x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
გზა საქართველოდან უკრაინამდე, გზა ჯოჯოხეთისკენ
image ეს ჩემი უბანია, ჩემი ქუჩა, სადაც დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ხარკოვში.
ეს ულამაზესი არქიტექტურის შენობებით დამშვენებული ქუჩა ნანგრევებად აქცია რუსი აგრესორების მართვადმა თუ უმართავმა რაკეტებმა, საავიაციო ბომბებმა თუ საარტილერიო ჭურვებმა.


სწორედ ამ სურათმა მიბიძგა უკრაინაში წასვლა, ძალიან ბევრი მირჩევდა ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ არის რაღაც რაც სიცოცხლეზე ძვირფასია-ესაა ღირსების გრძნობა.


საქართველოსთვის ავად თუ კარგად ცოტა რამ მაინც გავაკეთე, უკრაინისთვის კი არაფერი გამიკეთებია და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე დავხმარებოდი უკრაინას ჩემი გამოცდილებით.


თურქეთიდან პოლონეთში ჩავფრინდი, პოლონეთიდან კი უკრაინის საზღვართან ქართველი ვოლონტიორები დამხვდნენ რომელთა დახმარებითაც მოვხვდი უკრაინაში გამანაწილებელ პუნქტში, სწორედ იქ მიმდინარეობს მებრძოლების შერჩევა სამხედრო პროფესიების შესაბამისად, ქალაქს შეგნებულად არ დავასახელებ, სადაც ხდება მებრძოლების მიღება ან უარის თქმა სამწყობრო ნაწილებში მოხვედრაზე.



ჩემი ნამსახურობის ნახვისთანავე დასავლეთ უკრაინის ერთერთ ქალაქში გადამამისამართეს, 15 დღიანი მოსამზადებელი წვრთვნებისათვის, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ავუხსენი უკრაინულად, რომ მე მოხალისედ ჩასული მებრძოლი კი არა ერთი სამშობლოდან მეორე სამშობლოს დასაცავად ჩასული ქართველი ვიყავი.


ხარკოვში, ჩემს მშობლიურ ქალაქში გადამიყვანეს რამდენიმე სხვა უკრაინელ მებრძოლთან ერთად, რომლებიც პოტენციური მებრძოლების შერჩევას აწარმოებდნენ.


მივედით სანახევროდ დანგრეულ ქალაქში ღამით, საშინელი სანახავი დამხვდა ერთ დროს ულამაზესი ქალაქის ნაცვლად, არც სამხედრო ბაზა გამოიყურებოდა უკეთესად, სანახევროდ დანგრეული შენობები და ბუნკერი, სადაც არანაირი წესრიგი და დისციპლინა არ იგრძნობოდა.


გამნაღმველის პროფესია აქ დიდად არ გამომადგებოდა და მეორე პროფესია-სნაიპერობა ვარჩიე. ფორმა ახალი მომცეს, ჯავშანჟილეტი კი სრული კატასტროფა იყო, სანახევროდ არ ფარავდა საციცოცხლო ორგანოებს, არც ადამის დროინდელ სნაიპერულ შაშხანას "SVD"-ს მოვუხიბლივარ დიდად, დაუბალანსებელი ოპტიკა, ჟანგ მოკიდებული ლულა და უბალიშო კონდახი შემრჩა ხელთ.


პროტესტს აზრი არ ჰქონდა, თუ საბრძოლველად ჩახვედი იომე, თუ არა და დაადე თავი და წადი სახლში.


მოკლედ მეორე დღეს ფადაგვისროლეს ახალ მიმართულებაზე და დაიწყო ჩემი "მოღვაწეობა" დონბასის რეგიონში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ჯგუფის მეთაურს ეტყობოდა სამხედრო გამოცდილების დეფიციტი, არც ჯგუფი იყო დიდად გამოცდილი და ხშირად ისეთ შეცდომებს უშვებდნენ რასაც არცერთი 2-3 თვე ნამსახურები ჯარისკაცი რომ არ დაუშვებს.


საკვები და წყალი თან მიგვქონდა და სხვაზე არ ვიყავით დამოკიდებული, საბრძოლო მასალაც ადგილზევე მიგვქონდა პიკაპებით.


1 კვირიანი ფიქრის მერე გადავწყვიტე რომელიმე ქართულ დანაყოფს შევერთებოდი, "ქართული ლეგიონი" თავიდანვე გამოვრიცხე, რადგან "ლეგიონიდან" წამოსულ ბიჭებს უკრაინაში ჩასვლამდეც ვიცნობდი და ვიცოდი თუ რატომ დატოვეს დანაყოფი.


არც "შერეკილებთან" მიფიქრია წასვლა, მქონდა საამისო მიზეზიც. არ იფიქროთ, რომ ან "ქართულ ლეგიონს" ან "შერეკილებს" ვაკნინებდე, არა ვიცნობ იქ ბიჭებს და ვიცი უმაგრესი მებრძოლები არიან, უბრალოდ ჩვენი აზრები არ ემთხვეოდა ერთმანეთს თემაზე რომელზეც არ მსურს საუბარი და გადავწყვიტე ან "ქართველ პარტიზანებს" ან "კავკასიურ ლეგიონს" შევერთებოდი.


"კავკასიური ლეგიონი" მალევე გამოირიცხა, რადგან სამეთაურო რგოლს ვიცნობდი და ვერ ვნახე იქ ჩემი ადგილი, ვარჩიე "ქართველი პარტიზანები". მივედი მათთან და უამრავი ნაცნობი დამხვდა, ის ხალხი ვისთან ერთადაც ოკუპირებულ აფხაზეთში რეიდებზე მივლია. ყველაზე მეტად კახას და როლიკის დანახვამ გამახარა, მათთან ერთად დიდი გზა მქონდა გავლილი, კახა თავისი იუმორით და "ბაბუ" მუდმივი სიჩუმით კარგი სამეგობრო იქმნებოდა, მაგრამ იქაც დავინახე კაცი, რომელთანაც თავის დროზე სერიოზული კონფლიქტი მქონდა მისი შეცდომის გამო 3 პარტიზანის დაღუპვის გამო.


მოკლედ არც იქ დავრჩი და უკრაინის სადესანტო ჯარების ერთერთი ბრიგადის მოიერიშე ბატალიონის სპეცრაზმს შევუერთდი.


აქ უკვე პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვალა ჩემს ეკიპირებაში, იქნებოდა ეს ფორმა, ჯავშანჟილეტი, შტატით განკუთვნილი პისტოლეტი თუ "SVD"-ს ნაცვლად თანამედროვე, მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა უმძლავრესი ოპტიკით და ძალიან ბევრი "ნავაროტკებით".


მეწყვილედ კი დევნილობისას პანკისის ხეობაში გაზრდილი ჩეჩენი ბიჭი დამინიშნეს, ასე დაიწყო უკვე ახალი საბრძოლო "ეპოპეა" ჯოჯოხეთში.
თითოეული ბრძოლა მძიმე იყო, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები გადავიტანეთ სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში, რუსი აგრესორები ტაქტიკური ბირთვულ ქობინიანი რაკეტის გარდა პრაქტიკულად ყველაფერს იყენებდნენ უკრაინული დანაყოფების წინააღმდეგ, იქნებოდა ეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტები, "ბურატინოებით" და მისი უახლესი მოდიფიკაციით "ТОС-1А «Солнцепек» -ნასროლი თერმობარული რაკეტები, ვაკუუმის ბომბები, არც ფოსფორის ბომბები და კასეტური ბომბები დაგვკლებია, სამწუხაროდ ისეთი დღეებიც იყო როცა უკრაინული არმია დღეში 100 მებრძოლსაც კი კარგავდა.


სნაიპერს ასე თუ ისე მაინც დისტანციაზე უწევს ბრძოლა, მაგრამ მე და ჩემი ჩეჩენი მეწყვილე ბევრჯერ "გვაბურთავა" ტონიანი ავიაბომბის აფეთქებით გამოწვეულმა დარტყმითმა ტალღამ.


სევეროდონეცკის დატოვებისას ერთერთი ქართული დანაყოფი ალყაში ხვდებოდა, რა დროსაც "ქართველი პარტიზანების" ორი სნაიპერის მხარდამხარ მტერს არ მივეცით ქართული დანაყოფის მოგუდვის საშუალება (სწორედ მაშინ გაავრცელა რუსულმა მედიამ და პრესამ ქართული დანაყოფის განადგურების დეზინფორმაციული სახის ინფორმაცია), "კარპატსკი სიჩის" მებრძოლების თავდადებამ ეფექტი გამოიღო და დანაყოფი დანაკარგის გარეშე გამოვიდა ალყიდან.


ლისიჩანსკი განვლილი ბრძოლებიდან ყველაზე ცუდად მახსენდება, სწორედ ლისიჩანსკში "ქართველი პარტიზანების" ღამის რეიდისას დაიღუპა ჩემი მეგობარი კახა გოგოლი, უკვე ბაზაზე მყოფს მითხრეს 10 ივლისს უთენია საავიაციო დაბომბვისას კახა დავკარგეთო.


საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულში, კახასთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა, ასაკით ჩემზე უფროსი კი იყო, მაგრამ მისი მუდმივი იუმორი აბათილებდა ასაკში სხვაობას.


აფხაზეთის ომის დროს სახლიდან ომში გაპარული 16 წლის ბიჭმა ბოლო დღემდე იომა, პარტიზანული მოძრაობის დაწყების პირველივე დღიდან ჩაერთო მასში, 2008 წელს სამაჩაბლოში იბრძოლა და უკრაინაში დაიღუპა საავიაციო ბომბის ქიმიური ნაერთით მოწამვლის გამო.


დანარჩენზე სხვა დროს მოგახსენებთ.


ლოჯისტიკის "კამაზი" რომლის მძღოლს თავი დაცემულ საზამთროსავით გაუხეთქა მსვილკალიბრიანმა ტყვიის გულამ, დანარჩენი კი ერთჯერადი გამოყენების ყუმბარმტყორცნის ნამოქმედარია.

image

0
146
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
146