x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ იყო კაცი, რომელიც თბილისში პირველ ავტოავარიას ემსხვერპლა?
image

ზუსტად 100 წლის წინ თბილისში (მაშინდელ ტფილისში) 1922 წლის 14 ივლისს ავტოვარიას პირველი ადამიანი ემსხვეპლა და მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ქალაქური ფოლკლორის მტკიცებით, ის იყო თბილისში მოძრავი ერთადერთი ავტომობილი, ხოლო დაღუპული პიროვნება არ იყო შემთხვევითი რიგითი მოქალაქე, არამედ საყოველთაოდ ცნობილი რევოლუციონერი სიმონ არშაკის-ძე ტერ–პეტროსიანი, მეტსახელად "კამო", რომელიც ისტორიაში სამუდამოდ შევიდა მინიმუმ კიდევ ორი მოვლენით: იყო ტფილისში "საუკუნის ძარცვის" ორგანიზატორი და იმისთვის, რომ არ დაეხვრიტათ თავი მოიგიჟიანა და ამის დასამტკიცებლად საკუთარი განავალიც კი ჭამა. (მიყევი <<< ბმულს)


მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გახდა შესაძლებელი დაწვრილებით გაგაცნოთ ეს ტრაგიკული მოვლენა, რომლის დოკუმენტებიც მარქსიზმ-ლენინიზმის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის არქივში ინახებოდა.



14 ივლისი კამომ მთელი დღე ველოგადარბენაში გაატარა - დილით რუსთაველის პროსპექტზე ამაღლებულ-საზეიმო ვითარებაში შეავსო საქართველოს კომპარტიის ტფილისის კომიტეტის საწევრო ანკეტა, საიდანაც ორჯონიკიძის ქუჩაზე, რკინიგზის სამმართველოს ამიერკავკასიის საბაჟო ოლქში დაბრუნდა და კვლავ საყვედურებით აავსო თანამშრომლები აპარატის ძველი ბიუროკრატებით გავსებისა და უინიციატივობის გამო.



საღამოსკენ კამო კვლავ ცენტრში - ტროცკის ქუჩაზე საქართველოს ჩეკაში გაეშურა - სიძის, ჩეკას მრისხანე თავმჯდომარის, კოტე ცინცაძის სანახავად. სამსახურის სპეციფიკის და სამოქალაქო ომისდროინდელი მდიდარი გამოცდილების გამო, კამო საქართველოს ჩეკაშიც შინაური კაცი იყო. ლეგენდარულ კონსპირატორს, ტერორისტსა და დივერსანტს ახლა უკუამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი - ამიერკავკასიაში სამხრეთიდან და ზღვიდან დიდ ნაკადად მომდინარე კონტრაბანდის ქსელები უნდა გაენეიტრალებინა, რაც „რევოლუციის ფხიზელ თვალთან“, ჩეკას აპარატთან ერთად უნდა დაეგეგმა.


საღამოს 11 საათამდე კამო ფრონტელ მეგობართან, ცნობილ ჩეკისტ - გიორგი ათარბეგოვთან ერთად უკვე მის სახლში, ტროცკის (დღევანდელი ინგოროყვას) ქუჩა #3-ში ათანხმებდა გეგმებს. აქედან კი დამღლელი დღის ბოლოს შინ - მამიდის ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო დიდი მთავრის (უზნაძის) ქუჩაზე.



ბარეულში დაბადებული კოლა (ნიკოლოზ) დავითის ძე დვალი კარგი, გამოცდილი შოფერი იყო - პროფესიული კურსები 1920 წელს დაასრულა კავკასიის ოლქის გზათა სამმართველოში, თუმცა სტაჟი უფრო ძველი ჰქონდა - პირველად 1914 წელს, თურქეთის ფრონტზე მიუჯდა მანქანის საჭეს. საქართველოს ოკუპაცია-გასაბჭოების შემდეგ საჭირო სპეცი უკვე მოსკოვში აღმოჩნდა და იქაც „მოსტრანსში“ მუშაობისას აიმაღლა კვალიფიკაცია. თბილისში დაბრუნებული კი იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და პრესტიჟული „ლოკომობილით“ დაატარებდა თბილისის აღმასკომისა და საბჭოს უფროსობას - ლადო დუმბაძესა და ვასიკო წივწივაძეს.



14 ივლისს რაღაც ბედად სახკომსაბჭოს გარაჟში თავისუფალი მანქანა არ აღმოჩნდა და კოლა იძულებული გახდა გვიან ღამემდე ევლო აღმა-დაღმა თბილისის ქუჩებში. თორმეტის ნახევარზე ყოფილი მეფისნაცვლის სასახლის ეზოში განთავსებული გარაჟი იკეტებოდა. დვალმა გადაწყვიტა გზად პლეხანოვის პროსპექტზე ვეტცელის სასტუმროსთან მეგობარ მძღოლ-ავტომექანიკოსთან გაევლო. მანქანა ბოლოს წლინახევრის წინ შეერემონტებინათ და უკვე ხელახალი შემოწმების დრო მოდიოდა.

image

მექანიკოსთან მცირე საუბრის შემდეგ, 12-ის ნახევრისათვის, დვალმა ვერის ხიდი უკან მოიტოვა, ვერის დაღმართის ბოლოს, ცირკთან შეჯგუფულ უსაქმურებს როგორც კი გასცდა, მკვეთრ მოსახვევში მესამე სიჩქარე ჩართო და სიგნალი მისცა - რამდენიმე წამში „ლოკომობილის“ მძლავრი ფარების შუქი დიდი სიჩქარით მომავალი, უფარნო ველოსიპედისტის ფიგურას მიებჯინა, რომელიც აშკარად დაიბნა და საჭე აერია. დვალმა მკვეთრად მოუხვია მარჯვნივ, ტროტუარისკენ და მუხრუჭს დააწვა, თუმცა გვიანი იყო. ველოსიპედისტმაც ინსტინქტურად საჭე მარცხნივ აიღო, მანქანის მარცხენა ფრთამ ველოსიპედის წინა ბორბალი ჩაითრია და მისი მძღოლი ქვაფენილზე, ტრამვაის რელსებში მოისროლა.


დვალის ყვირილზე ცირკთან მდგომებმა, ქუჩის ზემო ნაწილში მომავალმა გამვლელებმა და მორიგე მილიციონერმა მოირბინეს, გასისხლიანებული უცნობი მანქანაში ჩააწვინეს და სამიოდე წუთში მიხეილის სავადმყოფოში მიქანდნენ. თუმცა გვიან ღამეს, მორიგე ექიმი სადღაც გამძვრალიყო. მძიმედ დაშავებული და უგონოდ მყოფი დაზარალებულის ჭრილობების დამუშავება ფელდშერმა დაიწყო.

image


კოლა მხოლოდ მაშინ მიხვდა, რამხელა შარში გაება, როდესაც მილიციონერმა უკვე მომაკვდავი უცნობის პირადი ნივთების გასინჯვა დაიწყო - #205156 ნომერ პარტბილეთში არაფრისმთქმელი სახელის - სიმონ ივანეს ძე პეტროვის გასწვრივ ყველასთვის ცნობილი სახელი - `კამო~ - იყო მიწერილი. სასწრაფო სატელეფონო ზარის შემდეგ საავადმყოფოში კოტე ცინცაძე მივიდა, ენერგიული განკარგულებები გასცა და დეტალების გამორკვევას შეუდგა. დვალი ადგილზე სიტყვიერად დაკითხეს, შემდეგ მილიციის უახლოეს განყოფილებაში ოქმი შეუდგინეს და მისდა გასაკვირად გაუშვეს მორიგ დაკითხვებზე ჩეკაში გამოცხადების პირობით.


კამოს ცხედარი მუშათა სასახლეში გადაასვენეს. 18 ივლისს საღამოს მისი ნეშტი პუშკინის სკვერში, შადრევნის სიახლოვეს გაჭრილ სამარხში ჩაუშვეს. საფლავი ყოფილ „ერევანსკის მოედანთან“ 1907 წელს მისი მეთაურობით სახელოვანი „ექსის“ მოსაგონებლად შეარჩიეს. დაკრძალვას ერთი უცნაურობაც გამოარჩევდა - ქალაქის ბოლშევიკმა მამებმა მასებს მოუწოდეს, ყვავილებისა და გვირგვინებისთვის გამიზნული ფული კამოს სახელობის ბავშვთა სახლისათვის გადაედოთ.

image


როგორც ახლობლები იხსენებდნენ, განსვენებული ზოგჯერ ოხუნჯობდა ხოლმე - ნეტავ მოვკვდე და მერე გავცოცხლდე, რომ ვნახო, მართლა ისე ვუყვარვარ თუ არა მეგობრებს, როგორც მე ისინიო. 19 ივლისის „კომუნისტის" ფურცლებზე დაბეჭდილ დაკრძალვის რეპორტაჟში ჩასმული მთავარი ბოლშევიკების დაღრეჯილი სახეები ნამდვილად დაარწმუნებდა მკითხველს, რომ საქართველოს და ამიერკავკასიის კომპარტიის ლიდერები ღრმად იყვნენ შეძრული უძველესი მებრძოლი ამხანაგის ასე უბრალო დაღუპვით.


„კომუნისტს“ თავისი წილი ნეკროლოგი კოლა დვალმაც გაუგზავნა, სადაც ირწმუნებოდა რომ თავის მართლებას არ აპირებდა და ბოდიშსაც იხდიდა მისთვის უცნობი გმირი რევოლუციონერის უნებური მკვლელობის გამო. ტრაგიკული ფაქტის შემთხვევითობასა და მძღოლის უბრალოებაში, რომელსაც თვალით არასოდეს ენახა ამხანაგი კამო და არანაირი პირადი ანგარიშები არ შეიძლებოდა ჰქონოდა, მკითხველს ისიც არწმუნებდა, რომ კამოს ძველი ამხანაგები, ერთი მხრივ, მისი პერსონის ლეგენდარულობის ხაზგასასმელად და, მეორე მხრივ, ოდნავ უხერხული სიტუაციის ასახსნელად გამოსათხოვარ სიტყვებში ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ კამოს ნამდვილი სახელი და გვარი მხოლოდ საგაზეთო ნეკროლოგებით შეიტყვეს.



პირადად კამოს სიძის - ამხანაგ კოტესა და საგანგებო კომისიისათვის სენტიმენტები საკმარისი არ იყო. მერკულოვმა დვალი საფუძვლიანად დაკრძალვის დღეს, 18 ივლისს, დაკითხა, თუმცა ტრაგედიის მიზეზი მაინც ბანალური ჩანდა - ვერის დაღმართის ბოლო მონაკვეთში, გზის მარჯვენა მხარეს (მტკვრის სანაპიროსკენ) ქვაფენილი დაზიანებული იყო, რის გამოც კამო დაღმართში საპირისპირო ზოლზე ეშვებოდა, სადაც დვალი თავის ხაზზე მოძრაობდა. „ლოკომობილის“ მძლავრი ძრავა სხვა მარკის მანქანებისაგან განსხვავებით ხმაურით არ გამოირჩეოდა, თუმცა ძლიერი საყვირი და წინა ფარების მძლავრი შუქი ჰქონდა. ამ უკანასკნელმა მკვეთრ მოსახვევში მის საპირისპიროდ მოძრავი ისედაც ცალთვალა კამო (ცალი თვალი მას 1907 წელს, თბილისში ბომბის დამზადებისას დაუზიანდა) დააბნია და მან შეჯახების აცილება ვერ შეძლო. დამატებითი ფაქტორებიც გამორიცხული იყო. ორთავე მძღოლი აბსოლუტურად ფხიზელი იყო - დვალი ვერ მოახერხებდა სიმთვრალის დაფარვას, ხოლო კამო კი ვეგეტარიანელი გახლდათ და ალკოჰოლსაც ბავშვობიდან არ ეკარებოდა.

image

კამოს დაღუპვის შემდეგ თანამებრძოლები გულისტკივილით შენიშნავდნენ, ზღვას გადაურჩა და წვეთმა დაახრჩო.(იგი ორჯერ გადაურჩა დახვრეტას).იგი 40 წლის იყო.


შემდეგ დადიოდა ჭორები, კამოს სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა და ის სტალინის ბრძანებით მოკლესო, თუმცა საქმის გარემოების გაცნობის შემდეგ ეს ბრალდება სრულიად აბსურდულად მოგეჩვენებათ.

0
348
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0