x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მექსიკიდან შემოვედი მეც, ასე 22 წლის წინ..ელ-პასოს ციხეში ტუალეტებს ვრეცხავდი და საშხაპებს ვასუფთავებდი"-მარინა ჯიქია
imageმარინა ჯიქია, 22 წლის მექსიკიდან აშშ-სკენ გავლილ საშიშ და მძიმე გზას იხსენებს და აშშ-ში ახლახან ჩასულ ადამიანებს ამხნევებს, წერს, რომ ფარ-ხმალს ნუ დაყრიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ დრო უნდა, ასე 3-იდან 5 წლამდე:


„მექსიკიდან შემოვედი მეც, ასე 22 წლის წინ. ერთი თვე გავატარე მექსიკის, კერძოდ მეხიკოს საემიგრაციო ბანაკში, 5 თვე ელ პასოს ( ტეხასი) საემიგრაციო ციხეში. მდაა…

სალვადორში მიწისძვრა მოხდა, მოგვცეს 15 -დღიანი „სალიდა“, ასე ერქვა და 15 დღე თავი იმტვრიეთ და ტანიცო, მაგრამ 15 დღის შემდეგ, თქვენი ფეხი აღარ იყოს მექსიკის ტერიტორიაზეო.


(იმხელა ისტორიაა, წიგნი დაიწერება, თუ როგორ ჩამოვაღწიეთ მეხიკო სიტიდან ტეხასამდე, ჩვენც დაგვაბრუნეს 2 ჯერ უკან 11 - ნი ვიყავით).



ნუ, ელ-პასოს ციხეში ტუალეტებს ვრეცხავდი და საშხაპებს ვასუფთავებდი, ხეხვა არ სჭირდებოდა, უჟანგავი რკინისგან იყო დამზადებული ყველაფერი, დღის ბოლოს სიმბოლურად 1$-ს მიხდიდნენ .



„დავასაქმე“ ჩემი მეგობრებიც, დარბაზი იყო გაყოფილი ნაწილებად და გვიდნენ, დოლარ-დოლარად დღეში, ვიყავით ასე 3$ -იანი დღის ბოლოს. სუფრას ვშლიდით. ამას, რა თქმა უნდა, ნებით ვაკეთებდით, ვინაიდან, არავინ გავალდებულებს შენ შრომას.


ყოველ დილას 6:45 ვიდექი საწოლთან მზადყოფნაში, რათა ოფიცერს რაცია არ შემოერტყა საწოლისთვის, GET UP, GET UP-ს ძახილით. ერთი სიტყვა ინგლისურიც კი არ ვიცოდით, ნუ თავიდან.



უამრავი მეგობარი შევიძინე, ნიგერიიდან, კოლუმბიიდან, სალვადორიდან. ჩვენზე ადრე გავიდნენ ისინი. რამდენჯერმე წერილში ჩადებული 20$ მივიღე ციხეში (ბლანკა, ბიანკა, ადა, ნატალია) და მაშინ დავრწმუნდი რომ ადამიანობას ეროვნება არ ააქვს. სულერთია ვინ ხარ, თუ ადამიანი ხარ ხარ და ეგაა. ადა მყავდა უზორო, ნიგერიიდან, გინდა თუ არა გურული ვარო და რომ დაუძახებდი „რაიაო“ გიპასუხებდა. ოფიცერს დაუჩემა, მე შავი ჯორჯიანელი ვარო. აბდალა იცოდა კიდევ . „მოი შენ აბდალა აგერ“! ჟუჟუნა წვიმას ვმღეროდით ერთად, დღემდე ვინახავ მის წერილებს.


6 თვე საკმაოდ დიდი დროა „გზაში ყოფნისთვის“, ჩემებმა 2 წლის შემდეგ გაიგეს ეს ამბავი. ისე, სხვათა შორის ვუთხარი. სხვა დრო იყო მაშინ. ქუჩის ტელეფონებიდან ვუკავშირდებოდით სახლებში.


ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად და გამოცდილებად დარჩება ის 6 თვე.


ჩემი საუკეთესო მეგობრები დღემდე, იმ 6 თვის ნაყოფია.

მერე ნიუ იორკში ავტობუსების სადგურში ჩამოსულს, მისამართი აღარ მქონდა, სად უნდა წავსულიყავი.


ჩოხატაურიდან წამოსულმა, 6 თვე ვიცოდი სად მივდიოდი, მაგრამ ნიუ იორკში თავს ვკითხე, ახლა სადღა მიდიხარ-თქო?!


გამოვიდა უცნობი გულიკო (ჟღენტი) დეიდა (საოჯახო სასტუმრო ჰქონდა ბრუკლინში) და წაგვიყვანა. სამარეში ჩამყვება მადლიერება მის მიმართ.

მერე იყო შრომაა, სხვანაირად ვერ იქნება.

14 წელი წაიღო იმ დრომ, რომ შვილი მენახა. დიდი ხანი მიჭირდა, ბავშვების დანახვა არ მინდოდა. სამსახური სკოლასთან მქონდა ახლოს და იქ გავლა და 12-13 წლის ბავშვების დანახვა სიკვდილის ტოლფასი იყო.


15 წელი ვიმუშავე ძალიან კარგ ხალხთან, რომლებიც უფლებას მაძლევდნენ, დღეში 3-4-5 საათი სკაიპით გიორგისთან მეკონტაქტა, ამიტომ სკოლაშიც ერთად დავდიოდით, ვიცოდი ყველა მასწავლებელი და მოსწავლე, დავალება და საკონტროლო წერა, გამოცდა და ოლიმპიადა.


მშობლები შევიძინე აქ, ამერიკაში. მერე ყველაფერი მთავრდება და დამთავრდა ის 15 წელიც, გარდაიცვალნენ. საშინელება იყო იმ სახლის დატოვება, სადაც 15 წელი გავატარე. ( მეორედ ემიგრაციის ტოლფასი).
18 წლის შემდეგ მივიღე საბუთები.


საქართველოში 18 წლის მერე ჩასულს, მეორე დღეს უკან გამობრუნება მინდოდა. სამწუხაროა, რომ ჩემს ქვეყანაში ისევ გვიჭირს, ისევ იგივე პრობლემის წინაშე ვართ, ისევ უწევთ შვილების, მშობლების, ოჯახების დატოვება.


ორი დღის წინ ახალგაზრდა ქალს ვესაუბრე, 5 და2 წლის ბავშვები დავტოვეო, ტელეფონი გავთიშე და ვიტირე. ჩემი გავლილ გზაზე, მისი ცხოვრება ამეტირა.

რატომ ვწერ ახლა ამ ყველაფერს?!


ნუ გეშინიათ ხალხო, (ახალ ჩამოსულებს ვგულისხმობ) არ არის ადვილი, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი დალაგდება, ყველა იპოვით თქვენ გზასაც, კვალსაც, თავსაც. საბუთებსაც მოიწესრიგებთ. მთავარია ნერვებს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით და ნუ გექნებათ მოკლე ვადიანი ილუზიები. დრო სჭირდება ყველაფერს და ეს დრო 3-5 წლის შემდეგ იწყება, სამწუხაროდ.



კიდევ იმიტომ ვწერ რომ, ნუ დასცინით ერთმანეთს, გუშინ ჩამოსული და ხვალ ჩამოსასვლელი, იმიტომ რომ ცხოვრება ყველას ერთნაირ პირობებში არ გვაყენებს. თუ დახმარება არ შეგვიძლია, გულს მაინც ნუ მოვუკლავთ და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ ერთმანეთს.



ნუ ვეცდებით ერთმანეთის გამოყენებას, ნურც გუშინ ჩამოსული და ნურც ის ვინც ხვალ ჩამოვა, ცხოვრება ბუმერანგია და არსად არ მიდის, წრეზე ტრიალებს.


ნურც ვიღაცის წარმატება წარუმატებლობაზე აპელირებთ. არავინ არ იცის სად იწყება და სად მთავრდება ან საერთოდ რას ნიშნავს ეს სიტყვა. მე რომ მკითხოთ, ყველაზე წარმატებული, მეცხრე კლასში სიყვარულით გათხოვილი ჩემი კლასელია, სურებში რომ გათხოვდა და გუშინ ისეთი ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ენით აღუწერელი.



არც არავის გაეჯიბროთ, საკუთარი თავის გარდა.
და ყველაზე მთავარი, მთავარი და მთავარი - შრომა, შრომა და შრომა!!!
დაივიწყეთ სიტყვები, მე ამას ვერ ვიზამ და მე ამას არ ვიზამ
და…..
ყველაფერი გამოგივათ!
წარმატებები.


22 წლის წინ გავიარე თქვენი გზა და დღემდე მოვდივარ, შეუძლებელი არაფერია.
და კიდევ,
ყველაფერი გამოგივათ!
არ შეგეშინდეთ!!!“, - წერს მარინა ჯიქია.

1
196
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
196
  
2022, 1 ოქტომბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1