„ვანოს გუნდის ერთი ხელის მოსმით გაწირვა, მოღალატედ გამოცხადება, გამაოგნებელია" - ნიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია "მთავარი არხიდან" ვანო ჯავახიშვილისა და მისი გუნდის წამოსვლის საკითხს და ამ თემასთან დაკავშირებით არხსა და ჯავახიშვილს შორის არსებულ უთანხმოებას ეხმიანება. მელია მთავარ არხს ამტყუნებს და ჯავახიშვილის გუნდის დაცვას ცდილობს, თავად ნიკა გვარამია კი პირიქით ვანოს ამტყუვნებს და არხის მენეჯმენტს აქებს, მაყურებელს კი მოუწოდებს მთავარზე ახალ შოუს დაელოდონ.
.
- მელია ვანო ჯავახიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და შესაბამის პოსტს "ფეისბუქში", ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
"რაც არ უნდა მტკინვეული იყოს ვანო ჯავახიშვილის და მისი გუნდის წასვლა გინდა მთავარი არხისთვის, რომელსაც წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ და გინდაც მისი ერთგული მაყურებლისთვის, ამ გუნდის ასე ერთი ხელის მოსმით გაწირვა, მოღალატედ გამოცხადება, სალანძღავი ეპითეტებით შემკობა და შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკვრა - რბილად რომ ვთქვათ გამაოგნებელია!
ნებისმიერი არხს, ბრენდს, კომპანიას ქმნიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ- ბრენდის იდეასა და იდენტობაზე.მათ მადლობას უნდა ვუხდიდეთ გაკეთებული საქმისათვის და წარმატებას ვუსურვებდეთ, როდესაც საქმიანობის ერთი თავი იხურება და ახალი იწყება.
არადა, თუ კარგად გავიაზრებთ, ტრაგიკული არც არაფერი მომხდარა - გუნდმა ერთი კრიტიკული ტელეარხიდან, მეორე, ასევე კრიტიკულ ტელეარხზე გადაინაცვლა.
ფიგურალურად, რომ ვთქვათ, ტელევარსკვლავმა კრიტიკული მედიის ცაზე უბრალოდ ადგილი შეიცვალა, მშრალად რომ ვთქვათ - პროფესიონალებმა სამსახური შეიცვალეს, მოქალაქეობრივი მრწამსის შეუცვლელად. სულ ესაა.
ჩემი მხარდაჭერა - ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს", - წერს ნიკა მელია.
,
- ცნობისთვის, "ვანოს შოუს" გუნდმა "მთავარი არხი" დატოვა და ახალ სატელევიზიო სეზონს "ტვ პირველის" ეთერში დაიწყებს. ამას "მთავარი არხის" მენეჯმენტისგან უკმაყოფილება მოჰყვა. ტელეკომპანიის განცხადებით, "ვანოს შოუს" გუნდი იყო ერთადერთი, არხზე შექმნილ ფინანსურ კრიზისს რომ ვერ გაუძლო და ამის გამო დატოვა ტელეკომპანია.
ტელეკომპანიის განცხადებას თავად ვანო ჯავახიშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.მან "მთავარი არხის" განცხადებას "სრული უხამსობა და ბოროტება" უწოდა.
.