საქართველო რატომ არის რუსეთი დამარცხებისთვის განწირული ქვეყანა? 2022, 1 ოქტომბერი, 20:31 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც დღემდე გრძელდება. ომის პარალელურად სულ უფრო მძიმდება რუსეთის მდგომარეობა. მზარდი სანქციები, ევროკავშირის და ამერიკის მიერ რუსულ გაზსა და ნავთობზე უარის თქმა და დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის მიცემული უმნიშვნელოვანესი სამხედრო დახმარება უმძიმეს დღეში აგდებს რუსეთს. სულ უფრო მეტი რუსი თავქუდმოგლეჯილი გარბის რუსეთიდან და ამას დასასრული არ უჩანს.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა წინასწარვე განწირული იყო მარცხისთვის და ეს ყველას ძალიან კარგად ესმოდა, ვინც სამხედრო საკითხებში სულ ოდნავ ჩახედული მაინც არის. ომი არ გახლავთ ისეთი მარტივი საქმე, რომ ერთი სახელმწიფო რადგან მეორეს აღემატება როგორც ტერიტორიით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით, ფსონი დიდ სახელმწიფოზე დავდოთ. ტერიტორიის სიდიდე და მოსახლეობის მრავალრიცხოვნება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორც ეს დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს წარმოუდგენიათ. მთავარი არის არმიის დისციპლინა, საბრძოლო სულისკვეთება, კადრის ოფიცრების განათლების და ინტელექტის მაღალი დონე, ნიჭიერი და საბრძოლო საქმის მცოდნე გენერალიტეტი და უმაღლესი მთავარსარდლობა, კარგი შეიარაღება და აღჭურვილობა და სხვა უამრავი კომპონენტი. რომი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ერთი უმნიშვნელო ქალაქი იყო. რუკაზე არც კი ჩანდა, თუმცა მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი დაიპყრო; ინგლისი ფართობით დღევანდელ საქართველოს ორჯერაც კი არ აღემატება, სულ რაღაც 130, 000 კვადრატული კილომეტრია, მაგრამ მე-19 საუკუნეში 40 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე უფრო დიდ კოლონიურ იმპერიას ფლობდა; დავით აღმაშენებლის საქართველო სელჩუკების იმპერიაზე ათეულებჯერ უფრო მცირე იყო მოსახლეობის რაოდენობით და ტერიტორიის სიდიდით, მაგრამ სელჩუკთა უზარმაზარი კოალიციური ლაშქარი დაამარცხა 1121 წელს. ასე რომ, მთავარი ეკონომიკა, შეიარაღება, საბრძოლო სული და სამხედრო საქმის ცოდნაა და არა ქვეყნის ტერიტორიის სიდიდე და მოსახლეობის რაოდენობა. პრუსიელი გენერალი კარლ ფონ კლაუზევიცი ამტკიცებდა, რომ როცა ერთი ქვეყანა მეორეს თავს ესხმის, თავდამსხმელს აგრესიის მსხვერპლზე მინიმუმ 3-ჯერ უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი უნდა ჰყავდეს. ცოტა ხნის წინ უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ გენერალურ შტაბს 5, 5 მილიონი ადამიანის გაწვევა შეუძლია არმიაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად. ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება პუტინის მიერ 16, 5 მილიონი ჯარისკაცის მობილიზების შესაძლებლობა. უკრაინას დასავლეთი ეხმარება. ამერიკა ამტკიცებს, რომ მანამდე დაეხმარება უკრაინას, სანამ ეს უკანასკნელი თავის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღადგენს. ამ პირობებში პუტინის შანსები გამარჯვებისთვის თეორიულიც კი არ არის. მითუმეტეს, რომ არათუ რუსეთმა, თვით 15 რესპუბლიკისგან შემდგარმა საბჭოთა კავშირმაც კი ვერ მოახერხა ავღანეთის დამარცხება გასულ საუკუნეში. როცა ამხელა იმპერიამ ვერ დაამარცხა ერთიციცქნა, 5-მილიონიანი აზიური ავღანეთი, რანაირად უნდა დაამარცხოს საბჭოთა კავშირზე გაცილებით უფრო მცირე და სუსტმა რუსეთმა უზარმაზარი, 45-მილიონიანი ევროპული ქვეყანა, საოცრად მოტივირებული უშველებელი არმიით, რომლის უკან მთელი დასავლეთი დგას, რუსეთზე ათეულებჯერ უფრო ძლიერი ეკონომიკით? რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია! ამიტომ პუტინის დღეები დათვლილია! მას უკვე ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გადაარჩენს. რუსეთი აღარ არის ანგარიშგასაწევი ძალა. ეს არის განწირული ქვეყანა, რომელსაც მასობრივად ტოვებს ახალგაზრდობა. არანაირი მომავალი რუსეთს არ აქვს. მთავარი კითხვა ახლა იმაში კი არ მდგომარეობს, დამარცხდება თუ არა რუსეთი, არამედ იმაში, რომ ამ დამარცხებას ჩვენი ქვეყანა უვნებლად და უომრად დაუძვრეს ხელიდან და ნანგრევების დაცემისას ამოვარდნილმა ქარმა არასწორი მიმართულებით არ გაგვტყორცნოს. ამისათვის საჭიროა არა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, არამედ დასავლეთთან მაქსიმალური დაახლოება და საჭირო რეფორმების გატარება. ჩვენი უსაფრთხოება უხერხულ მდგომარეობაში ყოფნაში არ მდგომარეობს. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ევროატლანტიკური ინტეგრაციაა! 490 2-ს მოსწონს 1-ს არა |
https://www.youtube.com/watch?v=BreYkpkVzJ0