საზოგადოება "როგორც კი ხედავენ რომ ქართველი ხარ, გპასუხობენ რომ სამზარეულო დაიკეტა და ვერ გაჭმევენ" 2022, 27 სექტემბერი, 17:57
"გუშინ ყაზბეგში ვიყავით გადაღებაზე, იმავე სტეფანწმინდაში. გუშინ არ გამხსენებია, რომ დღეს სოხუმის დაცემის დღეა. შვეულმფრენის კატასტროფაზე ვამზადებთ ჟურნალისტურ გამოძიებას და ამ მიზნით ვიყავით ასულები ყაზბეგში, იმავე სტეფანწმინდაში. არცერთი ფოტოს დადება არ მინდა, რომლებიც იქ გადავიღეთ, მათ შორის, იმ არაჩვეულებრივ ბიჭებთან, რომლებმაც თავგანწირვით იბრძოლეს კლდეში გადაჩეხილი ადამიანების გადასარჩენად. რადგან ის, რაც ყაზბეგიდან წამოვიღე, არის იმის განცდა, რომ აქ ყველაფერი საშინლად უცხო და მიუღებელია. არცერთ სასტუმროში, არცერთ რესტორანში, არცერთ კაფეში არ არის ადგილი ქართველისთვის. უბრალოდ, არ გაჭმევენ... ყველა ადგილი აქ ყველგან ლარსიდან გადმოსული რუსებისთვის არის., როგორც კი ხედავენ, რომ ქართველი ხარ, გპასუხობენ, რომ სამზარეულო დაიკეტა და ვერ გაჭმევენ; ყავა თუ გინდა, დაელოდე საათ-ნახევარი, რადგან ჯერ სხვა შეკვეთები აქვთ. და ეს მაშინ, როცა ხედავ, რომ შენ შემდეგ შემოსული რუსის შეკვეთას მაშინვე იღებენ. პროტესტზე კარისკენ გითითებენ და გახსენებენ, რომ ეს კერძო ტერიტორიაა. რა უნდა ქნა. ქალი ხარ, ხომ ვერ აგინებ ან ხომ ვერ დაარტყამ საყურით, "შლოპანცებითა" და გამჭვირვალე მაისურით შემოსილ რომელიმე მინდიას, რომელიც ქართულად მოხევური აქცენტით, გულისგამხეთად მშობლიურად ლაპარაკობს, რუსებთან კი - რაღაც უცნაური პრანჭვა-გრეხით.
მოკლედ, ვიგემე გუშინ 29 წლის წინ ნაგემი რუსეთის "უძლეველობის" განცდა საქართველოში. და ეს არავისი ბრალი არ არის, გარდა ჩემი ან მინდიასი, რადგან მინდიას უნდა სარჩო, მე კი ეს პროტესტი უნდა ჩავიკლა. ხოლო ის, რომ სტეფანწმინდის ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ცხვირწინ უკეტავს კარს, სერიოზული კვლევის თემაა და პირობას ვდებ, რომ აუცილებლად გავარკვევთ ასეთი აუხსნელი ქმედების მიზეზებს. P. S. იმ 27 სექტემბერს საქართველო ცოტა სხვანაირი იყო... და ჩვენც!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი. 729 1-ს მოსწონს
|