გაგვწირა ასე, აღარ არის ამერიკა ჩვენი მეგობარი?



სულ ცოტა ხნის წინ ტრამპმა ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ აშშ ძალისხმევას არ იშურებს, რათა დაიცვას ევროპელი მოკავშირეები რუსეთისგან, რითაც ძალაუნებურად აღიარა, რომ რუსეთი აგრესორია! მაშ, რამ გამოიწვია მისი ასეთი ლტოლვა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა? ამბობენ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, როგორც ჩანს ისევე, როგორც მტრობიდან მოკავშირეობამდე. სწორედ ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და არათანმიმდევრულობა ბადებს ეჭვებს. იმედია ეს დალაგება არ მოხდება მოკავშირეების და პოლიტიკური კურსის შეცვლის, უკრაინის "დათმობის" და "მოღალატე" საქართველოს "დასჯის" ხარჯზე, რასაც დიდი ქაოსი შეიძლება მოჰყვეს მსოფლიოში. ცნობილია, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად არ აღიარების გამო პრეზიდენტი ტრამპი განაწყენდა რიგ სახელმწიფოებზე, მ.შ. საქართველოზეც, რომელმაც ჯერ-ჯერობით თავი შეიკავა ამ აღიარებისგან, სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ჭკვიანი პოლიტიკოსები ემოციებს და ამბიციებს არ ჰყვებიან, მეგობრებს და მოკავშირეებს კი ფრთხილად ირჩევენ, სულგრძელად პატიობენ შეცდომებს და უფრთხილდებიან, პირველ რიგში მათ სანდოობას ითვალისწინებენ და არა რიცხვობრივ სიმრავლეს! ასე იქცევიან კეთილშობილი ადამიანები და მჯერა ტრამპიც ასე მოიქცევა, რადგან პრეზიდენტებად მხოლოდ ასეთებს ირჩევენ ისეთ განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როგორიც აშშ-ია.


გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ტრამპი გამჭრიახი პოლიტიკოსია და ისტორიაში შევა, როგორც კარგი, პოზიტიურ ცვლილებებზე ორიენტირებული პრეზიდენტი, მსოფლიო კი, საბოლოო ჯამში, შედეგად მიიღებს მშვიდობას და არა ქაოსს. ზე-სახელმწიფოს ლიდერობა ხომ მსოფლიო ლიდერობის ტოლფასია და მას, დიდების გარდა, დიდი რისკებიც თან ახლავს, როგორც მედალის მეორე მხარე. ის იმ საცალფეხო, ვიწრო და ფრთხილად გასავლელ ბილიკს ჰგავს, რომელმაც შესაძლოა მთის უმშვენიერეს მწვერვალზე აგიყვანოს და შესანიშნავი ხედები გადაგიშალოს თვალწინ, მაგრამ ერთი გაუფრთხილებელი ნაბიჯიც კი საკმარისია, რომ ფეხი დაგიცდეს და ღრმა უფსკრულში გადაიჩეხო, სადაც ჯოჯოხეთის ცეცხლი გიზგიზებს და საიდანაც ამოსვლა ძალიან რთულია.


როგორც თავად ტრამპი ამბობს ხშირად - ვნახოთ რა მოხდება! თუმცა პოლიტიკაში, ისევე, როგორც ბიზნესში, უმჯობესია წინასწარ იცოდე რა გინდა მოხდეს. მეეჭვება აშშ-ს პრეზიდენტი თვითდინებას იყოს მინდობილი და გეგმა არ ჰქონდეს შემუშავებული, მათ შორის, არ ჰქონდეს დაგეგმილი მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები, სულ მცირე გეგმა ა და გეგმა ბ უთუოდ უნდა არსებობდეს. მთავარია, რამდენად ემთხვევა ის გეგმა ამერიკელი ხალხის და მსოფლიო მშვიდობის ინტერესებს ან რამდენად ჯდება ის თავისუფლებისმოყვარე ერების ინტერესებში, რომლებიც რუსეთის კლანჭებიდან დახსნას დიდი ხანია ცდილობენ და მათ ამ საქმეში აშშ-ის დიდი იმედი ჰქონდათ, როგორც ზე-სახელმწიფოსი, რომელიც მშვიდობის და დემოკრატიის დაცვის ფლაგმანს აქამდე არავის უთმობდა.


აშშ დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ხალხის ნება და დემოკრატიული მმართველობის სისტემა ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე კარგი პრეზიდენტი. ამერიკაში ერთპიროვნულად ვერც ქვეყნის ბედს გადაწყვეტს ვერავინ და ვერც ქვეყნის კურსს ვერ შეცვლის 180 ან თუნდაც 90 გრადუსით. პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, აშშ-ს დემოკრატიული ღირებულებები და სახელმწიფო კურსი კი უცვლელი რჩება. იმედია ამერიკა არც ამჯერად შეიცვლის პოლიტიკურ გეზს, არ უღალატებს მოკავშირეებს, მტკიცედ დაიცავს ადამიანის უფლებებს თუ სხვა ფასეულობებს და არ დათმობს მსოფლიო დემოკრატიის დამცველის პოზიციებს.


ჩვენი მეზობელი რუსეთი კი ალბათ ადრე თუ გვიან გადავა განვითარების იმ ტალღაზე, რომელზეც ცივილური, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი საზოგადოებები არიან დღეს მომართული და ამას კი სახელმწიფოს რეალური აღმშენებლობა მოჰყვება, რომელიც მთელი რეგიონისთვის იქნება სასარგებლო და სიკეთის მომტანი. როგორც ტრამპი იტყოდა - ვნახოთ რა მოხდება!

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0