x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ერთ მშვენიერ დღეს თავი თუ ჩამოვიხრჩე, მხოლოდ ჩემს დაქალს ეცოდინება, რის გამო მოხდა ეს" - ძალადობასთან დაკავშირებული მძიმე ისტორია
image

ფეისბუქ-გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. სადაც ქვეყნდება სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული მძიმე ისტორიები.


ისტორია 1


„მოზარდი ვიყავი, ალბათ ასე 13-14 წლის. ისე მოხდა, რომ ჩემი უფროსი ძმის ძმაკაცმა ჩვენს სახლში დამიმარტოხელა და ჩემთან ძალით რაღაც საზიზღარ სექსუალურ ქმედებებს აკეთებდა (უკანალზე და მკერდზე ხელებით მზელდა, ცდილობდა, ტუჩებში ეკოცნა და ა.შ.). იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ჩვენთან სახლში არავინ იყო, ჩემი ძმა გარეთ იყო გასული სიგარეტის მოსატანად. ეს კარგად იცოდა და ამიტომ იყო ასეთი გულმოცემული. მე ვერც ვიყვირე და ვერც ხელიდან დავუსხლტი, რადგან მემუქრებოდა, თუ ვინმეს გააგებინებ, ყველაფერს შენ დაგაბრალებ და ხომ იცი, რომ მე დამიჯერებენ და შენ არაო. დავფრთხი, შემეშინდა, შემრცხვა და ეს ამბავი არავისთვის მითქვამს. ამის შემდეგ, ამ ნაძირალას კიდევ ბევრჯერ უცდია ჩემი კოცნა და ასეთივე სექსუალური ხასიათის „ჟღვლემა“. მე ხან ვახერხებდი მისი ხელიდან დასხლტომას, ხანაც - ვერა. ჩემი ძმა საშინელი აზიატია, სუფრაზე ქალებთან ჯდომაც კი რომ არ მოსწონს, ეგეთი. ისეთი ნევროტიკია, ეს ამბავი რომ გაიგოს, ალბათ მომკლავს. ახლაც კი, როცა ქმარი მყავს, მისი უფრო მეშინია. ამდენი წელია, ამ ყველაფერს ვითმენ. ეს მოძალადე სულ ჩემთან სიახლოვეს დაეძებს, რომ თავისი ბინძური ქმედებები გააგრძელოს. მე მუდმივ სტრესში ვარ და ეს ამბავი არასოდეს არავისთვის მითქვამს, ჩემი ერთადერთი დაქალის გარდა. ეს კაცი იმდენად მაწუხებს უკვე წლებია, რომ თავის მოკვლაზეც ვფიქრობ. სასაცილოა არა? ეგეც წარმომიდგენია ხოლმე, მე რომ მოვკვდე, როგორ „გაამხნევებს“ ჩემს ძმას და ქმარს. ამას წინათ, ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულზე, დიდი ჭყლეტვა იყო. ჰოდა ეს ნაძირალა ჩემ უკან როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი. ხელით მკერდზე შემეხო და ძლიერად მომისრისა. იმდენად ცუდად გავხდი, იქვე ჩავიკეცე. ყველას ეგონა, რომ სიცხისა და უჰაერობისგან გავხდი ასე. მუდმივად უკან დამდევს და მოსვენებას არ მაძლევს. ერთ მშვენიერ დღეს თავი თუ ჩამოვიხრჩე, მხოლოდ ჩემს დაქალს ეცოდინება, რის გამო მოხდა ეს“.




ისტორია 2


„ეს ისტორია ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც 16 წლის ვიყავი, სკოლის მოსწავლე. მე რაც გამოვიარე, ადევნება-თვალთვალის ალბათ კლასიკური მაგალითია. ვიღაც ტიპი პერმანენტულად უკან დამყვებოდა, ეს იქნებოდა სკოლისკენ მიმავალი გზა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სახლიდან გამოსულს თუ დამინახავდა, მაშინვე ჩემს შორიახლო გაჩნდებოდა ხოლმე. ამას აკეთებდა პერიოდულად, ხანდახან თვეში ერთხელ, ხანდახან სამი თვეც არ ჩანდა. ერთი უბნელები ვიყავით და ჩემი უკან დევნა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ხან მიზანმიმართულად იდგა და ელოდა, როდის გავივლიდი სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, ხანაც შემთხვევით შემეფეთებოდა და ასე ამედევნებოდა ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ავტობუსში დედასთან ერთად ავსულვარ და იქაც ამომყოლია, ჩამოსულს კი ჩამომყოლია. უტიფარი მოშტერება იცოდა. ერთხელ, საიდანღაც ჩემი ტელეფონის ნომერი გაიგო და მომწერა კიდეც. მწერდა, რომ მისთვის ძალიან სასურველი ქალი ვიყავი, როგორც ამბობდა, ისეთი ფორმები მქონდა, რომ მას შემდეგ, რაც პირველად მნახა, ჩემი დავიწყება ვერ შეძლო. დეტალურად აღმიწერა, ჩემი პირველი დანახვისას რა მეცვა, და რომ ჩემი მკერდი განსაკუთრებით იზიდავდა.
ამასობაში, სკოლის პერიოდი დასრულდა. ცნობისმოყვარეობის გამო, ამ ადამიანს ერთხელ შევხვდი კიდეც. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა ჩემთვის უკიდურესად უსიამოვნო იყო. ამასობაში, ბევრი მოვლენა მოხდა: ქორწინების მიზნით გატაცება, რის გამოც ჩემი ცხოვრების 2-3 თვე დავკარგე... გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც კი გაიგო, რომ თავისუფალი ვიყავი, ამ ადამიანმა დევნა და თვალთვალი განაგრძო, იგივე მეთოდებით. აღარც სრულწლოვანი ვარ, აღარც სკოლის მოსწავლე, აღარც - „გათხოვილი“. ამიტომ, ჩემთან დაკავშირებით უფრო გათამამდა - მე ხომ უკვე „ჩამოლაბორანტებულის“, „განათხოვარის“ სტატუსი მქონდა. შორიდან მაკვირდებოდა, შემდეგ ამედევნებოდა, ვისთანაც ერთად არ უნდა ვყოფილიყავი, შემდეგ სახლამდე ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უკან მომყვებოდა, და ასე გაუთავებლად. ისეთი ტიპი იყო, რომ არავის ენახვებოდა. სავარაუდოდ, თავს იზღვევდა იმისგან, რომ მისი ვინაობა ან საცხოვრებელი ადგილი არ გამეგო. წლების მანძილზე ასეთი ქცევით, მან საკუთარი თავის რაღაცნაირი „გასაიდუმლოება“ შეძლო. მასთან პირადი კომუნიკაციის ძალზე იშვიათ შემთხვევებში, მუდმივად მაფრთხილებდა, რომ მის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა. მისი ადევნებები თითქოს გარკვეული თავშეკავებითაც ხასიათდებოდა - უნდოდა, დაემტკიცებინა, რომ „კარგი ტიპი“ იყო.
ერთხელაც, როდესაც ტელეფონით შეხვედრა მთხოვა, დავეთანხმე. არ ვიცი, ეს რა იყო - ამ ადამიანის მიმართ არასოდეს იოტისოდენა ინტერესიც კი არ მქონია. ამდენი წლის ჯიუტ დევნას ჩემს ფსიქიკაზე უკვალოდ არ ჩაუვლია და მასთან შეხვედრის მიზეზი ალბათ ამ ყველაფრის გარკვევის სურვილი იყო.
შეხვედრა გარეთ, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ უცებ დამირეკა და მითხრა, რომ სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და მახლობლად მდებარე კორპუსის მისამართი მომცა. დავურეკე, რომ მის კორპუსთან ვიყავი, მაგრამ ახლა სართული დამისახელა, რომელზეც უნდა ავსულიყავი. შიშის გრძნობა არ მქონია, არც მიფიქრია, რომ მასთან ასვლა შეიძლება გარკვეული საფრთხის შემცველი ყოფილიყო. თავიდანვე ვერ განვსაზღვრე, რომ ეს დაჟინებული ადევნებები ცუდის მომასწავებელი იყო. ამიტომ, დასახელებულ სართულზეც ავედი. სახლში შესულმა ფოტოალბომი მომაჩეჩა და მითხრა, რომ სულ მალე მზად იქნებოდა და კაფეში გავიდოდით.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ დღეს, ჩემი დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, გამაუპატიურა. როგორც აღმოჩნდა, სახლი ჩაკეტილიც ვყავდი. გარეთ მხოლოდ ჩემი დაჟინებული და ისტერიული მოთხოვნის შემდეგ გამიშვა - არა იმიტომ, რომ ჩემს მდგომარეობაზე დარდობდა, არამედ იმიტომ, რომ შეეშინდა. მოასწრო და იმაზეც გასაგებად მიმანიშნა, რომ ამის შესახებ არ უნდა მელაპარაკა.
ამ ამბიდან მხოლოდ 11 წლის შემდეგ ვნახე. ისევ ამედევნა, გარკვეულ მანძილზე გამომყვა.
წლების მანძილზე, წინა ხელისუფლების დროს, ეს ადამიანი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მას არც ამჟამინდელი ხელისუფლება „უწყრება“ და ახლაც გავლენიანი პირია. მას ყოველთვის ეგონა და დღემდე ჰგონია, რომ იმ ყველაფრის უფლება აქვს, რაც ჩემ მიმართ წლების მანძილზე ჩაუდენია. იგი ამას ძალიან მარტივად აღიქვამს: ამაში არაფერი არ „ტეხავს“, შეუძლია, ნებისმიერ ქალს აედევნოს და შემდეგ რაღაც ინტრიგები ჩაუხლართოს, თავისი მაჩოური მიხვრა-მოხვრა აჩვენოს... არადა, ერთი შეხედვით, ეს ამბავი სრულიად უწყინრად დაიწყო - ქუჩაში დისტანციურად ადევნებით. პირადად მე, ძალიან ბევრი წლის მანძილზე, ამ ამბის შესახებ არავისთან ხმა არ ამომიღია. დიდი ტრავმა იყო, მაგრამ მასთან გამკლავება საკუთარი ძალებით შევძელი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 2001-ში, 2003-ში და 2015-შიც ერთსა და იმავეს აკეთებს - უკან დაგყვებათ ან გზაზე გხვდებათ და გამუდმებით გითვალთვალებთ.
ამ ფაქტიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გავაანალიზე, რომ ეს ყველაფერი მძიმე პრობლემა იყო. მივხვდი, რომ ჩემნაირად, ამ თვალთვალ-ადევნებებით ძალიან ბევრი გოგო შეიძლება შეწუხებულიყო და არა მხოლოდ უბრალოდ შეწუხებულიყო - ასეთ მოვლენებს ხომ გამოვლინების უამრავი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. სრულიად ადვილი შესაძლებელია, რომ ამგვარი შემთხვევის შედეგად, შეწინააღმდეგების შემთხვევაში, მსხვერპლის სიცოცხლეც შეეწიროს…“.
ისტორია 3
"ასე 12-13 წლის ვიქნებოდი, რომ ჩემზე 5-6 წლით უფროსმა მეზობელმა ბიჭმა პირველად შემიყვანა თავის სახლში. ეზოში ერთად ვთამაშობდით და ჩემთვის უცხო ადამიანი არ იყო. იმ დროს მარკების შეგროვებით ვიყავი გატაცებული და მითხრა, ჩემთან შემოდი, მარკებს დაგათვალიერებინებო. როდესაც ბინაში შევყევი, ტუჩებში კოცნა დამიწყო, ჩემს ახლო მიზიდვას ცდილობდა, სველი ტუჩებით სხეულზე გულისამრევად მეხებოდა, მკლავები დამიკოცნა, რამდენჯერმე ვაგინაზე წაპოტინებაც სცადა. რა თქმა უნდა, ხელი ვკარი, წინააღმდეგობა გავუწიე, რის შემდეგაც კარი გამიღო და გარეთ გამიშვა. ეს ეპიზოდი ძალიან ცუდად დამამახსოვრდა, რადგან ეს ბიჭი ამ ამბის შემდეგაც ბევრჯერ „მექაჩებოდა“ სახლში. ახლა ვიცი, რომ ჩემი შემთხვევა არასრულწლოვანის გარყვნა და სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ მაშინ ეს არ ვიცოდი. მეგონა, ამ ამბის თქმა არავისთვის შეიძლებოდა. კარგი იქნება, თქვენი კამპანია არასრულწლოვანი გოგონებისთვისაც თუ გაითვალისწინებს საინფორმაციო სამუშაოს, რადგან ძალზე ბევრი მოზარდი გოგონა არსებობს, ვინც ასევე განიცდის სექსუალურ შევიწროებას ან უფროსების მხრიდან სექსუალური ხასიათის ძალადობას. მშობლები ამას ბავშვებს ხშირად ვერ უხსნიან. ამის შედეგად კი ის ხდება, რომ არც მოზარდმა და არც უკვე სრულწლოვანებაგადაბიჯებულმა გოგომ არ იციან, როგორ დაიცვან თავი ამ ამაზრზენი და ფსიქიკის გამანადგურებელი წნეხისგან. ზოგადად, არც მშობლებმა იციან, როგორ დაიცვან საკუთარი შვილები მოძალადეებისგან და შემვიწროებლებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო“.
0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0