საბუნებისმეტყველო ხერხემალი და ზურგის ტვინი 2022, 15 ივნისი, 9:18 ხერხემალი დაახლოებით 520 მილიონი წლის წინ განვითარდა პირველ ხერხემლიან ცხოველებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ გავრცელებულნი ხმელეთზე და ოკეანეებში ცხოვრობდნენ. ეს მოხდა ე.წ. კამბრიული აფეთქების პერიოდში. ხერხემლის სვეტი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ხერხემალი, არის ღერძული ჩონჩხის ნაწილი. ხერხემლის სვეტი ხერხემლიანი ცხოველების განმსაზღვრელი მახასიათებელია, რომელშიც ნოტოქორდი, იგივე ზურგის სიმი, ქორდა (ერთგაროვანი შემადგენლობის მოქნილი ღერო), რომელიც გვხვდება ყველა ქორდიანში, ჩანაცვლებულია ძვლის სეგმენტირებული სერიით - ესენია ხერხემლის მალები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია მალთაშუა დისკებით. ცალკეული მალები სახელდება ხოლმე ხერხემლის სხვადასხვა რეგიონში მათი მდებარეობის და პოზიციის მიხედვით და შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ანატომიური მახასიათებლები, რათა წარიმართოს სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა, როგორიცაა მაგალითად წელის პუნქცია. ხერხემლის არხში განთავსებულია ზურგის არხი, ღრუ, რომელიც მოიცავს და იცავს ზურგის ტვინს. 21-ე საუკუნეში არსებობს დაახლოებით 50, 000 სხვადასხვა სახეობა, რომელსაც გააჩნია ხერხემლის სვეტი. ამათგან ადამიანის ხერხემლის სვეტი ერთ-ერთი გამორჩეულია, რომელიც საუკეთესოდაა შესწავლილი. ადამიანებში მრავალმა სხვადასხვა დაავადებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ხერხემალზე, მათ შორის ყველაზე ხშირია ზურგის ტვინის თიაქარი (Spina bifida) და სქოლიოზი. ადამიანის ზოგადი სტრუქტურა საკმაოდ დამახასიათებელია ძუძუმწოვრებში, ქვეწარმავლებსა და ფრინველებში, თუმცა ცხადია ხერხემლის აგებულება საკმაოდ განსხვავდება აღნიშნულ ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფში. ხერხემლის მალების რაოდენობა განსხვავდება ხერხემლის სხვადასხვა რეგიონის მიხედვით. ადამიანის ხერხემლის მალების რაოდენობა ჩვეულებრივ არის 33. გავის მალებამდე არსებული ზედა 24 მალა ერთმანეთისგან გამოყოფილია მალთაშუა დისკებით, ხოლო ქვედა 9 მალა ერთმანეთთანაა შეწყმული მოზრდილ ადამიანებში - ეს არის გავის 5 მალა და კუდუსუნის 4 მალა. ხერხემალი იყოფა 5 რეგიონად, ესენია: კისრის, გულმკერდის, წელის, გავის და კუდუსუნის. თითოეული მათგანი შეიცავს გარკვეული რაოდენობის მალას. ხერხემლის კისრის ნაწილი შეიცავს 7 მალას (Cervical - C1-C7); გუმკერდის - 12-ს (Thoracic - T1-T12); წელის - 5-ს (Lumbar - L1-L5); გავის 5-ს (Sacrum - S1-S5) და კუდუსუნის 4 მალას (Coccyx). საინტერესოა, რომ ეს ასეა ადამიანთა უმრავლესობაში, მაგრამ ყველა ადამიანში ასე არ არის. მაგალითად მე-20 საუკუნის დასწყისში ჩატარებულმა კვლევამ, სადაც 908 ზრდასრული ადამიანი იქნა გამოკვლეული, აჩვენა, რომ მათ უმრავლესობას - 826 მათგანს (91%-ს) ჰქონდა 24 ცალი გავამდელი ანუ პრესაკრალური მალა (გავის და კუდუსუნის ნაწილის გამოკლებით), 43 ადამიანს ჰქონდა 23 ცალი გავამდელი მალა (4.7%-ს), ხოლო 39 მათგანს (4.3%-ს) - 25 ცალი გავამდელი მალა. ეს მცირე ცვლილებები გამოწვეული იყო კისრის მალების რაოდენობის ცვლილებით და არა სხვა რომელიმე ხერხემლის რეგიონის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კისრის ორ მალას ატლასს (C1) და აქსისს (C2), რომლებზეც თავი ეყრდნობა და ისინი უზრუნველყოფენ თავის ტრიალს და მის დაჭერას. გულმკერდის და წელის მალების ერთობლიობას უწოდებენ თორაკოლუმბალურ განყოფილებას. ხერხემლის თითოეული მალის ზემოთ და ქვემოთ არის სახსარი, რომელსაც ეწოდება ფაცეტი, მცირე სახსროვანი ზედაპირი. ეს სახსრები ზღუდავენ მოძრაობის შესაძლო დიაპაზონს და ერთმანეთს უერთდებიან ნერვული თაღის წვრილი ნაწილით, რომელსაც ეწოდება სახსართშორისი ნაწილები (pars interarticularis). მალის თითოეულ წყვილს შორის არის ორი პატარა ხვრელი, რომელთაც მალთაშუა ხვრელები (intervertebral foramina) ეწოდება. ამ ხვრელების მეშვეობით ზურგის ნერვები ტოვებს ზურგის ტვინს და მიმართება პერიფერიული ორგანოების ინერვაციისთვის. სხვადასხვა იოგი ჩართულია ხერხემლის სვეტის აგებაში და ეხმარებიან მას მოძრაობაში და სხეულის საყრდენი ფუნქციის უკეთ შესრულებაში. წინა და უკანა გრძივი იოგები მატებენ სიგრძეს ხერხემლის სვეტს. ხერხემლის გასაოცარი სტრუქტურა ყალიბდება ემბრიოგენეზის პერიოდში, მესამე კვირიდან, როცა ჩამოყალიბებას იწყებს სომიტები. ამ დროს ადამიანის ემბრიონი იწყებს გასტრულაციას.სომიტების რაოდენობა სახეობებს შორის მერყეობს, მაგალითად ადამიანში მათი რაოდენობა 42-დან 44-მდეა, ხოლო ქათმის ჩანასახში დაახლოებით 52. სომიტები პარაქსიალური მეზოდერმისგან წარმოქმნილი სფეროებია, რომელიც მდებარეობს ნერვული მილის გვერდებზე და აყალიბებს უშუალოდ ხერხემალს, ნეკნებს და თავის ქალას. აგრეთვე კუნთებს, იოგებს და კანს. ხერხემლის ნაპრალი (Spina bifida) არის თანდაყოლილი აშლილობა, რომლის დროსაც ხდება ხერხემლის თაღის დეფექტური დახურვა. ზოგჯერ ზურგის მენინგები და ზურგის ტვინიც კი, შეიძლება გამოვიდეს ამ გზით და ამას ეწოდება ხერხემლის ნაპრალის ცისტა ან ხერხემლის ცისტური ნაპრალი (Spina bifida cystica). როდესაც ხერხემლის ნაპრალის დროს არ აღინიშნება ეს გამონაშვერი, აღნიშნული ცისტა, მაშინ ამას უწოდებენ ხერხემლის დაფარულ ნაპრალს (Spina bifida occulta). კიდევ ერთი, თუმცა იშვიათი თანდაყოლილი დაავადება არის კლიპელ-ფეილის სინდრომი (Klippel-Feil syndrome). ამ დროს კისრის ნებისმიერი ორი მალა ერწყმის ერთმანეთს. სპონდილოლისთეზი არის ხერხემლის მალის წინ გადაადგილება, ხოლო რეტროლისთეზი არის ერთ-ერთი მალის სხეულის უკან გადაადგილება და დისლოკაცია. სპონდილოლიზი, იგივე პარსის დეფექტი არის დეფექტი ან მოტეხილობა ხერხემლის თაღის სახსარშორის ნაწილზე (Pars interarticularis). ხერხემლის დისკის თიაქარი (Spinal disc herniation) რომელსაც ასევე უწოდებენ "მოცურებულ დისკს", არის სახსარშორისი დისკის გარე რგოლის (anulus fibrosus) გახეხვის შედეგი. ეს იწვევს გელისმაგვარი რბილი მასის (nucleus pulposus) გარეთ გამოსვლას და ბურცობის, თიქარის წარმოქმნას. ხერხემლის სტენოზი (Spinal stenosis) არის ხერხემლის არხის შევიწროება, რომელიც შეიძლება აღინიშნოს ხერხემლის ნებისმიერ რეგიონში, თუმცა ნაკლებად ხშირად გულმკერდის არეში. სტენოზი კუმშავს ხერხემლის არხს, რაც იწვევს ნევროლოგიურ დეფიციტს. კოქსიდინია (coccydynia) - ასე ეწოდება კუდუსუნის ძვლის ტკივილს. ზურგის ტვინის დაზიანება მრავალნაირია და შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი. შესაბამისად იწვევს ზურგის ტვინის ფუნქციის მუდმივ ან დროებით ცვლილებებს. ზურგის ტვინის დაზიანებები შეიძლება დაიყოს კატეგორიებად: სრული ტრანსექცია, ჰემისექცია, ზურგის ტვინის ცენტრალური დაზიანებები, ზურგის ტვინის უკანა დაზიანებები და ზურგის ტვინის წინა დაზიანებები. ჩაზნექილი ხერხემლის მალა (Scalloping vertebrae) - არის ხერხემლის უკანა სხეულის ჩაღრმავების ზრდა. მისი დანახვა შესაძლებელია CT-ს და MRI-ს სკანირების, გვერდითი რენტგენის და საგიტალური ხედებით. მისი ჩაღრმავება განპირობებულია წონის გამო ხერხემალზე გაზრდილი წნევით. ხერხემლის შიდა მასა, როგორიცაა სპინალური ასტროციტომა, ეპენდიმომა, შვანომა, ნეიროფობრომა და აქონდროპლაზია იწვევს ხერხემლის მალის ჩაზნექვას. კიფოზი არის გულმკერდის რეგიონის გადაჭარბებული კიფოზური, ამოზნექილი გამრუდება საგიტალურ სიბტყეში, რომელსაც ასევე უწოდებენ ჰიპერკიფოზს. ეს წარმოქმნის ე.წ. კუზს ან დამწყვდევის კეხს, მდგომარეობას, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია ოსტეოპოროზით. ლორდოზი არის წელია რეალის გადაჭარბებული ჩაზნექვა, გამრუდება საგიტალურ სიბრტყეში. ცნობილია ასევე, როგორც წელის ჰიპერლორდოზი. ორსულობის დროს ხშირია დროებითი ლორდოზის განვითარება. სქოლიოზი - ხერხემლის გვერდითი გამრუდება ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური გამრუდებაა, რომელიც გვხვდება მოსახლეობის 0, 5%-ში. ის უფრო ხშირია ქალებში და შესაძლოა გამოწვეული იყოს ერთი ან მეტი ხერხემლის მალის ორი მხარის არათანაბარი ზრდის შედეგად ისე, რომ ისინი ერთმანეთს სათანადოდ არ ერწყმის. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ფილტვების ატელექტაზით (ფილტვების ერთი ან რამდენიმე წილის ნაწილობრივი ან სრული დეფლაცია), როგორც ეს შეინიშნება ასთმის ან პნევმოთორაქსის დროს. კიფოსქოლიოზი კი არის კიფოზისა და სქოლიოზის ერთობლიობა. ზურგის ტვინიევოლუციის პროცესში ზურგის ტვინიც ჩამოყალიბდა 520 მილიონი წლის წინ, იმ დროიდან, როდესაც ხერხემალი ჩამოყალიბდა პირველ ხერხემლიან ცხოველებში. ზურგის ტვინი არის გრძელი, წვრილი, მილაკოვანი სტრუქტურა, რომელიც შედგება ნერვული ქსოვილისგან, რომელიც იწყება ტვინის ღეროდან და გრძელდება წელის არემდე. მისით ამოვსებულია ზურგის ტვინის ცენტრალური არხი, რომელიც შეიცავს ცერებროსპინალურ (თავზურგტვინის) სითხეს. თავის ტვინი და ზურგის ტვინი ერთად ქმნიან ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ცნს). ადამიანებში ზურგის ტვინი იწყება კეფის ძვლიდან, გადის მაგნუმის ხვრელში და შედის ზურგის არხში კისრის მალების დასაწყისიდან. ზურგის ტვინსა და თავის ტვინს შორის საზღვად ითვლება ატლანტ-კეფის სახსარი. ზურგის ტვინი ვრცელდება წელის პირველ და მეორე მალებამდე. ის შემოსაზღვრულია ძლიერი ხერხემლის სვეტით, რომელიც იცავს ამ ხერხემლის სვეტთან შედარებით უფრო მოკლე ზურგის ტვინს. ზრდასრულ მამაკაცებში საშუალოდ ზურგის ტვინის სიგრძეა 45 სმ, ხოლო ქალებში - 43 სმ. ზურგის ტვინის დიამეტრი მერყეობს 13 მილიმეტრიდან (კისრის და წელის მალებში) 6.4 მილიმეტრამდე (გულმკერდის მალების არეში). ზურგის ტვინის წონა კი საშუალოდ 30-32 გრამია. ზურგის ტვინი მონაწილეობს ნერვული სიგნალების გადაცემაში მოტორული კორტექსიდან (მამოძრავებელი ქერქიდან) სხეულისკენ და სენსორული ნეირონების აფერენტული ბოჭკოებიდან სენსორული ქერქისკენ. ზურგის ტვინი ასევე არის მრავალი რეფლექსის კოორდინაციის ცენტრი და შეიცავს რეფლექსურ რკალებს, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად გააკონტროლონ რეფლექსები. აქ განთავსებულია ხერხემლის ინტერნეირონების ჯგუფები, რომლებიც ქმნიან ნერვულ სქემებს. ეს სქემები ცნობილია, როგორც ცენტრალური ნიმუშის გენერატორები. ისინი პასუხისმგებელნი არიან მოტორული (მამოძრავებელი) რიტმული მოძრაობების კონტროლზე, როგორიცაა მაგალითად სიარული. ზურგის ტვინი იყოფა მარჯვენა და მარცხენა ნაწილად. ეს ნაწილები კიდევ იყოფა სამ-სამ სვეტად: წინა, გვერდით და უკანა ლარებად. ზურგის ტვინი სვეტებად დაყოფის გარდა ასევე დაყოფილია განივად, რაც მისი ფილოგენეზის ადრეულ სტადიაზე შეძენილი თვისებაა. თითოეული ასეთი დანაყოფი ზურგის ტვინის სეგმენტია. ადამიანის ზურგის ტვინი დაყოფილია 31 სეგმენტად: კისრის 8 სეგმენტი, გულმკერდის 12 სეგმენტი, წელის 5, გავის 5 და კუდუსუნის 1 სეგმენტი. კისრის (Cervical) 8 სეგმენტი ქმნის კისრის 8 წყვილ ნერვს. გულმკერდის (Thoracic) 12 სეგმენტი ქმნის გულმკერდის 12 წყვილ ნერვს. წელის (Lumbar) 5 სეგმენტი ქმნის წელის 5 წყვილ ნერვს. გავის (Sacrum) 5 სეგმენტი ქმნის გავის 5 წყვილ ნერვს. კუდუსუნის (Coccyx) სეგმენტი ქმნის კუდუსუნის 1 წყვილ ნერვს. ზურგის ტვინის ნერვების რომელი წყვილები რომელ კუნთებს აინერვებს და რა ფუნქციებს ასრულებს: C1-C6 - კისრის მომხრელები. C1-T1 - კისრის გამშლელები. C3, C4, C5 - აინერვებს დიაფრაგმას, განსაკუთრებით C4. C5, C6 - მხრის ამწევი, მკლავის ამწევი - აინერვებს დელტოიდურ კუნთს და ასევე ბიცეფსს. C6 - ახორციელებს მკლავის გარე როტაციას, სუპინატორი. C6, C7 - იდაყვის და მაჯის გაშლა. აინერვებს ტრიცეპსს და მაჯის გამშლელ კუნთებს. C7-C8 - მაჯის მომხრელი. აინერვებს ხელის პატარა კუნთებს. T1-T6 - აინერვებს ნეკნთაშუა კუნთებს და ღეროს წელის ზემოთ. T7-L1 - აინერვებს მუცლის კუნთებს. L1-L4 - ბარძაყის სახსრის მომხრელი. L2, L3, L4 - ბარძაყის ადუქტორი ანუ ბარძაყის კუნთის მომზიდველი ნერვები. მუხლში გამშლელი კუნთის, ბარძაყის კვადრიცეფსის მაინერვირებელი. L4, L5, S1 - ბარძაყის ადუქტორი ანუ ბარძაყის კუნთის მომზიდველი ნერვები. მუხლში ფეხის მომხრელი.აინერვებს ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთებს. ეს ნერვები ახორციელებს ფეხის უკან გადახრას (დორსიფლექსი - წვივის წინა კუნთები), ასევე აინერვებს ფეხის თითების გამშლელ კუნთებს. L5, S1, S2 - აინერვებს მენჯ-ბარძაყის სახსარში ფეხის გამშლელ კუნთებს (gluteus maximus). ასევე ტერფის მომხრელ და ფეხის თითების მომხრელ კუნთებს. ზურგის ტვინის სხვადასხვა უბანზე თეთრი და რუხი ნივთიერების ფორმა, ასევე მათი შეფარდებითი პროპორცია განსხვავებულია. მაგალითად წელის გამსხვილების სეგმენტში რუხი ნივთიერების რაოდენობა თითქმის უტოლდება თეთრისას, ხოლო გულმკერდის სეგმენტებში რუხი ნივთიერების რაოდება 5-6-ჯერ ნაკლებია. ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება შექმნილია ნერვული უჯრედებით (ნეირონებით), ნერვული ბოჭკოებით და ნეიროგლიით. მისი ერთგვაროვანი ნერვული უჯრედების მჭიდრო ჯგუფებად განლაგებით და გაერთიანებით მიიღება ნერვული ბირთვები, რომლებიც ფუნქციის შესაბამისად, ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში ლაგდებიან განცალკევებულ სვეტებად და შესაბამისად ქმნიან წინა სვეტს და უკანა სვეტს. ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება - მრავლობითი, სხვადასხვა სიგრძის და დიამეტრის მიელინიანი და უმიელინო ნერვული ბოჭკოების გაერთიანებაა, რომელსაც თან ახლავს გლიური უჯრედები, სისხლძარღვები და შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები. თეთრი ნივთიერების ბოჭკოები, ზურგის ტვინის ფუნქციის შესაბამისად წარმოდგენილია მოკლე ბოჭოებით, რომლებიც აკავშირებენ ზურგის ტვინის სეგმენტს პერიფერიასთან ან მეზობელ სეგმენტებთან და გრძელი ბოჭოებით, რომლებითაც ზურგის ტვინი დაკავშირებულია თავის ტვინთან. გრძელი ბოჭკოები შეიძლება იყოს მგრძნობიარე ან მამოძრავებელი. წყარო: Vertebral Column - Wikipedia; წყარო 2: Spinal Cord - Wikipedia; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე338 1-ს მოსწონს
|